Facebook Twitter

საქმე №ას-1618-2019 6 ნოემბერი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ნ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ნ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) სარჩელი მ.ს–ას (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

1.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე, 172.1-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით.

2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

2.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ....., მე-2 სართულზე მდებარე 42.42 კვ.მ. ფართი №3, საკადასტრო კოდით ......, დაზუსტებული ფართობი - 197 კვ.მ; საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 20 დეკემბერს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება NM14005036/5, დამოწმებული 2014 წლის 2 სექტემბერს.

3.3. მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ....., მე-2 სართულზე მდებარე 51.57 კვ.მ. ფართი №5 საკადასტრო კოდით ......., დაზუსტებული ფართობი - 197 კვ.მ, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2012 წლის 9 თებერვალს ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება N120116228, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება N3/3946-12 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 თებერვალს დამოწმებული გადაწყვეტილება NM14005036/5.

3.4. იმავე მხარეებს შორის 2014 წელს სასამართლოში დავის განხილვისას, რომელშიც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ფართის 27.83 კვ.მ-ის უკანონოდ დაკავების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის საფუძველზე, 2012 წლის 30 ოქტომბერს, გაიცა აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ. აქტში მითითებული იყო, რომ გამოსაკვლევი ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისში, ......, მეორე სართულზე და წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს. საქმის მასალების გაცნობისას დადგინდა, რომ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. ამ მასალების მიხედვით, სადავო ფართის განსაზღვრა და მითუმეტეს იმის დადგენა, თუ რომელი მხარე რა რაოდენობის ფართის მესაკუთრეა და, ფაქტობრივი მდგომარეობით, რა რაოდენობის ფართი აქვს დაკავებული შეუძლებელია. მხარეთა განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელემ ისარგებლა სსსკ-ის 83¹ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი უფლებით და სარჩელი გაიხმო.

3.5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170.1-ე, 172.1-ე და 168-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ აპელანტის მიერ მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ იგი არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს, ვინაიდან, მოსარჩელეს ამ გარემოების დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. გარდა ამისა, 2018 წლის 24 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ სადავო ობიექტი ადგილზე დაათვალიერა, რა დროსაც ვერ დადგინდა, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს აპელანტის საკუთრებაში არსებული ფართით. ამდენად სასამართლომ დაასკვნა, რომ მესაკუთრემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოპასუხე მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხულ ფართს ფლობს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში უარი ეთქვა.

4. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

4.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის, გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების ნაცვლად, უთითებს მოპასუხის მოთხოვნით 2015 წელს გაუქმებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე და 2012 წლის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელთა განხილვა საერთოდ არ არის კავშირში განსახილველ დავასთან, საგულისხმოა რომ სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ ახსენებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ძირითად მტკიცებულებებს, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 24 იანვრის ფაქტების კონსტატაციის ოქმს, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მოსარჩელე სააგენტოს 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით რეგისტრირებული 51.57 კვ.მ რკალისებურფასადიანი ფართის ნაცვლად, სადავო ობიექტზე ფლობს ოთხკუთხედფასადიან ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ 1) 16.32 კვ.მ და 2) 73.12 კვ.მ ფართებს. ხსენებულ 73.12 კვ.მ ფართში მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 37.87 კვ.მ ფართი, მასში არსებული მრგვალი და ოთხკუთხა საყრდენ კოლონებთან ერთად, რომელსაც 2012 წლიდან უკანონოდ ფლობს და განკარგავს მოპასუხე.

4.3. კასატორის განმარტებით, სასამართლო მტკიცებულებად არ მიიჩნევს და არ აძლევს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების შეფასებას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 7 სექტემბრის #005277515 დასკვნას, რომლითაც პირდაპირ და უტყუარად დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ფართის უკანონო მფლობელობის ფაქტი.

4.4. კასატორმა აღნიშნა, რომ ადგილზე დათვალიერების დროს ფართების ზუსტი იდენტიფიცირება მოხდა და გაირკვა, რომ მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ ფართს უკანონოდ ფლობდა.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში მიიღო დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მესაკუთრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ფართის უკანონო მფლობელობის ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მესაკუთრეს უარი უთხრა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რასაც მესაკუთრის საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.5 ქვეპუნქტები).

12. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება).

13. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება საკუთრების უფლების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალეა ნივთის მფლობელი, რომელსაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობის მტკიცების ტვირთი ეკისრება.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ ის მოსარჩელის კუთვნილ ფართს არ ფლობს, მის მფლობელობაში არსებული ფართი მას ეკუთვნის. ამდენად, არსებითი ისაა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას ფლობს თუ არა მოპასუხე, რამდენადაც თუ მოპასუხე ნივთს არ ფლობს, აღნიშნული გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის დროს მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც მისი კუთვნილი ფართის მოპასუხის მიერ უკანონო ფლობა დადასტურდებოდა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელეს მიეთითა ამის თაობაზე და განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი 2015 წლის 7 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა არ არის მომზადებული საჯარო რეესტრში დაცული ყველა მტკიცებულების შესწავლის მეთოდით.

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმზე, ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ ფართს ფლობს. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, უსაფუძვლოა მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.

17.სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ნ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.ნ–ის (პ/ნ.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 200 ლარი და 720 ლარის (საგადახდო დავალება N8798181925, გადახდის თარიღი 2019 წლის 11 დეკემბერი), 70% – 504 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური