Facebook Twitter

საქმე № ა-1741-შ-42-2020 21 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „T. H. M.B.”

წარმომადგენელი - ლ.ზ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ე–ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №17-810)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №17-810) შპს „გ.ე–ს“ (შემდეგში „საარბიტრაჟო მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „T.H.M.B-ის (შემდეგში „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არბიტრაჟის ხარჯები დაეკისროს შპს „გ.ე–ს“.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კოდექსის 356 20 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

6. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

7. მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით.

8. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში "ნიუ-იორკის კონვენცია"), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

9. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20) .

10. ნიუ-იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს:

კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს: (a) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; (b) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს (ასევე იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.05.2020წ. განჩინება შუამდგომლობის განსახილველად მიღების შესახებ).

11. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.

12. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მაშინ აღუდგება წინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას, თუ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა წამოსწიოს. კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება, ჩათვლის, რომ: a) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან b) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯაროობის წესს.

13. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (დაწვრილებით იხ.: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.74,75). აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

14. სსსკ-ის 35621 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგადაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წარადგინოს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება.

15. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ასლი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 09.06.2020წ., თუმცა მის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში განცხადება (შესაგებელი) წარმოდგენილი არ ყოფილა.

16. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით, ცნობილ უნდა იქნეს და უნდა მიექცეს არსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრა არბიტრაჟის ხარჯები, უნდა დარჩეს განუხილველად. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვევით. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

18. დადგენილია, რომ მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით მატერიალური მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოპასუხისთვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების თაობაზე, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად რა ოდენობის საარბიტრაჟო ხარჯი დაეკისრა მოპასუხეს, რაც ამ ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ბუნდოვანს ხდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მითითებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის/შუამდგომლობის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით/შუამდგომლობით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. შესაბამისად, იმ შეთხვევაში, თუ დავის განმხილველი არბიტრაჟის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ ბუნდოვანების თუ უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე, შუამდგომლობის ავტორს ექნება უფლება არბიტრაჟის ხარჯის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობით კვლავ მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

19. სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 200 ლარის ოდენობით (50 ლარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განცხადებაზე, 150 ლარი ცნობა-აღსრულების შუამდგომლობაზე). რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა კმაყოფილდება, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. მოწინააღმდეგე მხარეს ასევე უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები (იხ.:ს.ფ.150-151), კერძოდ, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 1 119 აშშ დოლარის ოდენობით (იხ.:თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ს.ფ.160), სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 109.48 ლარის ოდენობით (იხ.: საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტები), მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციისგან (GAFTA) დამოწმებული გადაწყვეტილების მიღებისთვის გაწეული ხარჯი 823.27 ბრიტანული ფუნტის ოდენობით (იხ.:ს.ფ.161,162).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 186-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „T. H. M.B.” -ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რომლითაც შპს „გ.ე–ს“ შპს „T.H.M.B”-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხულ იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით.

2. შპს „T. H. M.B.” -ის შუამდგომლობა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (G–TA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დატოვებულ იქნეს განუხილველად.

3. შპს „გ.ე–ს“ შპს „T.H.M.B”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

4. შპს „გ.ე–ს“ შპს „T.H.M.B”-ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 119 აშშ დოლარის ოდენობით, სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 109.48 ლარის ოდენობით, დამოწმებული გადაწყვეტილების მიღებისთვის გაწეული ხარჯი - 823.27 ბრიტანული ფუნტის ოდენობით.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე