საქმე №ას-297-2020
17 თებერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორები – ი.ტ–ია (მოპასუხე), დ.ტ–ია (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ.ჭ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ტ–იას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე.
მოპასუხე ი.ტ–იამ სარჩელი არ ცნო.
დ.ტ–ია წარმოადგენდა მესამე პირს საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ.ჭ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა – ი.ტ–იამ და დ.ტ–იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით ი.ტ–იას და დ.ტ–ის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი.ტ–იმ და დ.ტ–იმ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე. ი.ტ–იას და დ.ტ–ის დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ი.ტ–იას და დ.ტ–ის წარმომადგენელმა 2020 წლის 2 ივნისს წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2020 წლის 11 ივნისს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს განცხადება და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით ი.ტ–იას და დ.ტ–იას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით ი.ტ–იას და დ.ტ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 25 აგვისტოს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ი.ტ–იას და დ.ტ–იას დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დაევალათ ამ ვადაშივე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სტანდარტების დაცვით გარკვევით მიეთითებინათ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" პუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 2 ნოემბერს ი.ტ–იას და დ.ტ–იას წარმომადგენელმა წარმოადგინდა განცხადება და მოითხოვა 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 7 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ი.ტ–იას და დ.ტ–იას მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; ი.ტ–იას და დ.ტ–იას 7 (შვიდი) დღით გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დავალათ ამ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დაევალათ ამ ვადაშივე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სტანდარტების დაცვით გარკვევით მიეთითებინათ რა წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" პუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.ტ–იას და დ.ტ–იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ასევე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ი.ტ–იას და დ.ტ–იას მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; ი.ტ–იას და დ.ტ–იას 7 (შვიდი) დღით გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დავალათ ამ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დაევალათ ამ ვადაშივე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სტანდარტების დაცვით გარკვევით მიეთითებინათ რა წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" პუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა ი.ტ–იასა და დ.ტ–იას საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ი.ტ–იას 2020 წლის 25 ნოემბერს.
განმცხადებლები ვალდებულნი იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შეევსოთ 2020 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის, რაც ი.ტ–იასა და დ.ტ–იას განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.ტ–იასა და დ.ტ–იას განცხადება, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 372-ე, 399-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.ტ–იასა და დ.ტ–იას განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე