Facebook Twitter

საქმე №ა-5220-ა-6-2018 30 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ი.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 და 30 სექტემბრის, 2017 წლის 26 ივლისის განჩინებების, ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვალს განცხადებით მომართა ი.ჯ–ძის წარმომადგენელმა და დამატებითი განჩინების გამოტანა იშუამდგომლა იმ საფუძვლით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე მიღებული შემაჯამებელი განჩინებით არ იქნა განხილული და გადაწყვეტილი, განცხადებაზე ი.ჯ–ძის მიერ საკასაციო სასამართლოში, წერილობით მოსაზრებებთან ერთად, წარმოდგენილი შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის განმცხადებლისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა საქმის სააგენტოს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის გამო.

3. განმცხადებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი განჩინების გამოტანასა და სააგენტოსათვის ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4 %-ის, დაკისრებას ითხოვს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით, ი.პ–ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ვ.ც–ის უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ი.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 და 30 სექტემბრის, 2017 წლის 26 ივლისის განჩინებების, ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება;

5. აღნიშნული განჩნების აღსრულებისთვის 2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცლის დედანი და განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 10 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, გაუგზავნა განმცხადებელს, მის მიერ მითითებულ მისამართზე.

6. 2020 წლის 1 დეკემბერს, განმცხადებელმა კვლავ მომართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის გაცემა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გაგზავნილი სააღსრულებო ფურცელი 2020 წლის 12 აგვისტოს მიიღეს შპს "ს.კ.ს–ის" ოფისში, თუმცა ადრესატს არ ჩაბარებია. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მობრუნებული გზავნილების რეესტრის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული გზავნილი არც საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებულა ფოსტიდან.

7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაამოწმა მითითებული გზავნილის შესახებ ინფორმაცია, 2021 წლის 21 დეკემბერს, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, დაუკავშირდა შპს "ს.კ.ს–ის" წარმომადგენელს, რომელიც უზენაეს სასამართლოს უწევს საფოსტო მომსახურებას, და გამოითხოვა ინფორმაცია გზავნილის ადგილსამყოფელის შესახებ.

8. შპს "ს.კ.ს–ის" დირექტორის ნ. მ–ის მიერ წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მათ გზავნილი უკან დაუბრუნეს უზენაეს სასამართლოს, თუმცა აღნიშნული გზავნილის რეესტრში გატარება გამორჩათ და ვერ ახერხებენ მისი დაბრუნების დადასტურებას. ამასთან, იგივე მიზეზით ვერ ეძებენ აღნიშნული გზავნილის არქივში მოძიებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის საკითხს და მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს მისი დუბლიკატი შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 267-ე მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება დასაშვება მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2671 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

10. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია სააღსრულებო ფურცლის გარეშე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.

11. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კონვერტი, რომლითაც ადრესატს გაეგზავნა სააღსრულებო ფურცელი, ნამდვილად გაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, 2020 წლის 12 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს "ს.კ.ს–ის" ოფისში და ვერ ჩაბარდა ადრესატს. თუმცა ფოსტამ, აღნიშნული კონვერტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნება ვერ უზრუნველყო და დაკარგა გზავნილი. აღნიშნული დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი პასუხიდან, რომელშიც უთითებენ, რომ გამორჩათ რეესტრში გატარება, ამ მიზეზით ვერ ადასტურებენ კონვერტის გამგზავნთან დაბრუნებას და ვერც არქივში არხერხებენ მის მოძებნას. ეს გარემოება უნდა შეფასდეს შპს "ს.კ.ს–ის" მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად და გზავნილის დაკარგვად.

12. აღნიშნული პასუხის საფუძველზე, უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს "ს.კ.ს–მა" ვერ უზრუნველყო მითითებული გზავნილის გამგზავნთან დაბრუნება, იმისთვის, რომ არ დაირღვეს მხარის უფლება და მან შეძლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის განჩინების აღსრულება, უნდა გაიცეს 2020 წლის 7 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე, 2671-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამოქალაქო საქმეზე №ა-5220-ა-6-2018 გაიცეს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის დამატებითი განჩინების საფუძველზე, ამ განჩინების აღსრულების მიზნით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე