საქმე №ას-297-2020
8 ივლისი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი.ტ–ია (მოპასუხე), დ.ტ–ა (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ჯ.ჭ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ტ–იას (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული იქნა დ.ტ–ა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ.ჭ–ძის სარჩელი ი.ტ–იას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხე ი.ტ–იამ, ასევე მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე დ.ტ–ამ და მოითხოვეს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 63-ე, 70-ე, 74-ე, 369-ე, 2591-ე, 364-ე, 373-ე და 374-ე მუხლებით.
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
4.2. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4.3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ორივე მხარე.
4.4. საქმეში დაცული ხელწერილით დგინდება, რომ გადაწყვეტილება მზად იყო 2020 წლის 5 თებერვალს.
4.5. პალატამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება 2020 წლის 12 თებერვალს. კერძოდ, აპელანტ ი.ტ–იას გადაწყვეტილება უნდა ჩაებარებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-8 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უაგვიანეს 30 დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა გადაწყვეტილება ჩაიბარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 13 თებერვალს, თუმცა, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 13 თებერვლიდან და ამოიწურა 26 თებერვალს. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დარეგისტრირებულია 2020 წლის 02 მარტს, ამასთან, სააპელაციო საჩივარს ერთვის საფოსტო შეტყობინება, რომლის თანახმად, ფოსტაში ჩაბარების თარიღად მითითებულია 2020 წლის 29 თებერვალი.
4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
4.7. დ.ტ–ას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, პალატამ სსკ-ის 364-ე მუხლზე (სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში) მითითებით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით დ.ტ–ა არის მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირს.
4.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ი.ტ–იას და დ.ტ–ას სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, ამასთან, დ.ტ–ა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირს, სააპელაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ი.ტ–იამ და დ.ტ–ამ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის დ.ტ–ას (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) განმარტებით, სსკ-ის 91-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა თანაბარი საპროცესო უფლბებით. ნორმის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, მესამე პირებს რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე შეზღუდული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ უფლება გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან სარჩელი (შეგებებული სარჩელი), მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. გასაჩივრების უფლების აკრძალავას ნორმა არ ითვალისწინებს. ამდენად, მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
5.2. სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს საპროცესო ნორმას, რის საფუძველზეც მიდის ასეთ დასკვნამდე. გასაჩივრებული განჩინება სამართლის ნორმის დარღვევითაა გამოტანილი, ვინაიდან სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 91-ე მუხლი.
5.3. რაც შეეხება მოპასუხე ი.ტ–იას, საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2020 წლის 15 თებერვალს და არა 13 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ი.ტ–იამ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა, ხოლო მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე დ.ტ–ა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირს.
8. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11.აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე.
13. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუსგ. დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
14. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე მხარე, თუმცა მას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 13 თებერვლიდან (აპელანტმა გადაწყვეტილება ჩაიბარა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს) და ამოიწურა 26 თებერვალს. - 13 თებერვალს.
15. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დარეგისტრირებულია 2020 წლის 02 მარტს, ამასთან, სააპელაციო საჩივარს ერთვის საფოსტო შეტყობინება, რომლის თანახმადაც ფოსტაში ჩაბარების თარიღად მითითებულია 2020 წლის 29 თებერვალი.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, ი.ტ–ას სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელზეც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
19. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ხელწერილზე, რომლითაც ნათლად დასტურდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მზად იყო 2020 წლის 5 თებერვალს (იხ. მოსარჩელე ჯ.ჭ–ძის ხელწერილი გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, ტომი II, ს.ფ 189)
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არსებობდა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
21. კერძო საჩივრის ავტორის დ.ტ–ას პრეტენზიის პასუხად საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:
22. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩლეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.
23. „სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად.
24. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ სამოქალაქო საქმეში მესამე პირად მონაწილეობდა. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა თუ გადაწყვეტილებამ მესამე პირის უფლებაზე არსებითი გავლენა მოახდინა, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს, ხომ არ აქცია გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ მესამე პირი მხარედ.
25. კერძო საჩივრის ავტორი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირია, შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის - ი.ტ–იას საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია.
26. მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რომლებიც ჩამოთვლილია სსსკ-ს 83-ე მუხლში. ამასთან ერთად, სსსკ-ის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც ვერ ისარგებლებს მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ასეთ მესამე პირს არ შეუძლია, აგრეთვე, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები), აგრეთვე შეიტანოს კერძო საჩივარი (სსსკ-ის 414-ე მუხლი). (იხ. სუსგ. #ას-478-478-2018წ, 22/06/2018წ)
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტებს, მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ უკავშირდება, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ #ას-246-246-2018, 20.მარტი 2018 წ, #ას-25-25-2018, 4 მაისი 2018წ).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.ტ–იას და დ.ტ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე