საქმე №ას-1066-2020 22 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ბ–ძე, ნ.ბ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ჯ.კ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სს "ჯ.კ–ის" სარჩელი ზ. და ნ.ბ–ძეების მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს ზ.ბ–ძეს, ფოსტის მეშვეობით, ჩაბარდა 2020 წლის 8 დეკემბერს.
2020 წლის 16 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობთ, კასატორებმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის დედანი და სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და ნ.ბ–ძეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, კასატორს ზ.ბ–ძეს, ფოსტის მეშვეობით, ჩაბარდა 2020 წლის 8 დეკემბერს.
დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს ვადის დარღვევით, 2020 წლის 16 დეკემბერს მომართა და წარმოადგინა 150 ლარის,სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ზ. და ნ.ბ–ძეებისთვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 9 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 დეკემბერს (სამშაბათი). ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი გამოესწორებინათ 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. მათ მაშინ მომართა სასამართლოს, როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2020 წლის 16 დეკემბერს, სასამართლოში კი, ფოსტის მეშვეობით, იმავე წლის 16 დეკემბერსა არის წარმოდგენილი. ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მხარე ვალდებულია განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს ვადა 2020 წლის 15 დეკემბერს ამოიწურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.და ზ.ბ–ძეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს, და მათ უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ბ–ძის და ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ბ–ძეს (პ/ნ ......) და ნ.ბ–ძეს ( პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ზ.ბ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადახდო დავალება №8, გადახდის თარიღი 2020 წლის 16 დეკემბერი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი