Facebook Twitter

¹ბს-86-84(კს-06) 19 აპრილი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,შ.-ა»

მოწინააღმდეგე მხარე – დუშეთის რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 8 ივლისს შპს ,,შ.-ის” დირექტორმა დ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს დუშეთის რაიონის გამგეობის მიმართ ზიანის - 380589 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

საქმის განხილვის სტადიაზე მოსარჩელემ წარმოადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა 150000 ლარით და საბოლოოდ მოითხოვა ზიანის 530589 ლარის ანაზღაურება.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 მარტის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის გაზრდის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო იმავე თარიღის მეორე განჩინებით სასამართლომ, სარჩელის ოდენობის 530 589 ლარამდე გაზრდის მოტივით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის განსჯად საქმედ მიიჩნია და განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს ,,შ.-ის” სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს «შ.-ის" სასარჩელო განცხადება განსახილველად დაექვემდებარა დუშეთის რაიონულ სასამართლოს.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,შ.-ის» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,შ.-ამ».

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ივნისის განჩინებით შპს ,,შ.-ის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შპს ,,შ.-ის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,შ.-ის» დირექტორმა დ. გ.-მ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ივნისის განჩინება ხარვეზის შესახებ არ ჩაჰბარებია, იგი ჩაჰბარდა შპს ,,შ.-ის” დარაჯს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზაციის სათანადო თანამდებობის პირად, ამასთან მას აღნიშნული განჩინების თაობზე მისთვის არ უცნობებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას. ასევე, საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის მოტივით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან განაწილვადებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს ,,შ.-ის» დირექტორის დ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,შ.-ის» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოება გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ივნისის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული შპს ,,შ.-ის» სააპელაციო საჩივარი და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 7 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მითითებული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2005 წლის 10 აგვისტოს(ს.ფ. 260).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებები და განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2005 წლის 5 სექტემბერს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

რაც შეეხება შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან განაწილვადების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო ბაჟის გადავადებისა და განაწილვადების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო შეზღუდულია გარკვეული ფარგლებით და აღნიშნული არ არის დამოკიდებული მხოლოდ სასამართლოს მიხედულებაზე. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადავადებისა და განაწილვადების შესაძლებლობა სასამართლოს ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარმოადგენს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

კერძო საჩივარის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ართმევს ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ხოლო საკასაციო სასამართლოს _ მისი გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შპს ,,შ.-ის” კერძო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე და თვლის, რომ აღნიშნული არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,შ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.