¹ბს-860-824(კს-06) 15 ნოემბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 მარტს მ. ფ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ქმედების განხორციელების დავალება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 1992 წლის დეკემბერში შეიძინა შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები, რომელთა მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 10 წლით, 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 2002 წლის 1 ოქტომბრამდე. ობლიგაციების მეორე გვერდზე მოცემული იყო საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობები, რომელიც მოსარჩელის მიმართ არ შესრულებულა. აღნიშნული პირობების თანახმად, მოსარჩელეს, როგორც ობლიგაციების მფლობელს, განსაზღვრული ჰქონდა შემოსავლის მიღების უფლება, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა შემოსავალი სპეცტირაჟებში გათამაშებული მოგების ფორმით. სესხის პირობების თანახმად, ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარებოდა შესყიდვას, 2004 წლის 1 იანვრამდე უნდა შესყიდულიყო, რაც არ განხორციელებულა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2003 წლის 28 ნოემბერს წერილობით აცნობა, რომ აღნიშნული დავალიანება შიდა ვალს წარმოადგენდა და მისი დაფარვა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნებოდა ამ სახის დავალიანების დაფარვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის 104000 მანეთის ღირებულების ობლიგაციების შესყიდვისა და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული მატერიალური ზიანის, 250000 აშშ დოლარის, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ფ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გაშვების გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
მოცემული განჩინება მ. ფ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:
მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება 2006 წლის 10 ივლისს პირადად ჩაჰბარდა, შესაბამისად, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა იწურებოდა 24 ივლისს. მის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილ იქნა 24 ივლისს, რისი დასტურიც კერძო საჩივარს თან ერთოდა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 31 ივლისს სასამართლოში შეტანილ იქნა ვადის დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და მისი არსებითად განხილვა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ მ. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება მ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ფ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება პირადად ხელზე ჩაიბარა 2006 წლის 10 ივლისს (ს.ფ. 43). აქვე დგინდება, რომ მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შევიდა 2006 წლის 31 ივლისს, თუმცა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში 2006 წლის 24 ივლისს იქნა წარდგენილი (ს.ფ. 62-64).
საკასაციო სასამართლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამრიგად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ფ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2006 წლის 10 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის ფოსტაში შეიტანა იმავე წლის 24 ივლისს, აღნიშნული მოწმობს, რომ მ. ფ-ს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, ვადის გაშვების მოტივით, განუხილველად არ უნდა ყოფილიყო დატოვებული.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება ვადის გაშვების გამო მ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.