საქმე №ას-1543-2019 18 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ფ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.კ. ქ-ჰ.კ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.ფ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.კ. ქ-ჰ.კ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კლინიკა) მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რომელიც 2013 წლის 23 თებერვლიდან 2013 წლის 22 აპრილის ჩათვლით 3 800 ევროს, ხოლო 2013 წლის 22 აპრილიდან 2013 წლის 15 მაისის ჩათვლით 2 913 ევროს შეადგენს, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2012 წლის 22 აგვისტოდან დასაქმებული იყო შპს „ჰ.კ–ში“ (ამჟამად _ შპს „ნ.კ. ქ-ჰ.კ–ა“) დირექტორის თანამდებობაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 3 800 ევროს ეკვივალენტ ლარს. ხელფასი მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა ორჯერ: 2013 წლის 5 იანვარს (2012 წლის სექტემბერ-დეკემბრის) _ 25 803,60 ლარი და 2013 წლის 26 აპრილს (ერთი თვის) _ 6 824,20 ლარი. 2013 წლის 15 მაისს, საკუთარი განცხადების საფუძველზე მოსარჩელემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მისთვის დავალიანება, რითაც ირღვევა ნ.ფ–ის უფლებები.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის _ 32 627 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 31 ოქტომბერს დაფუძნდა კლინიკა, რომლის დირექტორადაც იმთავითვე დაინიშნა დ.ა–ძე. დირექტორის ინიციატივით გასხვისდა საწარმოს წილის 70% და შეიცვალა ხელმძღვანელობაც, შესაბამისად, დირექტორის თანამდებობაზე გამწესდა შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე. ამ უკანასკნელმა, პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე კაბალური ხელშეკრულებები გააფორმა მესამე პირებთან და თავადაც დაინიშნა შეუსაბამოდ მაღალი ხელფასი. დირექტორობის პერიოდში მას რეალურად არ შეუსრულებია რაიმე სამუშაო, რაც წაადგებოდა კომპანიას. მოპასუხის ქმედებების ანალიზისას დადგინდა დარღვევები, საკუთარი ინვოისით თავისსავე ანგარიშზე ირიცხავდა თანხას, თითქოს შრომის ანაზღაურების სახით. მითითებული დარღვევის აღმოჩენის შემდგომ დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ყოფილი დირექტორი იმავდროულად მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში და იღებდა ხელფასს. სასამართლოს სარჩელით მიმართეს მესამე პირებმა, რომლებთანაც კლინიკის ყოფილ დირექტორს ფიქტიურად ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, ასევე მოიქცა ნ.ფ–იც. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის მიერ მიღებული თანხებით კლინიკას მიადგა ზიანი, ვინაიდან ამ თანხის მიღების უფლებას არც კანონი და არც წესდება არ ითვალისწინებდა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. თავდაპირველმა მოპასუხემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიაში დროებით იქნა დანიშნული დირექტორად გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად, ბოლო თვეების განმავლობაში მის დირექტორად რეგისტრაციას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რის შემდგომაც თავად მოიხსნა თავი რეგისტრაციიდან. ამ დროისათვის მოსარჩელე დასაქმებული იყო სხვა ორგანიზაციაში. საზოგადოებას დირექტორისათვის ხელფასი არ დაუნიშნავს, იგი არ ყოფილა შეთანხმებული კომპანიის პარტნიორებთან. მას, როგორც დირექტორს, ხელთ ჰქონდა ყველა დოკუმენტი, ასევე, შეეძლო შეექმნა იგი. რაც შეეხება სასამსახურო ხელშეკრულებას, იგი მოსარჩელესთან არ გაფორმებულა. სახელფასო ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ კომპანიაში არსებული ხელფასების გათვალისწინებით (რომელიც არ აღემატება 400 ლარს) დირექტორს არ შეიძლებოდა ჰქონოდა მოთხოვნილი ოდენობით ხელფასი, რაც უკვე განხორციელებული ჩარიცხვების გაურკვევლობაზე მეტყველებს;
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ საზოგადოებიდან მიღებული თანხა წარმოადგენს დირექტორის შრომის ანაზღაურებას და არ შეიძლება უკანონოდ მიღებულად იქნას მიჩნეული, შესაბამისად, გამორიცხულია ზიანზე საუბარი. თვადაპირველმა მოსარჩელემ შეასრულა საზოგადოების წესდებითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რის სანაცვლოდაც მიიღო შესაბამისი ანაზღაურება, ამდენად, მიღებული ხელფასის დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი და შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
მოცემული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ამასთანავე, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმიფო ბაჟის _ 1 494 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში იგი დასაშვებია, ხოლო კასატორის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის ნაწილში წარმოდგენილი პრეტენზიები დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემული საქმე განხილულია საკასაციო პალატის მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მსგავსი კატეგორიის დავაზე მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოა კანონის 5.1. მუხლის სუბიექტს წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისგან გათავისუფლებულია. რაც შეეხება მის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას, ამ ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ, მიუხედავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისა, აპელანტს (მოსარჩელე) კვლავ დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი. ამდენად, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი დასაშვებია სწორედ ზემოაღნიშნული საფუძვლით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
1.4. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
2.1. რაც შეეხება მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
2.1.1. 2012 წლის 24 ივლისის, შპს „ჰ.კ–ის“ პარტნიორთა კრების ოქმით NDC-CM 2012-001 საზოგადოების დირექტორობიდან გამოწვეულ იქნა დ.ა–ძე. აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა და მიენიჭა საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ნ.ფ–ს;
2.1.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების თანახმად, ნ.ფ–ი 2012 წლის 22 აგვისტოდან წარმოადგენდა შპს „ჰ.კ–ის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, ხოლო 2013 წლის 28 მაისიდან საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად რეგისტრირებულია ნ.ა–ი. კლინიკის დირექტორის თანამდებობა მოსარჩელემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა 2013 წლის 15 მაისს;
2.1.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჰ.კ–ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ნ.კ. ქ-ჰ.კ–ა“, ამასთან, 2015 წლის 26 იანვრის მდგომარეობით ნ.ტ–ი წარმოადგენს შპს „ნ.კ. ქ-ჰ.კ–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;
2.1.4. საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული მიმოწერები და ინვოისები, რომლებითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ასრულებდა ორგანიზაციის მართვის ფუნქციას, კერძოდ: კადრების მოძიება-შერჩევას, საწარმოს აპარატურისა თუ სხვა მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას;
2.1.5. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებით ირკვევა, რომ ნ.ფ–ს ხელფასის სახით ერიცხებოდა სხვადასხვა ოდენობის თანხები პერიოდულად, კერძოდ, 2013 წლის 5 იანვარს ჩაერიცხა 25 803,60 ლარი, ხოლო 2013 წლის 26 აპრილს _ 6 824,20 ლარი;
2.1.6. საზოგადოებასა და მოსარჩელეს შორის წერილობითი სასამსახურო ხელშეკრულება არ დადებულა;
2.1.7. კომპანიის წესდების 7.1 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალება დირექტორს... 7.7. პუნქტის თანახმად კი, დირექტორი ადგენს საზოგადოების ბიუჯეტს. დირექტორი პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშებისა და საკონტროლო სისტემების შემუშავებაზე. მას ეკისრება პასუხისმგებლობა სათანადო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფაზე გადასახადებთან, საბაჟო მოსაკრებლებთან და სხვა გადასახადებთან დაკავშირებით. იგი პირადად არის პასუხისმგებელი ყველა ფინანსურ ოპერაციებზე.
2.1.8. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემობება იმის თოაბაზე, რომ მის მიერ გაწეული სამუშაო ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
2.3. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.7. მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 710-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება სასყიდლიანი სასამსახურო ურთიერთობის წარმოშობასა და დავალიანების არსებობაზე მითითების/დამტკიცების ტვირთი. თავის მხრივ, კანონი დასაშვებად მიიჩნევს, სასამსახურო ხელშეკრულების როგორც ზეპირი, ისე _ წერილობითი ფორმით დადების შესაძლებლობას, თუმცა, სხვაობა მტკიცების საშუალებაშია: თუკი წერილობითი ხელშეკრულების შემთხვევაში მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ მის არსებით პირობებს (სკ-ის 69-ე და 327.1 მუხლები), ზეპირი ხელშეკრულებისას არსებითი პირობების დადასტურება სარწმუნო მტკიცებულებით უნდა განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაში, რა საკვირველია, პირდაპირი დოკუმენტი არ იარსებებს, თუმცა, სადავო ფაქტის მტკიცება დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი საშუალებით, რომელთა კრიტიკული ანალიზის შედეგად სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბდეს შინაგანი რწმენა იმისა, რომ დავალების ხელშეკრულება სასყიდლიან ხასიათს ატარებდა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ანგარიშზე თანხის რამდენჯერმე ჩარიცხვა არ ადასტურებს ხელფასზე მხარეთა ზეპირი შეთანხმების არსებობას, რამდენადაც თანხის ჩარიცხვის საფუძველი _ #6 ბრძანება თავად მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის მიერაა გამოცემული, ვინაიდან ეს დოკუმენტი მოპასუხის მხრიდან შედავებულია, იგი არ შეიძლება საკმარის და მყარ მტკიცებულებად იქნას მიჩნეული. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, როგორც რწმუნებულს, საზოგადეობის მხრიდან არ ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლება, რის გამოც იგი პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდა, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი გარემოების _ ანაზღაურებაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტის მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, ამ თანხის დაყოვნების გამო რაიმე დამატებითი სანქციის დაკისრების საკითხს საკასაციო პალატა შეფასების გარეშე ტოვებს.
2.4. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის შრომის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
განსახილველ საკასაციო საჩივარს ერთვის გასაჩივრებული განჩინების ასლი. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, არამედ, პრეტენზიათა საფუძვლიანობა სასამართლოს მხრიდან მოწმდება საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომ სასამართლოებში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების სწორად შეფასების თვალსაზრით. ამ მხრივ საერთოდ გაუმართლებელია იმ დოკუმენტების ასლების წარდგენა, რომელთა კანონიერებაც უნდა შეაფასოს სასამართლომ. ამ გარემოებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს გასაჩივრებული განჩინებების ასლის მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დოკუმენტს უბრუნებს მის წარმომდგენს.
4. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ფ–ის საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნას დასაშვებად, ხოლო, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნას 2020 წლის 25 სექტემბერს, რის შესახებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობოთ მხარეებს.
3. ნ.ფ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.05.2019წ. #2ბ/4307-15 გადაწყვეტილების ასლი 26 (ოცდაექვსი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 324-349).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი