საქმე №ას-528-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ს.ყ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ა, ი.დ–ი, გ.ც–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გამგეობის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ყ.კ–ის გამგეობის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2017 წლის 20 მარტის სხდომაზე განხილვის საგანს წარმოადგენდა კავშირის თბილისის პ/ორგანიზაციის წევრის დ.დ–ას (შემდეგში: პირველი მოსარჩელე), თელავის პ/ორგანიზაციის წევრების ი.დ–ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე და გ.ც–ის (შემდეგში: მესამე მოსარჩელე) (შემდეგში: მოსარჩელეები) კავშირიდან გარიცხვა.
2. გამგეობის №3 სხდომის ოქმით მოსარჩელეები გარიცხულ იქნენ კავშირის წევრობიდან. ოქმში გარიცხვის საფუძვლად მითითებულია წესდების 6.6, 6.7, 6.8 და 6.12 პუნქტები და განმარტებულია, რომ მოსარჩელეები ხელს უშლიან კავშირის საქმიანობას და სახელს უტეხენ მის ღირსებას.
3. წესდების 6.7 მუხლის თანახმად, წევრის კავშირიდან გარიცხვის წინაპირობებია: საწევრო შენატანის 6 თვეზე მეტი ვადით არასაპატიო მიზეზით გადაუხდელობა; კავშირის წესდების, აგრეთვე კანონმდებლობის ან აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევა. ამავე წესდების 6.8 მუხლის თანახმად, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა გამგეობა. წესდების 6.12 მუხლი ადგენს კავშირის წევრის ვალდებულებებს, რაც მოიცავს წევრის ვალდებულებას, არ განახორციელოს ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის კავშირის საქმიანობას ან/და სახელს გაუტეხს მის ღირსებას. წესდების 6.6 მუხლის თანახმად, წევრის კავშირის რიგებიდან გარიცხვა კავშირის წევრობის შეწყვეტის საფუძველია.
4. სასარჩელო მოთხოვნა
4.1. მოსარჩელეებმა 2017 წლის 8 მაისს სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს გამგეობის 2017 წლის 20 მარტის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
7. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
8.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელეთა კავშირის წევრობიდან გარიცხვის მართლზომიერი საფუძველი არ დასტურდებოდა.
8.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
8.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია პირველი მოსარჩელის წევრობიდან გარიცხვის საფუძველთან დაკავშირებით, (საწევრო შენატანის 6 თვეზე მეტი ვადით გადაუხდელობა). პალატამ აღნიშნა, რომ კავშირის წესდების 6.7 მუხლის თანახმად, წევრის კავშირიდან გარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს საწევრო შენატანის 6 თვეზე მეტი ვადით არასაპატიო მიზეზით გადაუხდელობა; კავშირიდან გარიცხვის საფუძვლისა და მოსარჩელეთა განსაკუთრებული სტატუსის გათვალისწინებით (შშმ პირი-სმენითი სენსორის დაქვეითებით), პირველი მოსარჩელე უნდა გაფრთხილებულიყო საწევროს შენატანის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ, კავშირიდან შესაძლო გარიცხვის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
8.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნა და მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მეორე მოსარჩელის მიმართ კავშირიდან გარიცხვის საფუძვლად იმ გარემოების მითითება, რომ ამ უკანასკნელის მხრიდან მუდმივად ხდებოდა დაპირისპირება და განსხვავებული აზრის გამოთქმა. სასამართლომ მიუთითა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. სასამართლოს შეფასებით მოპასუხემ ვერ მიუთითა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მესამე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის ღირსების შელახვა.
8.7. მესამე მოსარჩელის გარიცხვის საფუძვლად მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით (სხვა ობიექტიდან ელექტროენერგიის გაყვანა), სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, რომლებიც მოსარჩელის მხრიდან ელექტროენერგიის დატაცებას ადასტურებენ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი მოწმეების არსებობის პირობებშიც, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სადავო ფაქტი დადასტურებულად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან საკითხი ეხება სამართალდარვევის ფაქტს, რაც საამისოდ ვარგისი მტკიცებულებით (სამართალდარღვევის ოქმით ან/და სხვ.) უტყუარად უნდა დასტურდებოდეს (სსსკ 102.3.მუხლი), რაც მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
9. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დგინდებოდა წესდებით განსაზღვრული გარემოებანი. ექვს თვეზე მეტი ვადით საწევროს გადაუხდელობა, მოპასუხის საქმიანობის ხელშეშლა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. მოწმეებმა დაადასტურეს მოსარჩელეთა მიერ წევრობის დამადასტურებელი წიგნაკების, ჟესტურის ლექსიკონის დახევის, დაცინვის, მუდმივი დაძაბულობის და ასევე ისეთი უღირსი საქციელის ჩადენის ფაქტი, როგორიცაა ელექტროენერგიის დატაცება.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ, ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
15. კასატორის განმარტებით, პირველი მოსარჩელის კავშირიდან გარიცხვის საფუძველი გახდა მის მიერ საწევრო გადასახადის გადაუხდელობა, წევრობის დამადასტურებელი წიგნაკების და ჟესტური ენის ლექსიკონის დახევა და დაცინვა. მეორე მოსარჩელის კავშირიდან გარიცხვას საფუძვლად დაედო მის მიერ ორგანიზაციის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ხოლო, მესამე მოსარჩელე გაირიცხა იმ საფუძვლით, რომ სხვა ობიექტებიდან უკანონოდ მოახდინა ელექტროენერგიის გაყვანა, რის გამოც ორგანიზაციამ მიიღო გაფრთხილება.
16. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებდა სადავო გარემოებებს მოწმეთა ჩვენებებით.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება, მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა (სსსკ-ის 102.2 და 140-ე მუხლები). ამ მტკიცებულების თავისებურება იმაშია, რომ ჩვენებას, უმეტესად, მოვლენის თვითმხილველი, უშუალო მონაწილე აყალიბებს. უკიდურეს შემთხვევაში, დასაშვებია, ირიბი მტკიცებულება - თვითმხილველისაგან მონაყოლი. თუმცა, ირიბი ჩვენებები უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება მეტ სიზუსტეს გაგონილის შესახებ და იძლეოდეს პირველწყაროს იდენტიფიცირების საშუალებას. მოწმემ შეიძლება მისცეს ჩვენება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შესახებ უშუალოდ კი არა, არამედ სხვებისგან გაიგო. გაგონილ ამბავზე დაფუძნებული/ირიბი ჩვენება არის მტკიცებულება, რომელიც ემყარება სხვის ნათქვამს და არა იმას, რაც მოწმემ პირადად იცის. ასეთ შემთხვევაში, მოწმემ უნდა მიუთითოს თუ ვისგან მიიღო ცნობები. მოწმის ჩვენება, რომლის წყარო ცნობილი არ არის, მტკიცებულების ძალას ვერ შეიძენს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. the Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და the Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66),
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო აფასებს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მოწმის ჩვენების, ისევე როგორც მტკიცების სხვა საშუალებათა გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მათი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ თითოეული მათგანის იურიდიული ძალის (დამაჯერებლობა და სარწმუნოობა) შემოწმებას.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
20. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (იხ. სუსგ საქმე ას-584-543-2017, 6 ივნისი, 2017წ).
21. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებლის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სარჩელის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მოსარჩელეების კავშირის წევრობიდან გარიცხვის მართლზომიერების დადასტურება.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ ს.ყ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე