Facebook Twitter

საქმე №ას-289-2019 31 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ჯ–ძე (პირველი მოსარჩელე, თანამოპასუხე მეორე სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. და გ. ჯ–ძეები (მოპასუხე)

მეორე მოსარჩელეები _ თ. და ა. ჯ–ძეები

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომლის ქონებიდან წილის გამოყოფა, გარიგების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელების ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ.ჯ–ძემ (შემდგომში პირველი მოსარჩელე, თანამოპასუხე მეორე სარჩელზე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში, თ. და გ. ჯ–ძეების (შემდგომში მოპასუხეები პირველ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 15 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თ.ჯ–ძის სახელზე 2016 წლის 05 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, აწ გარდაცვლილი მამის _ შ.ჯ–ძის სამკვიდრო ქონებიდან 1/3-ის მიკუთვნება და საკომპენსაციო თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

1.1.1. პირველი სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე და მისი აწ გარდაცვლილი ძმა _ გ.ჯ–ძე მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად, დაბადებიდან ცხოვრობდნენ ქედის რაიონის სოფელ ...... და წარმოადგენდნენ კომლის წევრებს. კომლს საკუთრებაში გააჩნდა 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი და 1983 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით. 1998 წლის 24 თებერვალს მეკომურთა კრების #2 ოქმით შ. ჯ–ძეს, პირველი კატეგორიის კომლის ზღვრული ნორმის შესავსებად დამატებით გამოეყო 0.05 ჰა მიწის ნაკვეთი. კომლის შემადგენლობა 1993 წლამდე არაერთხელ შეიცვალა, 1993 წლის დასაწყისში კომლის შემადგნელობაში იყვნენ ჯ–ძე შ., თ.ჯ–ძე _ ცოლი, მ.ჯ–რძე _ შვილი, გ. ჯ–ძე _ შვილი, გ.ჯ–ძე _ შვილი. 2015 წლის 17 ივნისს გარდაიცვალა შ. ჯ–ძე, 2016 წლის 10 აგვისტოს კი, გ.ჯ–ძე. კომლის მთლიანი ქონება აღირიცხა თ. და მ.ჯ–ძეების სახელზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით კომლის სადავო ქონება 2016 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო თ.ჯ–ძისა და მ.ჯ–ძის სახელზე (ს/კ #.... და #.....). 2016 წლის აგვისტოში მოპასუხეებმა მოსარჩელეს მოატყუეს, რომ საჭირო იყო საცხოვრებელი სახლის თ.ჯ–ძის სახელზე გაფორმება. მათ იცოდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ანაზღაურების სანაცვლოდ გადაეცემოდა სახელმწიფო ელექტროსისტემას, შესაბამისად, მოპასუხეებს სურდათ, მხოლოდ მათ მიეღოთ საკომპესაციო თანხა. მოსარჩელისთვის ცნობილია, რომ თ.ჯ–ძეს 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკომპესაციო თანხა ჩაურიცხა მყიდველმა, რომელსაც არ უნაწილებს არც მოსარჩელეს და არც ობოლ არასრულწლოვან შვილიშვილებს. თ.ჯ–ძემ 2017 წლის მაისში სს „ს.ს.ე–ას“ დაუდო ნასყიდობის ხელშეკრულება 5726 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და კომპენსაციის სახით მიიღო - 158 940 ლარი. ამ თანხის 1/3 ეკუთვნის მოსარჩელეს.

1.2. თ. და ა. ჯ–ძეებმა (მათმა კანონიერმა წარმომადგენელმა მ.ბ–ძემ, შემდგომში _ მეორე მოსარჩელეები) ასევე აღძრეს სარჩელი სასამართლოში თ.ჯ–ძის, გ. და მ.ჯ–ძეების წინააღმდეგ (მოპასუხეები მეორე სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარეები) და მოითხოვეს თ.ჯ–ძის სახელზე 2016 წლის 5 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, აწ გარდაცვლილი შ.ჯ–ძის სამკვიდროდან 1/3-ის მიკუთვნება, მ.ჯ–ძესა და თ.ჯ–ძეს შორის 2016 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხეების: თ.ჯ–ძისა და გ.ჯ–ძისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მიღებული საკომპესაციო თანხის 1/3-ის დაკისება.

1.2.1. მეორე სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მეორე მოსარჩელეების მამა _ გ.ჯ–ძე დაბადებიდან გარდაცვალებამდე მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა ქედის რაიონის სოფელ ...... და წარმოადგენდა კომლის წევრს. 1993 წლის დასაწყისში კომლის შემადგნელობაში იყვნენ ჯ–ძე შ.-შაქირ, თ.ჯ–ძე _ ცოლი, მ.ჯ–რძე _ შვილი, გ.ჯაძე _ შვილი, გ.ჯ–ძე _ შვილი. 2015 წლის 17 ივნისს გარდაიცვალა შ. ჯ–ძე. 2016 წლის 10 აგვისტოს გარდაიცვალა გ.ჯ–ძე. კომლის მთლიანი ქონება აღირიცხა თინა და მ.ჯ–ძეების სახელზე. თ.ჯ–ძემ შ. ჯ–ძის ქონება ისე მიიღო მემკიდრეობით, რომ არ დაასახელა სხვა მემკვიდრეები, მაშინ, როცა 2015 წლის 17 ივნისს გარდაცვლილი მამის ქონებას გ.ჯ–ძე დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით და ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად სადავო კომლში. 2016 წლის აგვისტოში თ. და გ. ჯ–ძეებმა მ.ჯ–ძეს მოტყუებით გადააფორმებინეს სადავო უძრავი ქონება თ.ჯ–ძის სახელზე, რის შემდგომ თ.ჯ–ძემ გაასხვისა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საკომპენსაციო თანხას დაეუფლა სრულად, რომლის 1/3 მეორე მოსარჩელეების საკუთრებაა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. თ.ჯ–ძემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, მის საკუთრებაში რეგისტრირებულია ოჯახის 245 კვ.მ ძირითადი საცხოვრებელი სახლი და 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც მისი სურვილითა და ნებით ცხოვრობს მოპასუხის შვილი, მოსარჩელე მ.ჯ–ძე მეუღლესთან ერთად, ასევე, მოპასუხის გარდაცვლილი შვილის _ გ–ის ცოლ-შვილი, რომელზეც ზრუნავენ ოჯახის წევრები, მათ შორის გ. ჯ–ძეც და უზრუნველვყოფენ მათ ნორმალურ ცხოვრებას. არავინ არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეების მამისეულ სახლში ცხოვრებაზე, თანხმა არიან ქონებაზე მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ბავშვები: თ. და ა. ჯ–ძეები იმ პირობით, რომ მათ სრულწლოვანებამდე არავის არ ჰქონდეს მათ სახელზე რეგისტრირებული ქონების განკარგვის უფლება. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობას, ის მიღებულია კანონიერად, თ.ჯ–ძემ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ, მიიღო სამკვიდრო ქონება. მემკვიდრეთაგან შვილებმა: გ. ჯ–ძემ და გ.ჯ–ძემ განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, სხვა მემკვიდრეებს არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის. სამკვიდროს მიღების შესახებ მისი გახსნიდან, 2015 წლის 17 ივნისიდანვე იცოდა პირველმა მოსარჩელემ, ამ დროიდან გავიდა 2 წელზე მეტი, მაგრამ მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით ითხოვა მის სახელზე რიცხული ქონების გადაფორმება, რადგანაც უნდოდა სოციალური დახმარების მიღება და მძიმე მდგომარეობაში მყოფი 80 წლის მოხუცი დედა, თ.ჯ–ძე გაჰყვა რეესტრში ქონების გადმოფორმებაზე. არასწორია მოსარჩელის აპელირება 2016 წლის 15 აგვისტოს გარიგების ბათილობაზე შინაარსის დაუდგენლობისა და ფორმის დაუცველობის საფუძვლით, ვინაიდან გარიგების შინაარსი მკაფიოა, ამ გარიგებით მოსარჩელემ ქონებაზე უარი თქვა დედის სასარგებლოდ და მესაკუთრედ დარჩა თ.ჯ–ძე, რაც დადასტურებულ და აღრიცხულ იქნა საჯარო რეესტრში. რეესტრი კი არის უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ორგანო და გარიგების მონაწილეთა შორის, მით უმეტეს დედა-შვილს შორის მოტყუების ფაქტი ვერ იარსებებდა, ვინაიდან დედამ ეს გარიგება დადო თვით პირველი მოსარჩელის თხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში გამჩუქებელი მიმართავდა შესაბამის სამსახურს 11 თვის მანძილზე ან ოჯახის წევრებს, მეზობლებს ეტყოდა, რომ მოატყუეს. უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურობის გამოვლენასთან დაკავშირებით, ვინაიდან უმადურობის ფაქტი არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოპასუხეები: დედა და ძმა პატივისცემით ეპყრობიან მას მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ დაძაბოს ურთიერთობა. პირველი მოსარჩელის ინტერესი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის მითვისებაა, რასაც ითხოვს უსაფუძვლოდ, რადგან გაყიდულ ქონებასთან მას არავითარი შემხებლობა არ აქვს, გაიყიდა გია ჯ–ძის კუთვნილი ქონება, სახლი, რომელიც აშენებულია მის მიერ, შესაბამისად, მოსარჩელეებს ამ ქონებაზე არავითარი უფლებები არ გააჩნიათ;

2.2. მოპასუხე გია ჯ–ძემ ასევე არ ცნო პირველი სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებასთან, რომლიც სს „ს.ს.ე–ამ“ შეისყიდა, არავითარი შემხებლობა არ აქვს, შესაბამისად, არც საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია, რადგანაც სახლი აშენებულია მოპასუხის მიერ და მიწის ნაკვეთიც არ არის მამისეული კომლის საკუთრება. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელესაც ერგებოდა წილი მამის კომლიდან და იყო ამ კომლის წევრი, მან დათმო თავისი წილი, რადგანაც ამ სახლში დარჩნენ მისი გარდაცვლილი ძის _ გ.ჯ–ძის შვილები და იმის მიუხედავად რომ მოპასუხე ცხოვრობს ცალკე, ის მაინც ზრუნავს გარდაცვლილი ძმის ოჯახზე;

2.3. მ.ჯ–ძემ ცნო მეორე სარჩელი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით პირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 15 აგვისტოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მ.ჯ–ძის მიერ დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქედის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #....) და პირველი მოსარჩელე ცნობილი იქნა თ.ჯ–ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3-ის თანამესაკუთრედ (ს/კ #......), ამავე გადაწყვეტილებით მეორე სარჩელი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მეორე მოსარჩელეები ცნობილ იქნენ თ.ჯ–ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3-ის თანამესაკუთრედ (ს/კ #.......).

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქედის არქივში დაცული მახუნცეთის სასოფლო საბჭოს სოფელ ........ 1986-1995 წ.წ. საკომლო წიგნების ამონაწერების თანახმად, 1986-1995 წლებში შ. ჯ–ძის კომლის წევრები იყვნენ:

ჯ–ძე შ.,

ჯ–ძე თ.,

ჯ–ძე რ. (ამოეწერა 14.07.1988),

ჯ–ძე მ.,

ჯ–ძე მ. (გათხოვდა 1989 წ.)

ჯ–ძე გ.,

ჯ–ძე გ. (ამოწერილია 30.11.1993)

კომლს ერიცხება 1983 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, ორი სასიმინდე და ბოსელი, 0,5 ჰა. მიწის ნაკვეთი;

1.2.2. ქედის რაიონის სოფელ ........ მეკომურთა კრების 1998 წლის 24 თებერვლის #2 საოქმო გადაწყვეტილებით შ. ჯ–ძეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 0,5 ჰა ზღვრული ნორმის შესავსებად დამატებით მიეზომა „შ.“ 0.05 ჰა, „ნ–ზე“ 0,15 ჰა, „ჩ–ში“ 0,05 ჰა;

1.2.3. შ. ჯ–ძე გარდაიცვალა 2015 წლის 17 ივნისს, ხოლო გ.ჯ–ძე - 2016 წლის 10 აგვისტოს. 2016 წლის 5 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შ. ჯ–ძის სამკვიდრო მიიღო თ.ჯ–ძემ, ხოლო, გ.ჯ–ძის გარდაცვალების შემდგომ მემკვიდრეები დარჩნენ მისი შვილები: თ.ჯ–ძე (დაბადებული 2014 წლის 11 ივლისს), ა.ჯ–ძე (დაბადებული 2012 წლის 4 ივლისს). მეუღლე _ მ.ბ–ძე არ იმყოფებოდა გარდაცვლილთან რეგისტრირებულ ქორწინებაში;

1.2.4. შ. ჯ–ძის კომლის ქონებაზე - 5000კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #.....) თანამესაკუთრედ ირიცხებოდა პირველი მოსარჩელე;

1.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე #21.01.... უძრავი ქონებიდან თავის საკუთრებაში არსებულ წილზე მ.ჯ–ძემ უარი განაცხადა და მესაკუთრედ აღირიცხა თ.ჯ–ძე;

1.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ჯ–ძის მიერ წარდგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე #21.01..... უძრავი ქონების თავის საკუთრებაში არსებულ წილზე მზევინარ ჯ–ძემ უარი განაცხადა და მესაკუთრედ აღირიცხა თ.ჯ–ძე;

1.2.7. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 23 თებერვალს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გია ჯ–ძის საკუთრებად 2017 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა 2993 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი) #21.01.... მიწის ნაკვეთი და 143,30 კვ.მ შენობა-ნაგებობები. აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს შ. ჯ–ძის კომლზე რიცხული ქონების ნაწილს;

1.2.8. 2017 წლის 18 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს.ს.ე–ამ“ თ. და გ. ჯ–ძეებისგან შეისყიდა მათ საკუთრებაში არსებული 5726 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებითა და მრავალწლოვანი ნარგავებით. ნასყიდობის საგანი არ წარმოადგენს შ.ჯ–ძის კომლზე 1985-1996 წწ რიცხულ ქონებას;

1.2.9. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ შ. ჯ–ძის სახელზე არსებული ყველა ჩანაწერები ეკუთვნოდა შ.ჯ–ძეს;

1.2.10. 2016 წლის 15 აგვისტოს გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მხარეებმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები წარუდგინეს (მ.ჯ–ძე მიუთითებდა, რომ ის თბილისიდან ჩამოიყვანეს მოტყუებით და რეესტრში დააწერინეს მხოლოდ ერთი თანხმობა თავის თანასაკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თავისი დედის - თ.ჯ–ძის სახელზე რეგისტრირებაზე, იმ მიზნით, რომ მიწის ნაკვეთი უნდა შეესყიდა სახელმწიფოს და თანასაკუთრებაში არსებობის პირობებში გართულდებოდა ხელშეკრულებების გაფორმების პირობები, რაც შეეხება თანასაკუთრებაში არსებული 245,36 კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №....) თ.ჯ–ძისათვის დათმობასა და მასზე რეგისტრაციას, ასეთი რამ მას არ განუხორციელებია და მისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა აღნიშნული ქონების თ.ჯ–ძის სახელზე რეგისტრაცია, როცა მას არ გააჩნდა ასეთი სურვილი, თ.ჯ–ძის განმარტებით კი, მ.ჯ–ძემ თავის თანასაკუთრებაში არსებული ქონების წილი საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით გადააფორმა დედის სახელზე, რადგან ის ქ.თბილისში იმყოფებოდა სოციალურ სამსახურში აღრიცხვაზე და არ უნდოდა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ყოფილიყო რაიმე ქონება). ამდენად, პირველმა მოსარჩელემ მხოლოდ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანასაკუთრების უფლების გაუქმებაზე განაცხადა თანხმობა და არა კომლის საკუთრებაში არსებულ, ამჟამად თ.ჯ–ძის სახელზე რეგისტრირებულ 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ #......). თ.ჯ–ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ #.....) 1/3-ის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ კომლის გარდაცვლილი წევრის _ გ.ჯ–ძის შვილები: ა. და თ.ჯ–ძეები აღნიშნულ ნაწილში, მოპასუხეთა მხრიდან სარჩელის ცნობის მოტივით;

1.2.11. 1500 კვ.მ #21.01... უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების სათანადო ფორმის დაცვის გარეშე დადების/მოტყუებისა და საკომპენსაციო თანხის მიკუთვნების ნაწილში პირველი მოსარჩელის პრეტენზიებთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი: თ.ჯ–ძესა და მ.ჯ–ძეს შორის 2016 წლის 15 აგვისტოს დადებული სადავო ხელშეკრულება (სახელწოდებით „გარიგება - ჩუქება“), დადებულია წერილობით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების თანახმად, გარიგება მხარეთა შორის დაიდო მ.ჯ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია 21.01...... მესაკუთრე მ.ჯ–ძემ ქონება უსასყიდლოდ გადასცა თ.ჯ–ძეს. გარიგების ტექსტი შემდეგი შინაარსისაა: „ჩვენ საჯარო რეესტრში #21.01.... კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეები: თ.ჯ–ძე პ/ნ ..... და მ.ჯ–ძე პ/ნ ..... შევთანხმდით მასზედ, რომ მ.ჯ–ძე უარს აცხადებს ამ გარიგებაში აღნიშნულ ქონებაზე და მესაკუთრე რჩება მხოლოდ თ.ჯ–ძე, რომლის პ/ნ .....“ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თ.ჯ–ძესა და მ.ჯ–ძეს შორის 2016 წლის 15 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა იმავე დღეს, 2016 წლის 15 აგვისტოს. გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეებმა იცოდნენ თუ რა გარიგებას დებდნენ, სასამართლო სხდომებზე მ.ჯ–ძის მიცემული განმარტების თანახმად, დედაზე უძრავი ქონების გადაფორმების შემდეგ მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს უძრავი ქონება წარმოადგენდა ნასყიდობის საგანს, რაც უნდა შეეძინა სს „ს.ს.ე–ას“, რის შემდეგაც ის და მისი ძმისშვილები მიიღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. მან ნამდვილად მოაწერა ხელი დოკუმენტს;

1.2.12. 2017 წლის 18 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ ს.ე–ამ“ თ. და გ. ჯ–ძეებისაგან 158 940 ლარად შეისყიდა მათ საკუთრებაში არსებული 5726 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებითა და მრავალწლოვანი ნარგავი ხეებით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კასატორსა და თ.ჯ–ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა და ნაჩუქარი ქონების განკარგვის შედეგად მიღებული საზღაურის მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს. ამასთანავე უდავოა, რომ თანხა, რომელიც პირველი სარჩელის მოპასუხეებმა ქონების გასხვისების შედეგად მიიღეს სამკვიდრო მასაში არ შედიოდა, არამედ, ეს თანხა სამკვიდროს მიღების შემდგომ მისი ნაწილის რეალიზაციის შედეგადაა მოპოვებული (სკ-ის 1328-ე მუხლი). საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე (2), 183-ე, 59-ე (1), 53-ე და 81-ე (1) მუხლები წარმოადგენს, ხოლო, კომპენსაციის მოთხოვნისა _ ამავე კოდექსის 976-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 979-ე (1) მუხლი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ფორმის თვალსაზრისით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, იგი დადებულია წერილობით და ამ გარიგებიდან წარმოშობილი უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა ამისა, უდავოა, რომ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება გარიგების არსებითი პირობები: ხელშეკრულების საგანი _ უძრავი ქონება; მისი უსასყოდლოდ საკუთრებაში გადაცემა; გამჩუქებელი და დასაჩუქრებული (სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის წინაპირობებზე არც კასატორი მიუთითებს და არც ქვემდგომ სასამართლოს დაუდგენია ნორმის წინაპირობების არსებობა). რაც შეეხება მოტყუებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოტყუების წინაპირობების მითითების/მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელსაც ამ მხრივ სარწმუნო გარემოებებზე არ მიუთითებია. საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დგინდება საკუთრების პირობით გადაცემის ფაქტი _ საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება (რაც ჩუქების უსასყიდლობიდან გამომდინარე, მის ბათილად ცნობას და თანხის სახელშეკრულებო მოთხოვნის ფარგლებში დაკისრებას გამოიწვევდა), ამდენად, ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია და დასაჩუქრებულს ქონების რეალიზაციის შედეგად მოპოვებული სარგებლის ანაზღაურების არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი ვალდებულება არ წარმოშობია. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, გარიგების ნამდვილობის საკითხებზე, ასევე, კონდიქციურ მოთხოვნებთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონიოს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი