Facebook Twitter

საქმე №ას-181-2020 28 აპრილი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ქ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ.ქ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მოპასუხე, მერია, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ წერილობით წარგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანება 2017 წლის 29 ივნისის №6 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენაზე.

3. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

4.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანების ბათილად ცნობისა და მერიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა.

4.2 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად დარჩა.

4.3 სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ მხარეებს შორის, 2017 წლის 29 ივნისს დაიდო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ №6 ხელშეკრულება, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანების საფუძველზე შეწყდა.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოსარჩელემ მერიის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა 2017 წლის 29 ივნისის №6 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანების ბათილად ცნობა და სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის შესახებ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილდა შესულია კანონიერ ძალაში.

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მერიის მიერ აღძრულ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია მხარეთა შორის, 2017 წლის 29 ივნისს, გაფორმებული №6 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის მართლზომიერება.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 29 ივნისის №6 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი აღიარებითი იყო.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპიროებებულია, არა ზოგადად, მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმასჯულების ინტერესით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ, საქმე Nას-148-138-2015; 27.11.2015წ.)

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდევა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს ის, რაც მას არ მოუთხოვნია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების გამოვლინებაა არა მხოლოდ ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა, კონტრაგენტის არჩევა და ა.შ, არამედ, ცალსახად, ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების შეწყვეტა. სახელშეკრულებო თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როდესაც კონტრაგენტი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას იყენებს იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ არსებობს, ანუ როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ აქვს მეორე მხარის მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძვლით. ასეთ ვითარებაში კეთილსინდისიერ კონტრაგენტს ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარის მიმართ წარმოეშობა ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მისი წარდგენის დროისათვის მიკუთვნებითი მოთხვნის წარდგენა შესაძლებელი იყო (მაგ. მოსარჩელეს შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგები - სახელშეკრულებო ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო განცდილი ზიანის, მათ შორის დაკარგული შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა აღეძრა მოპასუხის მიმართ). ბუნებრივია, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგან ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისას (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში მიღწეული ვერ იქნება. წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ბრძანების ბათილად ცნობა, თანმდევი შედეგის - დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთების გარეშე. წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოცემული სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და იგი განუხილევლად უნდა დარჩენილიყო საქმის წარმოების პირველსავე (დასაშვებობის შემოწმება) ეტაპზე.

16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო ნორმა - სსს-ის 186-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი და ნაცვლად სარჩელის მიღებაზე უარის თქმისა, დასაშვებად ცნო და განიხილა ისეთი აღიარებითი სარჩელი, სადაც მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი არ ყოფილა, ამასთან საქმის არსებითი განხილვისას სსსკ-ის არ გამოიყენა 187.2 მუხლი და არ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოსარჩელის სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

18. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა სასამართლო ვალდებული იყო საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოებები დაედგინა და სამართლებრივი შეფასება მიეცა მათთვის. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არ შეაფასა.

19. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, ხოლო მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელეს უარი უთხრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ყველა ხარჯისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.

20. ხელშეკრულების შეწყვეტა მოსარჩელეს პირდაპირ და უშუალო ზიანის აყენებს, ანუ მას აქვს სარჩელში დასმული საკითხისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ ბრძანება არ გაუქმდება მოსარჩელეს უფლება ეკარგება მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

21. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები არ დაურღვევია და ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელის უფლების აღდგენის შესაძლებლობას წარმოადგენს. სადავო ბრძანების ბათილად ცნობა წარმოშობს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს - მოსარჩელე მიიღებს უფლებას მიყენებულ ზიანზე იდავოს.

22. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ უნდა გაუქმდეს გადასაჩივრებული განჩინების ის ნაწილიც, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართებულობა.

27. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი იყო 2017 წლის 29 ივნისის №6 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №311540 ბრძანების ბათილად ცნობა და სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა.

28. უდავოა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც არ გასაჩივრებულა და აღნიშნული შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, შესაფასებელია მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებითია.

29. სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

30. გასაჩივრებული განჩინებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

17. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას და ყურადღებას ამახვილებს კასატორის მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვდა სადავო ურთიერთობის ფარგლებში ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობას, თუმცა აღნიშნულ საფუძველზე მას ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია. მან აღნიშნულის შესახებ მხოლოდ კერძო საჩივარში მიუთითა და განმარტა, რომ მისი მიზანი იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტით მიადგა.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერებას, მის მიზანს არ ამართლებს და ამ უკანასკნელის მხოლოდ სუბიექტურ ინტერესად უნდა შეფასდეს, რომელსაც არავითარი მატერიალურ-სამართლებრივი სარგებლის მოტანა მოსარჩელისათვის არ შეუძლია. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვა საბოლოოდ არ იწვევს მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს, მით უფრო, როცა მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვნია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

22. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

23. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები დაედგინა და სამართლებრივი შეფასება მიეცა მათთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ გარემოებებში, როდესაც მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი და დასაბუთებული არ ყოფილა, სასამართლო არ იყო ვალდებული დავის მატერიალურ საფუძველზე ემსჯელა, ვინაიდან, თუ სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ინტერესი არ იკვეთება აღნიშნული პირდაპირ სსსკ-ის 186-ე მხულის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, ხოლო 187-ე მუხლის მ-2 ნაწილის არსებობისას - საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება კონკრეტულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, თუმცა სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა განუხილველად დარჩა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილშიც, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, კანონიერია.

17. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობს სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ქ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე