საქმე №ას-848-2020
15 თბერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი შპს ,,კ.გ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ი–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,კ.გ–იმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი–ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,კ.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; დაეკისრა შპს “ი–ოს“ (ს/კ ......) შპს „კ.გ–ი“-ს (ს/კ ......) სასარგებლოდ 76 876 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2306.28 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ი–ომ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ი–ო“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „კ.გ–ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს ,,კ.გ–იმ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს ,,კ.გ–ის“ მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს ,,კ.გ–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4012 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,კ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს ,,კ.გ–ის“ მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს ,,კ.გ–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4012 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს გ.ც–ას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა მარწმუნებლის თანამშრომელს ნ.ნ–ძეს 2020 წლის 30 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 31 ოქტომბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 9 ნოემბერს.
კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2020 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,კ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე