Facebook Twitter

საქმე №ას-702-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჰ.ს–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება, გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ქ.მ–ის სარჩელი, მოპასუხე შპს "ჰ.ს–ის" მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, პირგასამტეხლოს დაკისრების და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ს.მ–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 13 აგვისტოს.

2020 წლის 20 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება, რადგან მარწმუნებელთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ს.მ–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 30 ოქტომბერს.

2020 წლის 4 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო მარწმუნებელთან დაკავშირება და მოითხოვა საპროცესო ვადის 10 ნოემბრამდე გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად კასატორის წარმომადგენელს, ს.მ–ძეს, ჩაბარდა 2020 წლის 8 დეკემბერს.

2020 წლის 15 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად კასატორის წარმომადგენელს, ს.მ–ძეს, ჩაბარდა 2020 წლის 8 დეკემბერს.

2020 წლის 15 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ქ.მ–ისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 9 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 14 დეკემბერს (ორშაბათი). ამდენად, კასატორის ვალდებული იყო ხარვეზი გამოეწსორებინა 2020 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან მაშინ მომართა სასამართლოს, როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2020 წლის 14 დეკემბერს, სასამართლოში კი იმავე წლის 15 დეკემბერსაა წარმოდგენილი. ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მხარე ვალდებულია განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს ვადა 2020 წლის 14 დეკემბერს ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბაჟი ამ ვადაშია გადახდილი, ხარვეზი აღმოფხვრილად ვერ ჩაითვლება, რადგან ის 1 დღის დაგვიანებით იქნა სასამართლოში წარმოდგენილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, და მას უნდა დაუბრუნდეს ლ.ჯ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 304 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ქ.მ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ჯ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 304 ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება N30154341, გადახდის თარიღი 2020 წლის 14 დეკემბერი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი