საქმე №ას-662-2019 11 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ო–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.მ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში განსახილველად
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ო–ი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი), 2016 წლის 23 მარტიდან იმავე წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, სს ,,მ.მ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი) არქიტექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
2. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 6000 ლარს შეადგენდა.
3. დასაქმებულმა 2016 წლის 3 დეკემბერს, დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების გამო, სამუშაოდან წასვლის შესახებ ელექტრონული წერილით აცნობა და ხელფასის სრულად ანაზღაურება მოითხოვა.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. დასაქმებულმა 2017 წლის 20 მარტს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს:
4.1.1. სახელფასო დავალიანება - 13043.45 ლარი;
4.1.2. პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0.07%, რაც შეადგენს 922.7 ლარს;
4.1.3. იძულებითი მოცდენისათვის ერთი თვის ხელფასი - 6000 ლარი.
4.2. დასაქმებულის განმარტებით, დამსაქმებელი ხელფასს ყოველ თვე დაგვიანებით ურიცხავდა, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში ან აკლებდა ხელფასს, ან საერთოდ არ ურიცხავდა, რის გამოც, იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
6.1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება - 13043.45 ლარი და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის 2016 წლის 10 დეკემბრიდან, დავალიანების სრულ გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 13043.45 ლარის 0.07% დაეკისრა;
6.1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის იძულებითი მოცდენის გამო 6000 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო საჩივარი
7.1. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
8. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დასაქმებულის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. დასაქმებულის საჩივარი
9.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით, დასაქმებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა დასაქმებულის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობით, კერძოდ, საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთის ფედერაციაში მკურნალობს და, ვინაიდან საელჩოსგან სავიზო მომსახურებაზე უარი ეთქვა, სხდომის დღეს დასჭირდა თავის მკურნალ ექიმთან ონლაინ-კონსულტაცია, რასაც მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს.
10.4. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 241-ე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მიუთითა, ასევე, იმავე კოდექსის 102-103-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულება - ლაბორატორია ,,სივენოში“ ამ უკანასკნელის კვლევის პასუხები, ასევე, 2018 წლის 21-23 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციაში, ქ.მოსკოვში, შპს ,,ნ.კ-ს“ საოჯახო კლინიკა ,,ჩოდი დოქტორში“, წარმომადგენლის ექიმთან ვიზიტისა და ლაბორატორიული კვლევის ამსახველი მტკიცებულებები, რომლის თანახმად, წარმომადგენელი განმეორებით დაბარებული იყო ერთხელ 10 დღის შემდეგ, ხოლო მეორედ - საჭიროებისამებრ.
10.5. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, წარდგენილი მტკიცებულებები ვერ მიიჩნეოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებებად, რომლითაც სხდომის დღეს საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ავადმყოფობა ან სხვა გარემოება - რუსეთის ფედერაციაში ექიმთან ონლაინ კონსულტაციის ფაქტი ან მისი გამოცხადების შეუძლებლობა სასამართლოში დადასტურდებოდა.
10.6. სააპელაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე განმარტა, რომ აპელანტმა წერილობით საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განხილვაზე უარი განაცხადა და, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს ჩაჰბარდა და აპელანტის პოზიცია მისთვის ცნობილი იყო, აღნიშნული, სსსკ-ის 3761.2 მუხლის შესაბამისად, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განხილვის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და საქმის ხელახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმის გარემოებები არასწორად შეაფასა. საქმეში წარდგენილია სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევა და ექიმის რეკომენდაცია. დასაქმებულის წარმომადგენლის ჯანმრთელობა აღნიშნული კვლევის თარიღიდან დღემდე გაუარესდა. პერსონალური მონაცემების დაცვის გამო, წარმომადგენელმა სასამართლოში არ წარადგინა ის ცნობა, რომელიც მის ავადმყოფობას რეალურად ასახავდა და რასთან დაკავშირებითაც, 2019 წლის 6 თებერვალს, ექიმთან ონლაინკონსულტაცია გაიმართა.
11.3. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მან სააპელაციო შესაგებელში მიუთითა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს საქართველოში არ იქნებოდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ მხარეს საქმის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.
11.4. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემული დავა შრომითი კატეგორიისაა და მის მარწმუნებელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით გარანტირებული უფლება წაერთვა.
11.5. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
11.6. კასტორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზეც (საქმე Nას-1532-1435-2012), მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისას სასამართლოს მიერ შეფასებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
11.7. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სსსკ-ის 230.2-ე მუხლი დაარღვია, კერძოდ, სასამართლოს შეეძლო დაყრდნობოდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო და უდავო გარემოებებს ან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გზით, ახალი ფაქტები თავად დაედგინა.
11.8. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად არ გამოიყენა სსსკ-ის 280-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი და იმავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი და 233-ე მუხლი.
11.9. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, კასატორის წარმომადგენელს დადგენილი ჰქონდა ორთვიანი მკურნალობის კურსი და მისი დასრულების შემდეგ, უკუჩვენების შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროებდა კონსულტაციას. ყველა გამოკვლევა შესრულდა ქვეყნის გარეთ და წარმომადგენელს ექიმის კონსულტაცია შეიძლება დასჭირვებოდა ადგილზე მისვლით ან/და სატელეფონო ონლაინ-კომუნიკაციით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
დასაქმებულის საკასაციო საჩივარი საკასაციო დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა გაანალიზების, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაციის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეები მოწვეული იყვნენ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის იმ ძირითად პრეტენზიებზე, რომლებიც უკავშირდება მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზს, იყო თუ არა საპატიო მოსარჩელის (სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობა.
17. სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.“ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ამდენად. უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები:
ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა შეტყობინება სასამართლო სხდომის თაობაზე, ხოლო, სასამართლოს არ მოეპოვება ცნობა მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე;
ბ) გამოცხადებული აპელანტი შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. „ამ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ამასთანავე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო მოთხოვნას იურდიულად ამართლებს თუ არა მასში გადმოცემული ფაქტები (სსსკ-ის 230.2 მუხლი). ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ უნდა მოიძიოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ფორმალური თვალსაზრისით შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათ წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზიები და ამ გზით განსაზღვროს მოთხოვნის განხორციელებადობა“ (იხ. სუსგ N ას-485-485-2018, 31.01.2020წ).
18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით და იმავე განჩინებით განისაზღვრა სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2019 წლის 06 თებერვალს, 13:00 საათზე, მთავარ სხდომაზე (სსსკ-ის 376-ე მუხლი). ამ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელთაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით (იხ. სასამართლო უწყება - ტ. 2, ს.ფ. 146). სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის (აპელანტის) შუამდგომლობა და მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
19. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან“. (იხ. სუსგ-ები: N ას-1671-2019. 13.03.2020წ; N ას- 330-2019. 19.11.2019წ.).
21. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას (იხ. წინამდებარე განჩინების 10.3-10.5 ქვეპუნქტები) და არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარს დაურთო არაერთი მტკიცებულება, რომლებიც არასაკმარისად შეაფასა სასამართლომ და არ გაითვალისწინა, რომ მხარის წარმომადგენლის პერსონალურ მონაცემებს ეხება საქმე, რის გამოც არ იქნა წარდგენილი ის ცნობა, რომელიც რეალურად ასახავს მხარის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, რაზედაც სწორედ 2019 წლის 6 თებერვალს შედგა ონლაინ კონსულტაცია. კასატორი უთითებს: „მართალია, არ არის წარმოდგენილი ამ ონლაინ კონსულტაციის დამადასტურებელი საბუთი, თუმცა ის არსებობს რეალურად, მაგრამ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ იქნა წარმოდგენილი“ (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.2, ს.ფ.254) . საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპზე იმსჯელა და განმარტა, რომ საჩივარზე თანდართული 2019 წლის 26 თებერვალს, ლაბორატორია „სინევო“-ში მოსარჩელის (აპელანტის მოწინააღმდგე მხარის) წარმომადგენლის ლაბორატორიული კვლევის (ანალიზების) პასუხები, ასევე, 2018 წლის 21-23 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, შპს „ნ.კ“-ს საოჯახო კლინიკა „ჩ.დ“-ში, მოსარჩელის წარმომადგენლის ექიმთან ვიზიტისა და ლაბორატორიული კვლევის ამსახველი მტკიცებულებების მიხედვით, ირკვეოდა, რომ მხარის წარმომადგენელი განმეორებით ვიზიტებზე დაბარებული იყო ერთ შემთხვევაში 10 დღის შემდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში - საჭიროებისამებრ. ეს მტკიცებულებები კი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენლის ავადმყოფობა ან სხვა გარემოება - რუსეთის ფედერაციაში ექიმებთან ონლაინ კონსულტაციის ფაქტი და სასამართლოში მისი გამოცხადების შეუძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნები სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და განმარტებებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თაობაზე და გაზიარებულია საკასაციო სასამართლოს მიერ.
22. კასატორის ძირითად პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც პირადი მონაცემების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარეობს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს არც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში და არც საკასაციო განაცხადში არ მიუთითებია ისეთ მტკიცებულებაზე, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობაზე. ამ თვალსაზრისით არ იყო აუცილებელი, რომ კასატორს მაინცდამაინც ექიმთან ონლაინ კონსულტაციის შინაარსი წარმოედგინა და გაესაჯაროვებინა მისი პირადი მონაცემები, რომელთა დაცვა პაციენტის უფლებას წარმოადგენს. სასამართლოს შესაფასებლად უნდა წარდგენოდა ისეთი მტკიცებულება, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ მხარე (მოსარჩელის წარმომადგენელი) 2019 წლის 6 თებერვალს ვერ შეძლებდა 13 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოცხადებას, რადგან ის საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო ონლაინ კონსულტაციას, რომლის სხვა დროისათვის გადადება დაუშვებელი იყო და პირის ჯანმრთელობას შეუქმნიდა საფრთხეს. ასეთი სახის მტკიცებულება, დადასტურებული მკურნალი ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული/ხელმოწერილი არ წარუდგენია მხარეს სასამართლოსათვის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი იქნებოდა პირის გამოცხადების შეუძლებლობის საპატიოობა, რადგან სპეციალისტის მიერ გაცემული/დამოწმებული ავთენტიკური დოკუმენტი, როგორც წესი, მაღალი სანდოობით სარგებლობს და ასეთ მტკიცებულებად შესაძლებელია შეფასებულიყო ისეთი შინაარსის ცნობა, რომლითაც, ერთი მხრივ, დადასტურებული იქნებოდა ონლაინ კონსულტაციის გაწევის აუცილებლობა კონკრეტულ დღეს და კონკრეტული დროის (სასამართლოს მიერ განსაზღვრული საათის გათვალისწინებით) მითითებით და ასეთი კონსულტაციის სხვა დროს გადადების დაუშვებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იქნებოდა პაციენტის (მხარის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მოცემულ შემთხვევაში თვითონ კასატორიც ადასტურებს, რომ მას არ წარუდგენია ონლაინ კონსულტაციის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც იმთავითვე დაუსაბუთებელს ხდის მის პრეტენზიას, რადგან მხარემ ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტყვირთი. ამდენად, კასატორის მითითება სუსგ-ზე Nას-1532-1435-2012, სადაც განმარტებულია სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე შესაგებლის წარდგენის სამართლებრივი შედეგები კასატორის სასარგებლოდ ვერ ცვლის სურათს, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებით (საქმე N 121-117-2016) განიმარტა: „სააპელაციო საჩივარი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას. შესაგებლის ზოგადი სახეები, რომელზეც უკვე იქნა გამახვილებული ყურადღება, ასევე ეხება სააპელაციო შესაგებელსაც. სააპელაციო საჩივრის უარყოფა (არცნობა) წარმოადგენს სააპელაციო შესაგებლის ერთ-ერთ სახეს, რომლის გარეშე არ არსებობს ზოგადად შესაგებელი, როგორც თავდაცვის პროცესუალური საშუალება. სსსკ-ის 373-ე მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის მომზადებასთან დაკავშირებული საპროცესო ურთიერთობები, ადგენს სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარდგენის წესს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული შესაგებელი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას, ე.ი. წარსულში უკვე შედავებულ და გამოკვლეულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობას არ მოჰყვება პირველ ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები - ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამ ტიპის შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს. შესაბამისად, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფართო განმარტება, ნორმის გვრცელება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უცხოა სააპელაციო სამართალწარმოებისათვის, დაუშვებელია“ (პუნქტი 47). „მიუხედავად იმისა, რომ საქმის მომზადების მიზნით პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესები თითქმის მთლიანად ეხება სააპელაციო სასამართლოსაც, სააპელაციო შესაგებელს გააჩნია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოსათვის დამახასიათებელი თავისებურებები, რაც პირველ რიგში ვლინდება მტკიცებით საქმიანობაში. სააპელაციო შესაგებელი, როგორც მტკიცებითი საქმიანობის განსახორციელებელი საპროცესო საშუალება, არ შეიძლება გავაიგივოთ სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელთან. სსსკის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან თავისუფლდება მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტი შეიძლება იყოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას საქმის მომზადების ეტაპზე, როგორც იურიდიულ ფაქტს, არ შეიძლება მოჰყვეს ისეთივე შედეგები, რადგან აპელაციაში მტკიცებითი საქმიანობის განხორციელების თავისებურებიდან გამომდინარე იხილება იგივე სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ფაქტები და მტკიცებულებები, ხოლო ამ სტადიაზე შესაგებლის წარუდგენლობით არ განისაზღვრება პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის მსგავსად მტკიცების საგანი“ (პუნქტი 48). „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციიის საერთო სასამართლოებისათვის.
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების (შესაბამისად იმავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების) დასაბუთებლობა მოწმდება არა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის კანონიერების თვალსაზრისით, არამედ- აპელანტის მოწინააღმდდეგე მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობის შესწავლის გზით.
24. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აპელანტის (მოპასუხის) მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილს მოიხმობს, რომლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ეს კი ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (შეად. სუსგ-ებს: N ას-330-2019, 19.11.2019წ; N ას- 656-626-2016, 27.03.2017წ; N ას- 682-648-2013, 10.03.2015წ.).
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ო–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე