საქმე №ა-1741-შ-42-2020 22 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „გ-ე–ი“ (საარბიტრაჟო მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ T. H. M. & B.” (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–A) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №17-810) შპს „გ-ე–ს“ (შემდეგში „საარბიტრაჟო მოპასუხე“) შპს „ T. H. M. & B.”-ის (შემდეგში „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არბიტრაჟის ხარჯები დაეკისროს საარბიტრაჟო მოპასუხეს.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შვიდი ერთეული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებით:
- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–A) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით.
- შუამდგომლობა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–A) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად.
- საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით. ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 119 აშშ დოლარის ოდენობით, სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 109.48 ლარის ოდენობით, დამოწმებული გადაწყვეტილების მიღებისთვის გაწეული ხარჯი - 823.27 ბრიტანული ფუნტის ოდენობით.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა საარბიტრაჟო მოპასუხემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 29.05.2020წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულებულია. 08.02.2021წ. სასამართლოში წარმოდგენილი იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილი მასზედ, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ სრულად გადაიხადა Nა-1741-შ-42-2020 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა და სააღსრულებო საქმეზე წარმოება დასრულდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადება, რომელიც მოითხოვს საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მის კუთვნილ მოძრავ ქონებაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულებულია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლო სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო ემსჯელა საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბირტაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, შესაბამისად, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე, იგი ასევე უფლებამოსილია განიხილოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხიც.
8. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.
9. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შვიდი ერთეული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებით:
- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–A) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4% 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით.
- საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით. ასევე, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 119 აშშ დოლარის ოდენობით, სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 109.48 ლარის ოდენობით, დამოწმებული გადაწყვეტილების მიღებისთვის გაწეული ხარჯი - 823.27 ბრიტანული ფუნტის ოდენობით.
11. შუამდგომლობა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–A) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად. განუხილველად დატოვების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია საარბიტრაჟო მოპასუხისთვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების თაობაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად რა ოდენობის საარბიტრაჟო ხარჯი დაეკისრა მოპასუხეს, რაც ამ ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ბუნდოვანს ხდის.
12. საარბიტრაჟო მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა 29.05.2020წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სრულად არის გადახდილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. 08.02.2021წ. წარმოდგენილ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილი, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 21.07.2020წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე Nა-1741-შ-42-2020 წარმოებულ სააღსრულებო საქმეზე წარმოება დასრულებულია, ვინაიდან მოვალემ (საარბიტრაჟო მოპასუხემ) სრულად გადაიხადა დაკისრებული დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით (ს.ფ.205).
13. საარბიტრაჟო მოსარჩელე არ ეთანხმება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მას აქვს ინტერესი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოხდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საარბიტრაჟო ხარჯების საარბიტრაჟო მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილშიც, ანუ იმ ნაწილში, რომლის ცნობის და აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობაც განუხილველად იქნა დატოვებული. იგი გეგმავს, უახლოეს პერიოდში კვლავ მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაზუსტებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობით. იქვე აღნიშნავს, რომ დასჭირდება რამდენიმე კვირა, რათა დედანი დოკუმენტი მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციისაგან (G–A) იქნეს მიღებული (ს.ფ.199).
14. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და შემდგომ მისი შენარჩუნების მიზანი არის გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან შეუძლებლობის თავიდან აცილება. იმ პირობებში კი, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვალდებულება შესრულებულია, ანუ წინამდებარე წარმოების ნაწილში მიღებული განჩინება აღსრულებულია, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა. უზრუნველყოფის მიზანი მიღწეულია და საკუთრების უფლების შეზღუდვის გაგრძელება გაუმართლებელია.
15. გარდა აღნიშნულისა, ამ ეტაპზე უცნობია (დაუზუსტებელია) რას შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები, რომელთა დაკისრების ნაწილშიც იქნა შუამდგომლობა განუხილველად დატოვებული, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, რა შეიძლება იქნეს მიჩნეული ამ ნაწილში უზრუნველყოფის თანაზომიერ და პროპორციულ ოდენობად. რაც შეეხება საარბიტრაჟო მოსარჩელის ნებას, ახალი განცხადებით/შუამდგომლობით მოითხოვოს ე.წ. დაზუტებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქვევა, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ასევე მისი უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოეყენება.
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, სსსკ-ის 284-ე, 285-ე, 191-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ -ე–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებით შპს „გ-ე–ისათვის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი .....) დაწესებული მის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა:
2.1. სახ. N - ....., მოდელი MITSUBISHI PAJERO ..., გ/წ 2000, საიდენტ N/შასი ....., ფერი თეთრი, სარ. მოწმ ..., რეგისტრაციის თარიღი 2011-...
2.2. სახ. N - ...., მოდელი MERCEDES-BENZ ..., გ/წ: 2013, საიდენტ. N/შასი ....., ფერი თეთრი, სარ. მოწმ. LV0.., რეგისტრაციის თარიღი 2017-05-04;
2.3. სახ. N - ..., მოდელი TIRSAN TSN-MAK-3S-..., გ/წ 2014, საიდენტ N/შასი NNTDAF303...., ფერი რუხი 2/8, სარ. მოწმ LV01..., რეგისტრაციის თარიღი 2017-05-04.
2.4. სახ. N - ...., მოდელი SAMRO S .., გ/წ 2001, საიდენტ N/შასი VK1S...., ფერი რუხი 7/8, სარ. მოწმ LV01..., რეგისტრაციის თარიღი 2016-08-22.
2.5. სახ. N - ..., მოდელი MERCEDES-BENZ ..., გ/წ 2007, საიდენტ N/შასი W...., ფერი ლურჯი 7/8, სარ. მოწმ LV007...., რეგისტრაციის თარიღი 2013-07-16.
2.6. სახ. N - ....., მოდელი SCHMITZ ..., გ/წ 2004, საიდენტ N/შასი WS...., ფერი ყვითელი 3/8, სარ. მოწმ. LV007...., რეგისტრაციის თარიღი 2013-07-16;
2.7. სახ. N ...., მოდელი DAF 95.480, გამოშვების წელი 2004, საიდენტ. N/შასი XL....., ფერი თეთრი, სარ. მოწმ. LV....., რეგისტრაციის თარიღი 2016-08-22.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი