Facebook Twitter

საქმე №ას-1236-2020 5 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ხ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, ქ.მ–ძის სარჩელი ნ.ხ–ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მხარეები აპირებენ მორიგებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორ ნ. ხ–ას პირადად ჩაბარდა 2020 წლის 30 დეკემბერს.

2021 წლის 12 იანვარს კასატორმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ან შუამდგომლობა ხარვეზის სრულად გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ხ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტრონული ვერსია.

საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორ ნ.ხ–იას პირადად ჩაბარდა 2020 წლის 30 დეკემბერს.

2021 წლის 12 იანვარს კასატორმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ან შუამდგომლობა ხარვეზის სრულად გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით,სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა წარმოადგინა მხოლოდ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ან შუამდგომლობა ხარვეზის სრულად გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, არ წარმოუდგენია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ხ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 368-ე მუხლის მე-7 და 396-ე მუხლის მესამე ნაწილებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი