საქმე №ას-646-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კერძო საჩივრის ავტორები – იბა „ა.ჩ–ის“ წევრები: ი.მ–ცი, მ.ჩ–ი, მ.რ–ი, ა.ვ–ი (მოპასუხეები)
II კერძო საჩივრის ავტორები – იბა „ა.ჩ–ის“ წევრები: ნ.ბ–ძე, ნ.გ–ი, ვ.ნ–ი, მ.ი–ი, თ.ყ-დ–ძე, ბ.ყ–ი, ს.კ–ი, ო.კ–ი, ა.ჰ–ი, ნ.ბ–ი, მ.დ–ძე, გ.ბ–ი, ე.პ–ძე, თ.დ–ი, თ.ლ–ა, რ.თ–ძე, ნ.გ–ი, რ.გ–ი, ი.მ–ი (ი.მ–ის უფლებამონაცვლე), ი.ქ–ი, ს.ი–ი, გ.მ–ი, ი.გ–ი, მ.ქ–ძე, გ.მ–ი, ი.მ–ძე, გ.ც–ი, თ.დ–ი, ე.ს–ი, თ.ს–ი, თ.ს–ი, თ.ტ–ი, ა.ა–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.გ–ას უფლებამონაცვლე გ.გ–ა, ი.ჟ–ა (მოსარჩელეები)
მოპასუხეები - იბა „ა.ჩ–ის“ წევრები: ე.მ–ძე, მ.მ–ი, მ.ხ–ი, მ.ლ–ი, ი.ს–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -
ხ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება
I კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
II კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.ჟ–ამ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და ხ.ა–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში იბა „ა.ჩ–ის“ (შემდგომში - „ამხანაგობა“) თავმჯდომარე მ.ხ–ისა და ამავე ამხანაგობის წევრების: თ.დ–ის, ო.კ–ის, ს.კ–ის, ე.ს–ის, ვ.ნ–ის, ა.ა–ის, ე.ი–ას, ე.პ–ძის, თ.დ–ის, ი.მ–ის, ნ.გ–ძის, ი.გ–ის, მ.რ–ას, ი.მ–ცის, მ.ჩ–ის, ა.ვ–ის, გ.ც–ის, რ.კ–ის, ი.მ–ძის, ნ.ბ–ძის, ე.მ–ძის, ნ.გ–ის, მ.დ–ძის, რ.თ–ძის, თ.ლ–ას, მ.მ–ის, გ.მ–ის, ს.ი–ის, გ.მ–ის, ნ.გ–ძისა და ბ.ყ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა მ.ჩ–ის, ი.მ–ცის, მ.რ–ისა და ა.ვ–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოიყო; მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ხ.ა–ძის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ი.გ–ა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“); საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოსარჩელის მხარეზე ჩაერთო ხ.ა–ძე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი მ.ჩ–ის, ი.მ–ცის, მ.რ–ისა და ა.ვ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე ორივე მხარემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
9. 2018 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეების წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა შუამდგომლობით მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე საქმეში მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ გ.გ–ას ჩაბმის თაობაზე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქმეში მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაერთო გ.გ–ა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლე“).
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველია მეორე მოსარჩელესა და მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლეს შორის 2017 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ წერილობითი გარიგება, რომლის თანახმად, მეორე მოსარჩელემ 2009 წლის 28 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მის უფლებამონაცვლეს დაუთმო. მოთხოვნის უფლება მეორე მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის 2009 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ამხანაგობის წევრებმა: ი.მ–ცმა, ა.ვ–მა, მ.რ–მა და ლ.ტ–მა (შემდგომში - „I კერძო საჩივრის ავტორები“).
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება ასევე გაასაჩივრეს ამხანაგობის წევრებმა: ს.კ–მა, ო.კ–მა, მ.ი–მა, ე.პ–ძემ, ი.მ–მა, ნ.ბ–ძემ, ნ.გ–მა, ვ.ნ–მა, თ.ყ–მა, ბ.ყ–მა, ა.ჰ–მა, ნ.ბ–მა, მ.დ–ძემ, გ.ბ–მა, ა.ა–მა, თ.დ–მა, თ.ლ–ამ, რ.თ–ძემ, ნ.გ–მა, რ.გ–მა, ი.კ-ქ–მა, ს.ი–მა, გ.მ–მა, ი.გ–მა, მ.ქ–ძემ, გ.მ–მა, ი.მ–ძემ, გ.ც–მა, თ.დ–მა, ე.ს–მა, თ.ს–მა, თ.ს–მა, თ.ტ–მა და ი.ს–მა (შემდგომში - „II კერძო საჩივრის ავტორები“).
14. I კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1.სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე გ.გ–ა მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნო. ხელშეკრულების მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეორე მოსარჩელემ მოპასუხე მხარეს შეატყობინა უფლებამონაცვლეობის შესახებ და ყველა საჭირო საბუთი გააფორმა მასთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოთხოვნის დამთმობი ვალდებულია შეატყობინოს მოვალეს მოთხოვნის დათმობის შესახებ და გააფორმოს მასთან ყველა საჭირო დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. მეორე მოსარჩელეს არც უფლებამონაცვლისათვის შეუტყობინებია მოპასუხე მხარის პრეტენზიები;
14.2.I კერძო საჩივრის ავტორები არ ფლობდნენ ინფორმაციას უფლებამონაცვლეობის შესახებ. მათმა წარმომადგენელმა დასახელებული ფაქტის შესახებ 2018 წლის 13 თებერვალს საქმის მასალების გაცნობისას შეიტყო. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მუხლები დადგენილ ფაქტებად არის მიჩნეული;
14.3.სასამართლომ უგულვებელყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის სადამფუძნებლო აქტი. სადამფუძნებლო აქტი ერთადერთი სამართლებრივი საფუძველია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო. ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ხ–ი 2009 წლის 28 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ამხანაგობის უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო;
14.4.მეორე მოსარჩელე დაკავშირებულია ნოტარიუს ნ.გ–თან, რომელმაც 2007 წლის 27 ნოემბერს დაამოწმა ამხანაგობის სადამფუძნებლო აქტი, ისე რომ ტექსტში მოხსენიებულ ერთ-ერთ პირს დოკუმენტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. საქმეში მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლის ჩართვა სწორედ მეორე მოსარჩელესა და ნოტარიუსს შორის კავშირისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების დასაფარად მოხდა. საქმეში უფლებამონაცვლის ჩართვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ უკანასკნელს ნოტარიუსის ქმედებებთან კავშირი არ აქვს;
14.5.სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეზუსტებინა ფლობდა თუ არა მოპასუხე მხარე უფლების დათმობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას და ნამდვილად გაფორმდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული საბუთები მეორე მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეს შორის;
14.6.გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებით მოპასუხე მხარეს ერთმევა საშუალება წარუდგინოს ის პრეტენზიები უფლებამონაცვლეს, რომელსაც მეორე მოსარჩელესა და ხ.ა–ძეს უყენებდა.
15. II კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითეს I კერძო საჩივრის იდენტურ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 14.1. -14.6. პუნქტები).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ი.მ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი.მ–ი; კერძო საჩივარი ა.ა–ის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ამხანაგობის წევრების: ი.მ–ცის, მ.ჩ–ის, მ.რ–ისა და ა.ვ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით ამხანაგობის წევრების: ნ.ბ–ძის, ნ.გ–ის, ვ.ნ–ის, მ.ი–ის, თ.ყ-დ–ძის, ბ.ყ–ის, ს.კ–ის, ო.კ–ის, ა.ჰ–ის, ნ.ბ–ის, მ.დ–ძის, გ.ბ–ის, ე.პ–ძის, თ.დ–ის, თ.ლ–ას, რ.თ–ძის, ნ.გ–ის, რ.გ–ის, ი.მ–ის (ი.მ–ის უფლებამონაცვლე), ი.ქ–ის, ს.ი–ის, გ.მ–ის, ი.გ–ის, მ.ქ–ძის, გ.მ–ის, ი.მ–ძის, გ.ც–ის, თ.დ–ის, ე.ს–ის, თ.ს–ის, თ.ს–ისა და თ.ტ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ამხანაგობის წევრის ი.ს–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
24. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
25. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა არის მოთხოვნის დათმობა. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა [სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული], მათ შორის მის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობა [სსკ-ის 254-ე მუხლი].
28. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებსა და გამომრიცხავ გარემოებებს, კერძოდ, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა, თუ: 1) მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; 2) გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; 3) ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (იხ. სუსგ საქმე №ას-683-654-2016, 16 სექტემბერი, 2016 წელი).
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაა, შესაბამისად, იმისათვის, რომ გაუქმდეს განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ, საჭიროა არსებობდეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გამომრიცხველი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს უნდა მიეთითებინათ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებულ გამომრიცხველ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტი), რაც არ მომხდარა.
31. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებისა, კრედიტორს მათთვის არ შეუტყობინებია მოთხოვნის დათმობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი მოვალე ფლობდეს ინფორმაციას ან განაცხადოს თანხმობა მოთხოვნის დათმობის შესახებ [სსკ-ის 199-ე მუხლი], გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალესთან არსებობს შეთანხმება მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი შეთანხმება არ მომხდარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი შეთანხმება იქნებოდა, იგი ნამდვილად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი, მოვალეების მიერ დასახელებული გარემოებები კი მოცემულ შემთხვევაში ასეთ ინტერესებზე არ მიუთითებს.
32. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 14.6. პუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დათმობა არის თავდაპირველ და ახალ კრედიტორ(ებ)ს შორის დადებული გარიგება, რომლითაც თავდაპირველი კრედიტორი მოვალის მიმართ თავის მოთხოვნას გადასცემს ახალ კრედიტორს, შესაბამისად, ახალი კრედიტორი იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს და არ ხდება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. მოპასუხე მხარეს არ ერთმევა შესაძლებლობა ახალ კრედიტორს წაუყენოს ის პრეტენზიები თუ მოთხოვნები, რომლებიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შეიძლება თავდაპირველი კრედიტორისათვის წაეყენებინა [იხ. სსკ-ის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრების ავტორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი შედავება, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი იქნებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. იბა „ა.ჩ–ის“ წევრების: ი.მ–ცის, მ.ჩ–ის, მ.რ–ის, ა.ვ–ის, ნ.ბ–ძის, ნ.გ–ის, ვ.ნ–ის, მ.ი–ის, თ.ყ-დ–ძის, ბ.ყ–ის, ს.კ–ის, ო.კ–ის, ა.ჰ–ის, ნ.ბ–ის, მ.დ–ძის, გ.ბ–ის, ე.პ–ძის, თ.დ–ის, თ.ლ–ას, რ.თ–ძის, ნ.გ–ის, რ.გ–ის, ი.მ–ის (ი.მ–ის უფლებამონაცვლე), ი.ქ–ის, ს.ი–ის, გ.მ–ის, ი.გ–ის, მ.ქ–ძის, გ.მ–ის, ი.მ–ძის, გ.ც–ის, თ.დ–ის, ე.ს–ის, თ.ს–ის, თ.ს–ის, თ.ტ–ის, ა.ა–ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე