საქმე №ას-303-303-2018 17 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი, ქ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ტ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ისა და ქ.გ–ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო მეორე _ იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიმართ პირველი მოპასუხისათვის 11 472 აშშ დოლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხა 7 298,35 აშშ დოლარია, ხოლო სარგებელი _ 4 173,65 აშშ დოლარი) დაკისრების, ასევე, დავალიანების ამოღების მიზნით მეორე მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ #......, შემდგომში _ იპოთეკის საგანი) აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად, მოსარჩელემ მოითხოვა მსესხებლის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო #-244520 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა მეორე მოპასუხის უძრავი ქონებით. ამ მიზნით, 2012 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #ნ-244520/01. 2013 წლის 10 დეკემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო #38.0244520.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 25 000 აშშ დოლარი წლიურ 18% სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.5%-ით. საბანკო კრედიტის ვადა შეადგენდა 12 თვეს (2014 წლის 10 დეკემბრამდე). მსესხებელმა დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები, სესხის დაფარვის მიზნით თანხა ბანკში არ შეუტანია. 2016 წლის 20 მაისს მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, თუმცა ადრესატს იგი ვერ ჩაბარდა. 2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 11 472 (ძირი - 7 298.35 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 173.65 აშშ დოლარი) აშშ დოლარს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა 2013 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული სალაროს გასავლის #1 ორდერის ქსეროასლი (24 620 აშშ დოლარის გაცემის შესახებ) და განმარტა, რომ დოკუმენტის მიხედვით, 24 620 აშშ დოლარი ბანკიდან გატანილი აქვს მსესხებელს. ამ სესხის თაობაზე ბანკის მომსახურების ოფიცერი იყო ფ.ხ–ი, რომლის მიმართაც თაღლითობის ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება ბანკის კლიენტების კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე. ბანკის შიდა აუდიტმა შეისწავლა ფ.ხ–ის მიერ კლიენტების კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტები, გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა ფ.ხ–თან და ამ წესით დადგინდა, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული (25 000 აშშ დოლარიდან) სესხიდან 15 000 აშშ დოლარი მიითვისა ბანკის თანამშრომელმა ფ.ხ–მა, ამ თანხაზე მოთხოვნა მოხსნილია მოპასუხის მიმართ. გარდა ამისა, მათი განმარტებებიდან ირკვევა, რომ 10 000 აშშ დოლარი მიიღო მეორე მოპასუხემ. მომხდარი ფაქტის გამო, სადაზღვევო კომპანიამ ბანკს აუნაზღაურა ზიანი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც, მსესხებლისაგან მოსარჩელე მოითხოვს მხოლოდ დარჩენილი ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურებას.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხვლელი შესაგებელი წარადგინეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. პირველი მოპასუხის განმარტებით, 2012 წელს მისმა ნაცნობმა ე.ი–ძემ ბანკიდან აიღო სესხი (კრედიტოფიცერი იყო ფ.ხ–ი) 24 500 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული, სიღნაღის რაიონის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონება და მან შესაბამის დოკუმენტებზე მოაწერა ხელი. აღებული აგროსესხით ისარგებლა მოპასუხემაც. ამ დროისათვის იგი 19 წლის იყო, ენდობოდა ფ.ხ–ს და ვერ ერკვეოდა საბანკო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საკითხებში. ეს კრედიტი დროულად და სრულად იქნა დაფარული. სესხის დაფარვის შემდეგ, 2013 წელს მოპასუხეს დაუკავშირდა ბანკის კრედიტოფიცერი ფ.ხ–ი (რომელიც იყო მისი თანასოფლელი და კარგად იცნობდა) და უთხრა, რომ ამოწმებდა აუდიტის სამსახური, ე.ი–ძის სესხთან დაკავშირებით გამორჩენილი ქონდა ხელმოწერები და სთხოვა შეხვედრა, ასევე ხელის მოწერა დოკუმენტებზე. სწორედ ფ.ხ–ის მანქანაში მოაწერა მან ხელი დოკუმენტებს, რომლებიც, მოპასუხის ინფორმაციით, ე.ი–ძის სახელზე გაცემულ სესხის ხელშეკრულების შემადგენელი დოკუმენტები იყო. თანხა მას ბანკიდან არასოდეს გაუტანია. სარჩელში მითითებული თანხა სავარაუდოდ მთლიანად ფ.ხ–მა გაიტანა ბანკიდან და მიითვისა. მსესხებლის ინფორმაციით ფ.ხ–მა დაახლოებით 500-მდე ადამიანი მოატყუა, მიითვისა მათი თანხები, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თანხის მითვისების შემდეგ, ფ.ხ–ი მოპასუხესა და მის მამას შეხვდა სოფელში, უთხრა, რომ 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან 15 000 აშშ დოლარი თვითონ აიღო, ხოლო 10 000 აშშ დოლარი მეორე მოასუხეს გადასცა, რომელიც ამ უკანასკნელს აქვს გადასახდელი. მოპასუხის მოსაზრებით, შესაძლებელია სალაროს გასავლის ორდერებზე ფ.ხ–მა მოტყუებით მოაწერინა ხელი ისევე, როგორც სხვა დოკუმენტებზე, თუმცა, ბანკიდან მას თანხა არასოდეს გაუტანია.
მეორე მოპასუხის განმარტებით, მან ადრე გააკეთა განაცხადი სესხის აღების თაობაზე, მაგრამ ფ.ხ–მა უთხრა, რომ მისი განაცხადი ჯერ დაკმაყოფილებული არ იყო. მეორე მოპასუხემ იპოთეკით დატვირთა თავისი უძრავი ქონება, ხელი მოაწერა იპოთეკის ხელშეკრულებას იმ მიზნით, რომ სესხის ნაწილს მიიღებდა, მაგრამ თანხის გატანის თაობაზე არაფერი იცის და მას არანაირი თანხა არ მიუღია არც ფ.ხ–ისაგან, არც გ.მ–ისაგან და არც სხვა პირისაგან. რადგან სესხი ბანკის თანამშრომელმა მიითვისა, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა უკანონოა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებლის მოთხოვნის ნამდვილობა, ასევე, ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო სამართლებრივი საშუალების განკარგვის წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), წინამდებარე განჩინებით საკასაციო სასამართლო შეამოწმებს კასატორის შემდეგი პრეტენზიების საფუძვლიანობას:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის წინაპირობების მტკიცება დააკისრა კრედიტორს, რომელსაც წარდგენილი ჰქონდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, საბანკო კრდიტის ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება, გასავლის ორდერი, ანგარიშიდან ამონაწერი, რომლებიც მოწმობენ მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ფაქტს და იმ შემთხვევაშიც, თუკი გასავლის ორდერი არ იქნებოდა წარდგენილი, თავად ანგარიშზე თანხის განთავსება მოვალისათვის ამ თანხის საკუთრებაში გადაცემასთან უნდა იქნას გათანაბრებული. ამ მხრივ, სააპელაციო პალატა იშველიებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, თუმცა, მის საპირისპირო დასკვნებს ავითარებს. მოპასუხე მხოლოდ განმარტავდა, რომ მას თანხა ფიზიკურად არ გადასცემია და წარდგენილი ჰქონდა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რაც არ არის საკმარისი. დადგენილებაში აღწერილია დანაშაულის სავარაუდო სქემა (ბანკის თანამშრომელი კლიენტს უმტკიცებდა მოთხოვნილზე მეტი ოდენობის სესხს, რომელსაც თავად იღებდა იმ პირობით, რომ მეტობას დაფარავდა თანამშრომელი, რასაც არ ასრულებდა და მოტყუებით ეუფლებოდა სხვის ქონებას). ამ დადგენილებიდან ირიბად შეიძლება იკვეთებოდეს მსესხებლის მიერ თანხის მიღება, რომელიც შემდგომ გადაეცა კრედიტოფიცერს, სხვაგვარად მოპასუხის დაზარალებულად ცნობა ვერ მოხერხდებოდა, რადგანაც არ იარსებებდა ზიანის ფაქტი. საგულისხმოა, რომ გასავლის ორდერზე ხელმოწერა მოპასუხის მხრიდან შედავებული არ არის, მსესხებელს ამ კუთხით არც საექსპერტო კვლევა მოუთხოვია, თუმცა, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით შეაფასა ხსენებული და თავადვე იტვირთა ექსპერტის როლი, როდესაც დოკუმენტსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე შესრულებული მსესხებლის ხელმოწერების ურთიერთშედარებით დაადგინა მტკიცებულების არასანდოობა;
- განჩინებაში სასამართლო იშველიებს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლს, თუმცა, ბანკის წარმომადგენლის მხრიდან სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და გაურკვეველია ხსენებული ნორმის გამოყენების წინაპირობები;
- სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები სოლიდარული მოვალეები არიან. სარჩელი მოთხოვნის პირადი მოვალისა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის წინააღმდეგაა წარდგენილი, ეს ურთიერთობა დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც, ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გაესწორებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომა.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო პალატის დასკვნით:
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების თანახმად, 2013 წლის 10 დეკემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა #244520 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე, 10 წლის ვადით, წლიური 36%-ის დარიცხვის პირობით. ამავე დღეს, 2013 წლის 10 დეკემბერს, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, ამავე მხარეებს შორის გაფორმდა #38.0244520.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე, 12 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვის პირობით;
1.2.2. 2013 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა #244520/01 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც პირველი მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხის კუთვნილი, სიღნაღის რაიონის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონება;
1.2.3. აღნიშნული ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება ტექნიკურად უზრუნველყო ბანკის წ–ის წარმომადგენლობის საკრედიტო ოფიცერმა ფ.ხ–მა;
1.2.4. პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერით დასტურდება, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ ჩარიცხა კრედიტის თანხა 24 620 აშშ დოლარი;
1.2.5. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, პირველი მოპასუხის საკრედიტო დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 11 472 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი 7 298,35 აშშ დოლარი, სარგებელი კი _ 4 173,65 აშშ დოლარია;
1.2.6. მსესხებელს ბანკის წინაშე რაიმე გადახდა ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არ უწარმოებია;
1.2.7. 2013 წლის 10 დეკემბრის #1 გასავლის ორდერის თანახმად, პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან გატანილია 24 620 აშშ დოლარი. სალაროს გასავლის ორდერზე ხელს აწერს ბანკის პასუხისმგებელი მუშაკი ფ.ხ–ი და მოლარე. თანხის მიმღების ხელმოწერა დაფიქსირებულია ასო „გ-ს“ ფორმით. მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, თუ ვინ გაიტანა თანხა ანგარიშიდან: მსესხებლმა თუ ბანკის წარმომადგენლელმა ფ.ხ–მა;
1.2.8. პირველ მოპასუხეს კრედიტის თანხა - 25 000 აშშ დოლარი არ გადასცემია (მსესხებელს სესხის თანხა საერთოდ არ გადაუხდია, მისი სესხის ძირი თანხის დავალიანება 24 620 აშშ დოლარიდან შემცირებულია 7 298.35 აშშ დოლარამდე; მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბანკის თანამშრომელი ფ.ხ–ი ითვისებდა ბანკის კლიენტების კუთვნილ საკრედიტო თანხებს, რის გამოც, სადაზღვეო კომპანიამ ბანკის მოტყუებულ კლიენტებს ზოგს ნაწილობრივ, ზოგს კი _ მთლიანად აუნაზღაურა ბანკის თანამშრომლის მიერ მიყენებული ზარალი; საქმეში წარმოდგენილი გამოძიების მასალებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმე სს „კ.ს.ბ–ის“ საკრედიტო ოფიცრის ფ.ხ–ის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე არსებითად განსახილველად გადაგზავნილია სასამართლოში; მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებებით, პირველი მოპასუხის მიმართ ბანკის საკრედიტო ოფიცერ ფ.ხ–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, სადაზღვევო კომპანიამ ნაწილობრივ, 17 321.65 აშშ დოლარის ოდენობით, აანაზღაურა ზიანი, რის გამოც მოპასუხის მიმართ მოთხოვნა შემცირდა ანაზღაურებული თანხის ოდენობით. მისივე განმარტებით, სადაზღვევო თანხების გადახდა განხორციელდა ბანკის რისკის დაზღვევის ფარგლებში (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის სხდომის ოქმი). მსესხებლისათვის განკუთვნილი სესხის ნაწილი მიღებული აქვს იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, მეორე მოპასუხეს (იხ. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის სხდომის ოქმი 13.46.44წთ); ვინაიდან აპელანტის განმარტებები იყო წინააღმდეგობრივი, გაუგებარი იყო თუ რატომ, როგორ ან რა ოდენობით გაიცა იპოთეკის საგნის მესაკუთრე ქ.გ–ზე გ.მ–ისთვის განკუთვნილი სესხის ნაწილი, როდესაც სესხის ჩარიცხვა განხორციელდა პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე; ამასთან, საინტერესო იყო სადაზღვეო კომპანიამ რა სადაზღვეო შემთხვევის საფუძველზე და რა ოდენობით აუნაზღაურა სადაზღვეო თანხა ბანკს, იმ გარემოების გასარკვევად კონკრეტულ შემთხვევაში რა რისკი იყო დაზღვეული, რა სადაზღვეო შემთხვევას ჰქონდა ადგილი და რა ზიანი აუნაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ გამსესხებელს პირველი მოპასუხის საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საოქმო განჩინებით დაავალა ბანკს დამატებითი მტკიცებულებების _ სადაზღვეო მასალების წარმოდგენა სასამართლოსთვის (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის სხდომის ოქმი), თუმცა, აპელანტმა სასამართლოს დამატებითი მტკიცებულები არ წარუდგინა და სასამართლო მითითების შეუსრულებლობის არც რაიმე საპატიო მიზეზი მიუთითა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმი)).
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით განხილვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განთვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა არ დგინდება. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე, მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებსა და სააპელაციო პალატის მხრიდან ამ ფაქტების დადგენის სანდოობაზე.
1.3.2. განსახილველი მოთხოვნა სახელშეკრულებო სამართლიდან გამომდინარეობს, კერძოდ, საბანკო კრედიტის გამცემი მსესხებლისაგან მოითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომელიც სანივთო საშუალებით _ სხვა პირის უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 623-ე, 286-ე (1) და 301-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება სასყიდლიანი კრედიტის ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმების, კრედიტის თანხის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის, ამ ვალდებულების იპოთეკით უზრუნველყოფისა და მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების ფაქტების მითითება, ხოლო, იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანი და ნაწილდება სადავო ფაქტების მტკიცების ტვირთი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების მოთხოვნისას უმთავრესად ხელშეკრულების დადებას და არა ხელშეკრულების გაფორმებას ექცევა ყურადღება. მათ შორის სხვაობა კი, ძირითადად ხელშეკრულების ბუნებითაა განპირობებული, რამდენადაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობას და გარდა სპეციალური მოწესრიგებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (სკ-ის 867-ე-873-ე მუხლები), სესხის მარეგულირებელი წესები გამოიყენება, რომელთაგან უმთავრესი მისი რეალური ხასიათია. რეალური ხელშეკრულება კი, კონსესუალური ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, არა მხოლოდ არსებით პირობებზე შეთანხმებით, არამედ _ საგნის გადაცემით _ მაგ: თანხის საკუთრებაში გადაცემით ითვლება დადებულად. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა სახეზე გვქონდეს სესხის დაპირება, რომელიც მსესხებელს წარმოუშობს თანხის გადაცემის მოთხოვნის უფლებას და არა გამსესხებელს მისი დაბრუნების მოთხოვნას. საკასაციო პალატა, თავად მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმების, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ დაბრუნების პირობით თანხის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის მტკიცების ტვირთი ყოველთვის გამსესხებელს ეკისრება, რომელიც, თავად სესხის ნორმათა სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწმის ჩვენებაზე არ შეიძლება იყოს დაფუძნებული (სკ-ის 624-ე მუხლი).
1.3.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ პირველი მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. ამ მხრივ კასატორს მართალია გარკვეული პრეტენზია გააჩნია და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, თუმცა, საკასაციო პალატა არ იზიარებს ხსენებულს და განმარტავს, რომ ზოგადად საბანკო დაწესებულების მიერ რეალური ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებისათვის საკმარისია მსესხებლის/კრედიტის ამღების ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტის დადასტურება, საიდანაც ამ თანხის განკარგვა მხოლოდ მსესხებელს შეეძლება. ბანკის ამგვარი ქმედება სწორედ ფულის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი სამოქალაქო ვალდებულებებიც წარმოიშვება, თუმცა, განსახილველი შემთხვევა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება:
- მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია ბანკის იმ თანამშრომლის მხრიდან, რომლის მიმართაც დაწყებულია გამოძიება თაღლითობის ფაქტზე და მსესხებელი დაზარალებულადაა ცნობილი;
- თავად ბანკმა დაადასტურა გარკვეული თანხის მისი თანამშრომლის მიერ მითვისება, რაც შემდგომ, მისივე განმარტებით, სადაზღვევო შემთხვევად შეფასდა და აანაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ, შესაბამისად, ბანკი სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაწილობრივ აცხადებს მოთხოვნაზე უარს.
ამ გარემოებათა ერთობლივი შეფასება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას, ქმნის პრეზუმფციას, რომ თანხა პირველ მოპასუხეს არ გადასცემია. განსახილველი შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებიდან გამომდინარე, კრედიტის გამცემი ვალდებული იყო მეტად სარწმუნო მტკიცებულებები წარედგინა სასამართლოსათვის (პირადი ანგარიშიდან საიდენტიფიკაციო ნომრით, ე.წ პინკოდის გამოყენებით თანხის ავტორიზებული მომხმარებლის მიერ გატანა ან ბანკის სალაროდან თანხის გატანის ვიდეოჩანაწერი და სხვა). დაშვებულ ვარაუდს ვერ შეარყევს კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმადაც, სალაროს შემოსავლის ორდერის კანონიერება სასამართლომ თავისი ინიციატივით შეამოწმა, რამდენადაც მსესხებლის ხელმოწერის ნამდვილობის პირობებშიც კი, დელიქტური ქმედების მასშტაბიდან გამომდინარე, მხოლოდ ქვითარზე ხელმოწერა თანხის მსესხებლის მიერ მიღებას არ ამტკიცებს, ხოლო დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში რაიმე მითითება იმის თაობაზე, რომ თანხა პირველმა მოპასუხემ მიიღო და შემდეგ გადასცა კრედიტოფიცერს, არ მოიპოვება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს შინაგანი რწმენისათვის მნიშვნელოვანია ბანკის წარმომადგენლის ქმედებები, რომელთაც სამართლიანად გაუსვა ხაზი სააპელაციო სასამართლომ: მისი ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, რეალური ვითარების გადმოცემის შეუძლებლობა, თანხის ნაწილის ხან პირველი და ხან მეორე მოპასუხისათვის გადაცემა და ბანკის მხრიდან დაზღვევის მასალების წარდგენის შეუძლებლობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მართლაც უბრუნებს მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს და გაზიარებადს ხდის მოპასუხის შედავებას თანხის მიუღებლობისა და დოკუმენტებზე ხელის მოტყუებით მოწერის თაობაზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო სალაროს შემოსავლის ორდერთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა მოპასუხის თავდაცვის საშუალებებში არ არის მოშველიებული, თუმცა, ის ფაქტი, რომ მხარე მიუთითებს ხელის შესაძლო მოტყუებით მოწერასა და ფულის მიუღებლობაზე, სასამართლოს წარმოუშობს დოკუმენტის იურიდიული სანდოობის, მისი განკუთვნადობის შემოწმების ვალდებულებას.
1.3.4. იმ ვითარებაში, როდესაც საბანკო კრედიტის გამცემი თანხის კრედიტის ამღებისათვის გადაცემის ფაქტს ვერ ამტკიცებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ წარმოშობილა, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. რაც შეეხება იპოთეკის საგნისა თუ მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნას, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილიდან გამომდინარე, იპოთეკა აქცესორული უფლებაა და მისი არსებობა, ამავე კოდექსის 153.1 მუხლის თანახმად, მთავარი უფლების _ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ისეთ ვითარებაში კი, როდესაც არ დგინდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ნამდვილობა, არც მისი უზრუნველყოფის საშუალებას გააჩნია იურიდიული საფუძველი.
1.4. გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვების პროცესუალური დასაბუთება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საბანკო კრედიტის გამცემმა ვერ დაადასტურა კრედიტის ამღებისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობას, ამ ვითარებაში კი, შესრულების მოთხოვნის/მისი უზრუნველყოფის საშუალებების განკარგვის თაობაზე სარჩელი წარუმატებელია. ამდენად, სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ტ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი