საქმე №ას-500-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ზ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ბ–ი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სს „თ.ბ–ს“ (შემდგომში: მოსარჩელე ან ბანკი) და ნ.ზ–ძეს (შემდგომში: მოპასუხე, კასატორი ან მსესხებელი) შორის 2018 წლის 29 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3673322-10171277, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა საბანკო კრედიტი 11000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიურად 25% სარგებლის გადახდევინებით. ამავე ხელშეკრულების 29-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის კი დავალიანების 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
2. 2018 წლის 29 ოქტომბერს სადაზღვევო კომპანია სს ,,თ–ი" დაზღვევას მიერ, დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა მსესხებლის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირი თანხის წლიურ 0,72%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრებოდა.
3. 2017 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება NOM1378586, რომლითაც მსესხებლის სახელზე დამზადდა საკრედიტო ბარათი. ანგარიშზე განთავსდა 1000 ლარი, რომლის გამოყენებისთვის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით სავაჭრო ობიექტებში ათვისების შემთხვევაში, ხოლო 36% ბანკის ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27/02/2049 წლამდე, ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენდა ყოველ მომდევნო წლისათვის 40 ლარს. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი კალენდარული თვის 6 რიცხვში, რა დროსაც მსესხებელს საბანკო ანგარიშზე უნდა შეეტანა დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 4,9%. 2018 წლის 06 თებერვალს მსესხებელმა მისი ინტერნეტბანკის მეშვეობით გაზარდა საკრედიტო ლიმიტი აღნიშნულ საბარათე ანგარიშზე 1976,88 ლარამდე, სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
4. 2018 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება NOM3447387 რომლითაც მსესხებლის სახელზე დამზადდა საკრედიტო ბარათი. ანგარიშზე განთავსდა 1000 ლარი, რომლის გამოყენებისთვის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, სავაჭრო ობიექტებში ათვისების შემთხვევაში, ხოლო 36% ბანკის ბანკომატით ათვისების შემთხვევაში ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27/02/2049 წლამდე, ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენდა ყოველ მომდევნო წლისათვის 10 ლარს. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვში, რა დროსაც მსესხებელს საბანკო ანგარიშზე უნდა შეეტანა დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტი 4,9%.
5. მოპასუხე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე და მიეცა 14 დღის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა.
6. დავალიანება სარჩელის აღძვრის მომენტისთვის შეადგენს: ა) N 3673322-10171277 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13612,65 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10590,14 ლარი, პროცენტი 1319,84 ლარი, დაზღვევა 25,35 ლარი, ჯარიმა 1677,32 ლარი. ბ) N OM1378586 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3266,97 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1976,68 ლარი, პროცენტი 412,93 ლარს, ჯარიმა 877,36 ლარი. გ) NOM3447387 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1234,54 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 993,61 ლარი, პროცენტი 15,64 ლარი, ჯარიმა 225,29 ლარი.
7. სარჩელის მოთხოვნა
7.1. მოსარჩელემ, 2019 წლის 31 ივლისს, სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოითხოვა საბანკო/საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სამივე საბანკო/საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში. დარიცხული პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
9.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 361-ე, 867-868-ე, 417-418-ე მუხლებით.
10. მოპასუხის სააპელაციო საჩივრი:
10.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
11.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11.3. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, სასამართლოს შეფასებით მოთხოვნის წარმოშობის მომენტში პირის გადახდისუუნარობა ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს.
11.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ცნო. მოპასუხემ ბანკისგან სესხი აიღო სარგებლის დარიცხვის პირობით. შესაბამისად, გამსესხებელს სსკ-ის 867-ე, 411-412-ე მუხლების საფუძველზე წარმოეშვა უფლება მოითხოვოს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით დარიცხული სარგებლის ანაზღაურება.
11.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაში იყო სსკ-ის 625-ე მუხლის დანაწესთან, ამასთან სარგებლის ოდენობა არ ეწინააღმდეგება კონტრაჰენტის კეთილსინდისიერ ქცევისა და გონივრულობის სტანდარტს.
11.6. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა.
11.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მითითებას აკეთებს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
11.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
11.9. სააპელაციო პალატის დასკვნით, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის.
12. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში. პირგასამტეხლოს ოდენობას კი არ ეთანხმება შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო.
11.3. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არის სოციალურად დაუცველი და გადახდისუუნარო.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ სასესხო დავალიანების არსებობა, რასაც ქვემდომი ინსტანციის სასამართლოებმა მისცეს შესაბამისი შეფასება და მოპასუხეს დაეკისრა სასესხო ვალდებულების გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხარეთა შორის საკასაციო სამართალწარმოების ფარგლებში სადავოა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, პალატის შეფასების საგანს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიანობის და მისი რაოდენობის მართლზომიერების საკითხის გამორკვევა წარმოადგენს.
18. ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში-სსკ-ის) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
20. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (იხ. სუსგ.-ები 28.12.2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013, ასევე, შდრ. სუსგ-ები Nას-848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016; Nას-1451-1371-2017).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში ხელშეკრულების არსებითი პირობაა შეთანხმება სარგებელზე, პირგასამტეხლოზე, რაც კანონიერია, არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, საჯარო წესრიგს ან სამართლებრივ ფასეულობებს. ამგვარ გარიგებათა ლეგიტიმაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგად, ისე სპეციალურ სამართალურთერთობათა მარეგულირებელ ნორმებში, რაც სრულიად გამორიცხავს ვარაუდს მისი არალეგიტიმურობის შესახებ. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი, რომელიც სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განსაზღვრავს, რომლის მიხედვით შესაძლოა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს გონივრულობა და არსებულ ვალდებულებასთან შესაბამისობა სასამართლოს განსჯის საგანი გახდეს და სახელშეკრულებო პირობაში სასამართლოსეული „ჩარევის“ პირობებში კორექტირებაც კი განიცადოს, თუმცა, ეს ვერ შეცვლის მხარეთა შეთანხმების შინაარსს მთლიანად და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან უპირობოდ გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. (იხ. სუსგ საქმე №ას-226-2016, 24 აპრილი, 2020 წელი).
22. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო შეესაბამება სესხის დავალიანების მოცულობას, მსესხებლის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ხანგრძლივობას და დარღვევის ხასიათს.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მსესხებლის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევისათვის წარმოშობილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე