საქმე №ას-1316-2020 17 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.რ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.მ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – გ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ტ.მ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ა–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი აპელანტი“) და ს.რ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „მეორე აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. მეორე აპელანტმა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით მეორე აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მეორე აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა: 1) სახელმწიფო ბაჟის, 720 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.
8. 2020 წლის 27 მარტს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მეორე აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან/და მისი გადახდის გადავადება. მეორე აპელანტმა განცხადებას დაურთო სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აპრილის განჩინებით მეორე აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან/და მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მეორე აპელანტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 დღით.
10. 2020 წლის 30 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მეორე აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან/და მისი გადახდის გადავადება.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის განჩინებით მეორე აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან/და მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მეორე აპელანტს საკუთარი ინიციატივით გაუგრძელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაავალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 30 დღეში სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. 2020 წლის 1 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მეორე აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა 1 095, 5 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხარვეზის სრულად შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით მეორე აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა 20 დღით.
14. 2020 წლის 21 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მეორე აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა 153, 59 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან/და მისი გადახდის გადავადება მოითხოვა.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მეორე აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან/და მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 3-14 პუნქტებში მითითებული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება მეორე აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად და 2020 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა პირადად. მეორე აპელანტს ხარვეზი 2020 წლის 23 აგვისტოს 24:00 საათამდე უნდა შეევსო, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გადავადების ან შემცირების თაობაზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაწევის საფუძველი მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობაა.
18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების თაობაზე, ვალდებულია წარადგინოს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, მეორე აპელანტს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 372-ე და 374-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მეორე აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
21. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
20.1. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მეორე აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და მისი შემცირების თაობაზე;
20.2. მეორე აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა, რამდენადაც იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადებში მიმართავდა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან/და მის შემცირებას. აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, წარადგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით და სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 1095, 5 ლარი, ხოლო მოგვიანებით 153, 59 ლარი (410 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში = 360 აშშ დოლარს + 50 აშშ დოლარი), შესაბამისად, დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნახევარზე მეტი;
20.3. მეორე აპელანტი სააპელაციო სასამართლოს მიმართავდა განცხადებით და აღნიშნავდა, რომ ახალი კორონა ვირუსის (COVID - 19) გამო სახელმწიფოსა და მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ექვემდებარებოდა შემცირებას ან/და გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. განცხადებაში ასევე აღნიშნავდა, რომ მეორე აპელანტმა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო, ვინაიდან იგი იძულებით გადაადგილებული პირია და ეკონომიკურად უჭირს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო კი უცხოური ვალუტის შესაძენად მეტი თანხის მობილიზება იყო საჭირო. აპელანტი ცდილობდა თანხის მოძიებას, თუმცა ვერც ბანკიდან შეძლო სესხის გამოტანა და ვერც უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით;
20.4. სააპელაციო სასამართლოს კორონა ვირუსის გავრცელების გამო სახელმწიფოსა და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინიმუმ ერთხელ კიდევ უნდა მიეღო დასაბუთებული განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ;
20.5. მეორე აპელანტმა 2020 წლის 26 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინების ჩაბარებამდე, სრულად შეავსო დადგენილი ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 310 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, თუმცა სააპელაციო საჩივარი მაინც განუხილველი დარჩა;
20.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია საქმის სამართლიანად განხილვის უფლება და დადგენილია, რომ პირს უნდა ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების ორი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
26. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) გამო შექმნილი პირობების, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და მძიმე ეკონოკური მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან/და მისი გადახდის გადავადების თაობაზე.
27. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ ხარვეზის დარჩენილი ნაწილის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მას წაერთვა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
28. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
29. სასამართლოს ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, თუმცა, იგი ასევე არ არის აბსოლუტური. მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა [იხ. სსსკ-ის 46-ე მუხლი და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი], სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით [სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ, აგრეთვე, სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ]. კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას, სასამართლომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვის მხედველობაში მიღებით უნდა გაითვალიწინოს მეორე მხარის ინტერესები და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობისა და მეორე მხარის ინტერესების ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
30. ამასთან, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder v. The United Kingdom, № 4451/70. §32. 21 თებერვალი, 1975 წელი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი). სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისთვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24 მაისი, 2006 წელი). ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა. უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობის გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (იხ. საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, №38736/04, §41, 30 იანვარი, 2008 წელი).
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მეორე აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაწესებული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელა. კერძოდ, 2020 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით, იმავე წლის 6 აპრილის განჩინებით ასევე 7 დღით, 2020 წლის 11 მაისის განჩინებით 30 დღით, 10 ივლისის განჩინებით კი 20 დღით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟი ნაწილობრივ გადაიხადა, კერძოდ, 2020 წლის 1 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და წარადგინა 1 095, 5 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 143), ხოლო 2020 წლის 21 აგვისტოს 153, 59 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 152-154).
32. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან სააპელაციო პალატამ არაერთხელ გაუგრძელა აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, იგი მიიჩნევდა, რომ არსებობდა დაკისრებული ბაჟის გადახდისათვის ვადის გაგრძელების საფუძველი. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართავდა და დაკისრებული ბაჟის ნახევარზე მეტი (საერთო ჯამში 1 249,09 ლარი, დაკისრებული თანხის დაახლოებით 56 პროცენტი) გადახდილი აქვს, აღნიშნული კი იმ გარემოებას ადასტურებს, რომ მხარეს გააჩნია დავის მიმართ რეალური და მნიშვნელოვანი ინტერესი.
33. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო მხარეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებით მისი შევსების შესაძლებლობას აძლევდა, ხოლო აპელანტმა გადაიხადა დაკისრებული ბაჟის ნაწილი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იყო არაპროპორციული საშუალება, რომელიც არ შეესაბამებოდა დასახულ მიზანს - სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სააპელაციო პალატას შეეძლო ემსჯელა უფრო ნაკლებ რადიკალური ზომის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვის დასრულებამდე აპელანტისთვის დარჩენილი თანხის გადახდის გადავადების, გამოყენებაზე.
34. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტს გასაჩივრებული განჩინება 2020 წლის 20 ოქტომბერს გაეგზავნა და 2020 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებამდე, 2020 წლის 26 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა დაკისრებული ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 172-173), რაც საქმისადმი მის ინტერესს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთის მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის - დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.რ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინება და ს.რ–ძის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი