Facebook Twitter

საქმე №ას-481-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 18 მარტს, შპს „ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი) დირექტორ მ.უ–ძესა და ზ.ა–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) შორის, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებულს დაევალა – „შეესრულებინა მოპასუხე კომპანიაში, კერძოდ, ქ. ბათუმში, ….. მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომითი ფუნქციები.

2. მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით.

3. შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ერთი წლით, 2014 წლის 18 მარტიდან 2015 წლის 18 მარტამდე. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით კი დადგინდა, რომ „თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე არ გამოთქვამდნენ მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ჩაითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად ერთი წლის ვადით.

4. ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მოსარჩელე, შეუდგა შრომითი მოვალეობის შესრულებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მხარეებს არ გამოუთქვამთ მისი შეწყვეტის სურვილი, რის გამოც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, 2016 წლის 18 მარტამდე.

5. მოპასუხე ჩართული იყო „ქ. ბათუმში, არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში - „ბათუმი ბარაკების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც აწარმოებდა საქმიანობას ქ. ბათუმში, ....... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. მოსარჩელე, როგორც მშენებლობის პროექტის მენეჯერი, უშულოდ ასრულებდა და ხელმძღვანელობდა მშენებლობის წარმოების მიზნით განხორციელებულ ყველა მოსამზადებელ სამუშაოს, მათ შორის საპროექტო სამუშაოების წარმოებას, ბარაკულ დასახლებაში მცხოვრებ პირებთან მოლაპარაკების წარმოებას, საქმიანობის განხორცილების პროცესში სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებით კომპანიის კუთვნილი თანხების განკარგვას და სხვა.

6. მოსარჩელეს, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18 მარტამდე, მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში მშენებლობის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე და ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომითი მოვალეობას, შრომის ანაზღაურება, ჯამში 36000 ლარის ოდენობით (1500 X24თვე), არ მიუღია.

7. 2017 წლის 2 მაისსა და 2017 წლის 11 მაისს, მოპასუხის დირექტორს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და ითხოვა 24–თვიანი სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღურება.

8. სასარჩელო მოთხოვნა

8.1. დასაქმებულმა 2017 წლის 16 მაისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

8.2. სახელფასო დავალიანების 36 000 ლარის დაკისრება; ასევე 24 თვის (18.03.2014წ-დან 18.03.2016წ-მდე) გადაუხდელი შრომის ანაზღაურების (თვეში 1500 ლარის) დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადხდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

9. მოპასუხის პოზიცია

9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად არ წარმოშობილა და იგი არ ასრულებდა პროექტის მენეჯერის მოვალეობას.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

11. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი

11.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

12.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელსთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო ფიქტიური და რეალურად ის არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ფაქტი დადგენილი იყო არა მხოლოდ დასაქმებულის განმარტებითა და მოპასუხის ყოფილი დირექტორის ჩვენებით, არამედ, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით.

12.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2014 წლის 18 მარტიდან 2015 წლის 13 ოქტომბრამდე მოპასუხის დირექტორის პოზიციას იკავებდა მ.უ–ძე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა 2014 წლის 18 მარტს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან რეალურად ასრულებდა მშენებლობის პროექტის მენეჯერს შრომით მოვალეობას კომპანიაში.

12.5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შრომით სამართლებრივ ურთიერთობის ფაქტს ადასტურებს აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.05.2018 წლის ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომელშიც ფიქსირებულია 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ელექტრონული მიმოწერა მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის სხვადასხვა პასუხისმგებელ პირებს შორის. მიმოწერის შინაარსი ადასტურებს მოსარჩელის, უშუალო ჩართულობას მოპასუხის მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში.

12.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელე იყო არა მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული პირი, არამედ მოპასუხის ყოფილი პარტნიორის წარმომადგენელი და ამ მიმოწერით მასთან, როგორც წარმომადგენელთან, ზუსტებოდა შპს „ნ.ჰ–ის“ მიერ მოპასუხე კომპანიაში წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული დეტალები. ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. დადგენილია, რომ წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები, ასევე, მოპასუხისგან თანხის მიღებისა და მიღებული თანხის გახარჯვის შესახებ შეთანხმებები ხელმოწერილია უშუალოდ მოპასუხის ყოფილი პარტნიორის მიერ წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალები მოწმდებოდა/ზუსტდებოდა მოსარჩელის მიერ, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იგი რეალურად ასრულებდა მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომით ფუნქცია–მოვალეობებს.

12.7. სააპელაციო პალატამ საქმეზე შეკრებული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში მშენებლობის პროექტის მენეჯერად და ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით ვალდებულებებს.

12.8. აპელანტის მიერ შედავებული იქნა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების ასლის წარმოდგენის ფაქტიც.

12.9. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 135-ე მუხლზე მიუთითა (წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა შეუძლებელია გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე) და აღნიშნა, რომ ნორმის შინაარსი იმპერატიულდ არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების უფლებამოსილებას. ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება სასამართლოს შეფასების საგანია, რაც უნდა განხორციელდეს ყველა გარემოების ობიექტური შეფასების, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში.

12.10. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, მოპასუხე კომპანიაში დასაქმების ფაქტის დასადასტურებლად, წარმოადგინა რა შრომის ხელშეკრულების ასლი, განმარტა, რომ ხელშეკრულების დედანი არ გააჩნია და ის ინახებოდა დამსაქმებელთან.

12.11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და მასზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერების ფაქტი, მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მოპასუხის ყოფილმა დირექტორმა, ამასთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა დასტურდებოდა საქმეში არსებული არაერთი წერილობითი მტკიცებულებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ასლის სახით წარმოდგენილ დოკუმენტს (შრომით ხელშეკრულებას) მართებულად მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა.

12.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, შრომითი ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს სშკ-ის 34-ე და 31.3-ე მუხლებიდან. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადგილი ჰქონდა დამსაქმებლის მიერ შრომის ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. აღნიშნულის შესაბამისად დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას მოპასუხისთვის შრომის ანაზღაურების (36 000 ლარის) დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით.

12.13. სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნა, რომ ვინაიდან, დადგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მიმართ ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა მოპასუხე (დამსაქმებელი) ვალდებულია დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

12.14. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შედავებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნულის შესახებ არ მიუთითებია. სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში ამ გარემობაზე მითითება ეწინააღმდეგება სსსკ–ის 380–ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

13. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, რომ 2014 წლის 18 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა მოპასუხე კომპანიაში პროექტის მენეჯერის შრომითი ფუნქციები.

13.3. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა შრომითი ხელშეკრულების დედანი, ვინაიდან, მხარეებს შორის რეალურად არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულება გაფორმდა არა 2014 წლის 18 მარტს, არამედ მოგვიანებით, რათა დასაქმებულს გასჩენოდა მოთხოვნის საფუძველი მოპასუხის ახალი დამფუძნებლის მიმართ.

13.4. მოპასუხის ყოფილ დირექტორსა და მოსარჩელეს აკავშირებთ მეგობრული ურთიერთობა და საერთო ბიზნეს ინტერესები, ეს გარემოება კი ეჭვქვეშ აყენებს ყოფილი დირექტორის განცხადებას, რომ ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა 2014 წელს და არა მოგვიანებით მეგობრის დახმარების გამო.

13.5. სასამართლომ ისე მიანიჭა ხელშეკრულების ასლს მტკიცებულებითი ძალა, რომ არ გაითვალისწინა არაერთი წინააღმდეგობრივი გარემოება, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომელსაც მოსარჩელე უთითებს, წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრის მიერ მოპასუხის რეგისტრაციაში გატარების დროსთან, მოპასუხის წილის ნასყიდობისას ახალ დამფუძნებელს არ გადასცემია მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც არსად არ არის მითითებული მოპასუხის არსებული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

13.6. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტის ასლში პირდაპირი მითითებაა, რომ ხელშეკრულება შედგა ორ ეგზემპლარად , მაშინ როდესაც მასზე ხელმომწერი პირები მიუთითებენ დოკუმენტის დედნების არსებობაზე, სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის გათავისუფლება დედნის წარმოდგენისგან და დოკუმენტის ასლის საფუძველზე დასკვნა იმისა, რომ შრომითი ხელშეკრულება ნამდვილად იყო გაფორმებული არის უსამართლო.

13.7. იმ პირობებშიც კი, რომ დგინდებოდეს მხარეებს შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 129-ე მუხლი. სასამართლომ აღნიშნული ნორმის გამოუყენებლობის მიზეზად მიუთითა ის ფაქტი, თითქოს მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გარემოებაზე არ მიუთითებია, ხოლო, სააპელაციო სასამართლოში ამ გარემოებაზე მითითება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 380-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ხანდაზმულობის საკითხი გაჟღერებულია, როგორც სხდომის ოქმში, ასევე წერილობით წარმოდგენილ საპაექრო სიტყვაში.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით სადავოა მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. კასატორი წარმოდგენილ შედავებაში ძირითადად ეყრდნობა იმ გარემოებას, რომელიც დაკავშირებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობასთან (შრომითი ურთიერთობის სადავოობა).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (იხ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

21. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე.

22. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების და ხელფასის გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, იგი კომპანიაში არ ასრულებდა მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომით ფუნქცია–მოვალეობებს და სადავო ხელშეკრულება გაფორმდა არა 2014 წლის 18 მარტს, არამედ მოგვიანებით. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების რეალიზება მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო.

23. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო პერიოდისთვის (2014 წლის მარტიდან-2016 წლის 18 მარტამდე) მხარეთა შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, მოსარჩელის მოთხოვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, გააჩნდა ვარგისი სამართლებრივი საფუძველი.

24. რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულების ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის არასწორად მინიჭებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას და სსსკ-ის 135-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებას. იმ პირობებში, როდესაც შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და მასზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერის ფაქტი დადასტურებული იქნა მოპასუხის ყოფილი დირექტორის (იმ დროისათვის უფლებამოსილი პირის) მიერ, ასევე შრომითი ურთიერთობის ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ხელეკრულების ასლს მართებულად მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა.

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია ვერც სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსსკ-ის 380-ე მუხლის წინაპირობების დაუცველობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან, მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ისევე საპაექრო სიტყვაში.

26. კასატორის ზემოხსენებული პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს: მოპასუხემ 2017 წლის 8 ივნისს წარადგინა შესაგებელი, სადაც არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა; განსახილველ საქმეზე სასამართლომ მხარეთა წერილობითი მასალების მიღების შემდგომ სსსკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე საქმე ჩათვალა მომზადებულად და დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მირ შესაგებლის წარდგენის ვალდებულებას აწესებს სსსკ-ის 201-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის დიდ როლს ისიც განაპირობებს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს იწვევს, რამდენადაც მოსამართლე სარჩელში მითითებულ და შესაგებლით (ან/და საქმის მომზადების დასრულებამდე) შეუდავებელ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს დამტკიცებულად მიიჩნევს.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუკი ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია შესაგებელში, ან მოსამზადებელ სხდომაზე, ის ვერ გახდება სასამართლოს განხილვის საგანი (იხ. სუსგ №ას-182-169-2015, 27 აპრილი, 2015 წელი). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, ხანდაზმულობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებას მხოლოდ მოპასუხის უფლების ფარგლებთან მიმართებით. მოპასუხე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ხანდაზმული მოთხოვნა, ანუ ხანდაზმულობის მოტივით უარყოს სარჩელი. ამგვარი რეგულაცია გამომდინარეობს ხანდაზმულობის არსიდან. ხანგრძლივი დროის გასვლა, როგორც წესი, იწვევს მტკიცებულებათა შეცვლას ან მათი მოპოვების გართულებას, ზოგჯერ - განადგურებასაც კი. აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მეტი საფრთხის მატარებელია მოპასუხე მხარისათვის - მან შეიძლება ვერ დაიცვას თავისი ინტერესი მტკიცებულებათა არარსებობის გამო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის მიზანია მხარის ინტერესის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის მიზეზით (იხ. სუსგ №ას-1148-1095-2013, 8 ივლისის, 2014 წელი). ამდენად, თუკი მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვის საშუალებად ხანდაზმულობას იყენებს, იგი ვალდებულია სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტებსა და გარემოებებზე შესაგებელში მიუთითოს.

29. მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს. აღნიშნული ფორმალიზმის დაცვაც მხარეთა შეჯიბრების ნაწილია, კერძოდ, ვინც ზუსტად დაიცავს კანონით დადგენილ დანაწესს, იმას კანონი, როგორც პროცესუალური შეჯიბრის მონაწილეს, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ კანონით დადგენილი ფორმალიზებული პროცედურიდან გამონაკლისის დაშვება მხოლოდ კანონითვე დაშვებულ საგამონაკლისო შემთხვევებშია შესაძლებელი (იხ.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ.4, გვ.97). სსსკ-ის 219.1 მუხლის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი შესაგებლით უარყოფს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2017, მუხლი 128, გვ. 723).

31. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო სამართლის ნორმათა ამგვარი ფართო განმარტება კი, დაარღვევდა პროცესუალური განჭვრეტადობისა და მხარეთა კანონიერი ნდობის პრინციპს.

32. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შეჯიბრებითობის საფუძველზე განხორციელებული საქმისწარმოებისას კი, სწორედ სასამართლოა იმის გარანტი, რომ უზრუნველყოს მხარეთა მიერ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული წესების დაცვა, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება. რამდენადაც პროცედურული წესები მოდავე მხარეთათვის თანაბარ უფლება-ვალდებულებებს ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ მათი ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია.

33. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულობის საფუძვლით შეედავა საპაექრო სიტყვაში. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან, მოპასუხეს აღნიშნულის შესახებ არ მიუთითებია შესაგებელსა და საქმის მომზადების ეტაპზე იგი ვერ გახდება სასამართლოს განხილვის საგანი.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 179.7 ლარის (საგადახდო დავალება N608, გადახდის თარიღი 2020 წლის 3 აგვისტო), 70% – 2 225.79 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ბ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 179.7 ლარის (საგადახდო დავალება N608, გადახდის თარიღი 2020 წლის 3 აგვისტო), 70% – 2 225.79 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე