საქმე №ა-90-შ-2-2021 10 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.დ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საფრანგეთის, ნანტერის სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის #RG19/03062 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის, ნანტერის სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის #RG19/03062 გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ ი.დ–ას (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) მიერ ნ.მ–ძეზე მშობლის უფლებამოსილება აღსრულდება ექსკლუზიურად. ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედასთან, შენარჩუნდა მამის უფლება ვიზიტისა და ბავშვის მასთან დარჩენის შესახებ.
2. შუამდგომლობის ავტორმა, 2021 წლის 18 იანვარს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებითა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით, გამოძახებული იყო სხდომაზე და არ გამოცხადდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
4. შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მშობლის უფლებამოსილება აღსრულდება ექსკლუზიურად დედის მიერ. ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იქნება დედასთან, ამავდროულად, შენარჩუნებულია მამის უფლება ბავშვის ვიზიტისა და მასთან დარჩენის შესახებ.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მეურვე, საქართველოს მოქალაქეა. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. ამდენად, სპეციალური კანონის წინაპირობების არსებობა დადასტურებულია.
7. ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.დ–ას შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, საფრანგეთის, ნანტერის სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის #RG19/03062 გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვან შვილზე ნ.მ–ძეზე მშობლის უფლებამოსილების განხორციელება ექსკლუზიურად გადაეცა დედას ი.დ–ას;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე