Facebook Twitter

საქმე №ას-881-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ფ–ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ფ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მესაკუთრე ან კასატორი) სარჩელი თ.მ–ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი ან მოსარგებლე), ი.კ–ის, ნ.მ–ძისა და ე.ტ–ას (შემდეგში: მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეები) მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ..... (ყოფილი .....) ქ. #60, ს/კ ..... გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი მესაკუთრის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

1.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებითა და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2, მე-3 მუხლებით.

2. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

2.1. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მის წინააღმდეგ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მესაკუთრის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი; მოსარჩელის სარჩელი პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ...... (ყოფილი ....) ქ. #60, ს/კ ...... (მოსარჩელე მესაკუთრედ დარეგისტრირდა 13.05.2019 წელს). სადავო უძრავი ქონება არის მოპასუხეთა მფლობელობაში. ამასთან, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ინდივიდუალურ მფლობელობაშია სადავო უძრავი ნივთის ნაწილი (35.33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 2. 95 კვ.მ საპირფარეშო).

3.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170.1-ე და 172.1-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

3.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც პირველ მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მან ვერ წარადგინა წერილობითი მტკიცებულება, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს დაადასტურებდა.

3.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ წარადგინა 1946 წლის 30 დეკემბრის ხელწერილი, რომლის შესაბამისადაც ზ.ტ–საგან უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ..... (იგივე ...../.....) ქ. #60 (საცხოვრებელი ფართი 35.33 კვ.მ და საპირფარეშო 2.95 კვ.მ) 13 000 მანეთად შეიძინა ა.ყ–ამ. აპელანტმა მიუთითა, რომ ა.ყ–ა იყო მ.ე–ას მეუღლე, რომელიც იყო პირველი მოპასუხის ბებიის (ვ.ე–ას) მამიდა. აპელანტის მშობლები ე.მ–ა და რ.მ–ია ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, თავად აპელანტი კი დღემდე იქ ცხოვრობს. პირველი მოპასუხე მისამართზე 1981 წლიდანაა რეგისტრირებული. კონკრეტულ მისამართზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ცხოვრების ფაქტს ადასტურებს კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებები და ქვითრები. მითითებული გარემოება აპელანტის სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლედ მიჩნევის საფუძველია (სპეციალური კანონის მე-4 მუხლი).

3.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ის გარემოება, თუ ვის მიერ იქნა დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეკრულება და ვინ არის დავის განხილვის პერიოდისათვის ამ გარიგების დამდები პირის უფლებამონაცვლე პირის მოსარგებლედ მიჩნევისათვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდის ფაქტის დადგენას, მითითებული ფაქტი სხვა წინაპირობების ჩამონათვალში გამოყოფილია „ან/და“ კავშირით, რაც გულისხმობს, რომ ამ გარემოების არსებობის დადასტურება აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეა. იგი სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელია, რაც მოსარჩელის მოთხოვნის, პირველი მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

4. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

4.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.2. კასატორის განმარტებით, პირველი შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა სულ სხვა პირებს შორის 1946 წლის 30 დეკემბრის ხელწერილის დადებულად ცნობას და არა სადავო ფართზე მისი რეგისტრაციის და აბონენტად აღრიცხვის საფუძველზე მართლზომიერ მფლობელად მიჩნევას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო გასცდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 248-ე მუხლის მოთხოვნებს. მართალია, მისთვის არ მიუკუთვნებია საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, მაგრამ გარემოებების არასწორად შეფასებით შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ წარმოებაში მიიღო საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მესაკუთრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნას (სსსკ-ის 248-ე მუხლი), რადგან პირველი მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ითხოვდა ხელშეკრულების დადებულად ცნობას. საკასაციო სასამართლო ამ პრეტენზიას არ იზიარებს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, არამედ მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მხოლოდ აპელანტის მიმართ გამოსახლება არ დაკმაყოფილდა, რადგან ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ შესაგებელში მიუთითებდა (ს.ფ. 31-40), რომ ის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი იყო. ამასთან, იმ დაშვებითაც, რომ არ ყოფილიყო შეგებებული სარჩელი წარდგენილი, პირველი მოპასუხის შესაგებელი და თანდართული მტკიცებულებები აფერხებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამ მოპასუხის მიმართ.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რასაც მესაკუთრის საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.6 ქვეპუნქტები).

11. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება).

12. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება საკუთრების უფლების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალეა ნივთის მფლობელი, რომელსაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობის მტკიცების ტვირთი ეკისრება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველმა მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მართლზომიერი მფლობელობის შესაგებელი წარადგინა. ამდენად, არსებითი საკითხია, თუ რამდენად აქვს პირველ მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის უფლება, რამდენადაც მართლზომიერი მფლობელობა გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

14. სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია: „მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით“.

15. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის უფლება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მართლზომიერ სარგებლობის უფლებად უნდა შეფასდეს. მფლობელობა კი გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნას. სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება) გამომდინარე, დაუშვებელია მოპასუხეს, როგორც მართლზომიერ მფლობელს, მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, ვინაიდან მითითებული ნორმით, მართლზომიერი მფლობელობა დაცულია თვით მესაკუთრის მხრიდანაც (შდრ. სუსგ #ას-827-793-2016, 31.10.2018 წ.).

16.სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ფ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ფ–ას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N9629958272, გადახდის თარიღი 2020 წლის 28 ივლისი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური