Facebook Twitter

საქმე №ას-1356-2020 22 თებერვალი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ხ–ძის უფლებამონაცვლე კ.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.ხ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.მ–ის“ (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

4. 2020 წლის 22 ივლისს კ.ხ–ძემ განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა.

5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და საქმეზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კ.ხ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“).

6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 2591-ე, 369-ე, 372-ე და 374-ე მუხლებით.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე მთავარი სხდომა 2020 წლის 6 აგვისტოს გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 14 აგვისტოს 17:00 საათისთვის გადაიდო.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მოპასუხე მხარე არ ესწრებოდა, თუმცა მისთვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, რადგან აპელანტის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, იგი ვალდებული იყო განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადებულიყო საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის წარმომადგენელმა საჩხერის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით 2020 წლის 11 სექტემბერს მიმართა. გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელს 2020 წლის 11 სექტემბერს ჩაბარდა პირადად, შესაბამისად, მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2020 წლის 25 სექტემბერს დასრულდა. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა ვადის დარღვევით. სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას 2020 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდა.

14. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დატოვა განუხილველი.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება.

16. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

16.1. მოპასუხეს წინამდებარე საქმეზე წარმომადგენლობას უწევს შპს „ქ.ქ.ე.პ–ი“, რომელსაც საქართველოს ფოსტასთან გაფორმებული აქვს საფოსტო-საკურიერო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საფოსტო გზავნილის ჩაბარება დამკვეთის (შპს „ქ.ქ.ე.პ–ი“) მისამართზე ხორციელდება;

16.2. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გზავნილის საქართველოს ფოსტის კურიერისათვის ჩაბარება საქართველოს ფოსტის მიერ შემუშავებულ ფორმა 103-ზე არსებული ხელმოწერებით დასტურდება, კერძოდ, დოკუმენტს („გასაგზავნი წერილების სია“) ხელს აწერს როგორც გამგზავნის წარმომადგენელი, ისე ფოსტის კურიერი დ.ქ–ა. კერძო საჩივარს თან ახლავს ზემოაღნიშნული დოკუმენტი და საფოსტო-საკურიერო მომსახურების ხელშეკრულება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დადგენილ ვადაში და არა 2020 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ფოსტას. კერძო საჩივრის ავტორისათვის უცნობია რა მიზეზით მოხდა პარასკევს მიწოდებული გზავნილის დარეგისტრირება ორშაბათს, 2020 წლის 28 სექტემბერს;

16.3. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

21. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

22. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი პირადად ჩაიბარა (იხ. ს.ფ. 272). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის დენა 2020 წლის 12 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 25 სექტემბერს ამოიწურა. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას 2020 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდა, ხოლო სასამართლოს კანცელარიაში 2020 წლის 29 სექტემბერს დარეგისტრირდა.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

26. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია და სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2020 წლის 25 სექტემბერს ჩააბარა, რის დასტურადაც საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი სახელწოდებით „გასაგზავნი წერილების სია“ (იხ. ს.ფ. 305). აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ორგანიზაციაში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ზემოაღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს ფოსტის თანამშრომელი დ.ქ–ა.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტი ვერ მიიჩნევა სათანადო მტკიცებულებად, რამდენადაც გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების ფაქტი უნდა დადასტურდეს საფოსტო განყოფილების მიერ გაცემული ცნობით და არა გამგზავნის მიერ შედგენილი დოკუმენტით. გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორს უნდა წარმოედგინა ცნობა ფოსტიდან, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ ფოსტის თანამშრომელი 2020 წლის 25 სექტემბერს იმყოფებოდა გამგზავნ ორგანიზაციაში და ჩაიბარა გასაგზავნი დოკუმენტები.

28. კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტი, მართალია, დამოწმებულია კონკრეტული პირის ხელმოწერით, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი (დ.ქ–ა) ფოსტის თანამშრომელია.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ აქარწყლებს სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტით დადგენილ გარემოებას, რომ გზავნილი ფოსტას 2020 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 287).

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული საფოსტო კონვერტისა და კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ოფისში შედგენილი დოკუმენტის („გასაგზავნი წერილების სია“) ურთიერთშედარების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადგენად, რომ გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) ფოსტას ვადის დაცვით ჩაბარდა.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ.მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი