საქმე №ას-951-2020
11 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი პ.ს–ძე, ლ.ს–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე სს ,,თ.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისში, ..... მდებარე №39 ბინა (შემდეგში: სადავო ქონება ან უძრავი ნივთი) სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, საზოგადოება) საკუთრებაა და მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ პ.ს–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ლ.ს–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე, შემდეგში ორივე მოპასუხე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც: მოპასუხეები, კასატორები).
2. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად იმაზე მიეთითა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელე იყო, რაც მოპასუხეებს ქონების მესაკუთრისათვის გადაცემას ავალდებულებდა.
3. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. ისინი დაეთანხმენ სარჩელში მითითებული ფაქტებს, მოსარჩელის მესაკუთრეობისა და მათ მიერ უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ. ამასთან, მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ მოცემულ ეტაპზე სარჩელის აღძვრა არასწორი იყო, რადგან მოდავე მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და იგი გამოთავისუფლებული სახით მოსარჩელეს გადაეცა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით: სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა; უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და იგი გამოთავისუფლებული სახით მოსარჩელეს გადაეცა.
6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172.1 მუხლის საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
6.2. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 10 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დანიშნა, რის შესახებაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით აცნობა. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ პირველი მოპასუხე, მეორე მოპასუხე არ გამოცხადებულა. მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში გადაზარდა და სარჩელი დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70.1 მუხლის (მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი) შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის თაობაზე სასამართლოს მეორე მოპასუხისთვისაც უნდა ეცნობებინა, მაგრამ ასე არ უმოქმედია. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქმის განხილვა ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მოხდა, რომელსაც შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ მიუღია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), თუმცა საქმეზე ახალი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღო (სსსკ-ის 385.2 მუხლი). ზემოაღნიშნული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა: ა. მოპასუხეები სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას არ შედავებიან და მათ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, რის გამოც სსსკ-ის 201.4 მუხლის საფუძველზე დაკარგეს სარჩელში მითითებულ ფაქტებზე შედავების უფლება; ბ. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ზეპირი მოსმენა დანიშნა და მოპასუხეებს ახსნა-განმარტების საშუალება მისცა, მაგრამ მათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე პოზიცია არც ამ შემთხვევაში არ გამოუთქვამთ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის გადაწყვეტა თავადვე შეეძლო და წინამდებარე განჩინების 6.1 პუნქტში მითითებულ საფუძველზე სარჩელი დააკმაყოფილა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:
7.1. მოპასუხეთა უფლებები ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაირღვა. ეს იმაში გამოიხატა, რომ მოსამზადებელ სხდომაზე საქმის განხილვა მეორე მოპასუხის მონაწილეობის გარეშე მოხდა, რომელიც ამ პროცესს საპატიო მიზეზით (მეუღლის გარდაცვალების გამო) არ ესწრებოდა და რომელმაც სასამართლოს კანონით დადგენილი წესით აცნობა აღნიშნულის თაობაზე. უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში გადაზარდა და იმავე დღეს დაასრულა კიდეც საქმის განხილვა. მართალია, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში კი არ დააბრუნა ხელახლა განსახილველად, არამედ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არასწორია, ვინაიდან ამის შედეგად მოპასუხეთა დარღვეული უფლებების აღდგენა არ მომხდარა, კერძოდ, მეორე მოპასუხეს საქმის განხილვაში სრულყოფილად მონაწილეობის უფლება არ მისცემია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
12. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხეები უძრავი ნივთის მფლობელები არიან. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. უფრო მეტიც, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეებს არ უარყვიათ, რომ უძრავ ნივთს ფლობენ, ისინი ამ ნივთზე არც მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტს არ შედავებიან. ეს იმას ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეებს არ აქვთ მისი ფლობის უფლება.
14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორების მიერ იმაზე მითითება, რომ რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზარდის შესახებ მეორე მოპასუხეს (რომელიც აღნიშნულ სხდომას საპატიო მიზეზით ვერ ესწრებოდა) კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა, სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში უნდა დაებრუნებინა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, შემდეგი გარემოების მხედველობაში მიღება, კერძოდ: დადგენილია, რომ მოპასუხეები თავიანთ შესაგებელში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს არ შედავებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ფაქტობრივად ცნეს სარჩელი. ასეთ დროს, კანონით მოპასუხეს ერთმევა უფლება, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს მოგვიანებით შეედავოს (სსსკ-ის 201.4 მუხლი). ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, მოსამზადებელი და მთავარი სხდომები პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე მოპასუხის მონაწილეობითაც რომ განეხილა, მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტებზე აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ იქონიებდა და მათ ვერ გააქარწყლებდა. როგორც ზემოთ განიმარტა, საქმეზე დადგენილი ფაქტები უდავოდ ცხადყოფს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას, რაც სსკ-ის 172.1 მუხლით მისი დაკმაყოფილების საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არც მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე მეორე მოპასუხის დასწრება და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება, საქმეზე დამდგარ შედეგს ვერ შეცვლიდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლო კანონით თავადაც იყო უფლებამოსილი საქმე უკან არ გადაეგზავნა და იგი თვითონ განეხილა (სსსკ-ის 385.2 მუხლი). როგორც გამოირკვა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით მოხდა, სადაც მოპასუხეებს თავიანთი პოზიციების გამოხატვის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ. ამდენად, პალატას კასატორის ზემომითითებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. პ.ს–ძის და ლ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. პ.ს–ძეს (პ/ნ ......) და ლ.ს–ძეს (პ/ნ ......) უკან დაუბრუნდეთ ნ.ლ–ას (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება N24344791, გადახდის თარიღი 16/10/2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე