Facebook Twitter

საქმე №ას-469-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისთვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან შეწყვეტამდე საიჯარო ქირის დავალიანების - 8 070 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 752.39 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე.

3. მოპასუხის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისს, საჩივრით მიმართეს მოპასუხის (კასატორის) წარმომადგენლებმა - ა.გ–მა და მ.ფ–ამ (შემდეგში: კასატორის წარმომადგენლები) და მოითხოვეს 2019 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივრის ავტორებმა მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე: 2019 წლის 3 მაისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წარმომადგენელმა (ა.გ–მა) ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. მოპასუხემ მინდობილობა გასცა საადვოკატო ბიუროს ასისტენტებზე - ლ.მ–ასა და მ.ფ–ას სახელზე. აღნიშნული პირები უზრუნველყოფენ მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებას და არ გააჩნიათ ადვოკატის დამადასტურებელი დოკუმენტი. ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ინტერესების დაცვას. საჩივარს თან ერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათი და ადვოკატის მოწმობის ასლი.

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი 2019 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა და საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 28 ივნისს, 17:00 საათზე.

3.3. 2019 წლის 28 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 70-78-ე, 233-241-ე მუხლებით.

5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:

6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმის №2/22965-18 განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე, 2019 წლის 03 მაისს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №53.

6.4. 2019 წლის 21 მარტს სატელეფონო კომუნიკაციის გზით, მოპასუხის წარმომადგენელს ლ.მ–ას ეცნობა სასამართლოს მთავარი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

6.5. 2019 წლის 03 მაისს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

6.6. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 03 მაისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6.7. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 8 070 ლარის და პირგასამტეხლოს - 752.39 ლარის გადახდა.

6.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2019 წლის 03 მაისის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

6.9. აპელანტი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომის შესახებ ცნობილი იყო მისთვის. სადავო არ იყო არც ის, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და სხდომამდე არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. სადავოა მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

6.10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად. მოპასუხის წარმომადგენელი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათიდან არ იკვეთებოდა ჯანმრთელობის ისეთი გაუარესება, რაც შეუძლებელს გახდიდა მის სხდომაზე გამოცხადებას. ამასთან, წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ მ.ფ–ას და ლ.მ–ას, რომელთაც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობიათ სასამართლოსთვის.

6.11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში როდესაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტს, მოპასუხის პოზიციის გასამყარებლად მეტად სარწმუნო, ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება არსებობდა.

6.12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი.

6.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

6.14. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.15. 2016 წლის 08 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 20 წლის ვადით მცხეთის რაიონის სოფელ ....... მდებარე 336 239 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......).

6.16. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ქონებით სარგებლობისათვის გადაეხადა ყოველწლიური საიჯარო ქირა 32 285 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვამდე, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებიულ დღეზე.

6.17. რულების 3.1.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა. აღნიშნული ვალდებულების შუსრულებლობისათვის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ ასევე არ შესრულდა 3.1.2. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ხელშეკრულების 6.4. მუხლით მას ეკისრება პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.

6.18. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

6.19. მოპასუხის მიმართვის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ნოემბრის 01/7-434 ბრძანებით მხარეებს შორის შეწყვეტილ იქნა 2016 წლის 08 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება.

6.20. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების 8 070 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 752.39 ლარის გადახდის დაკისრება.

6.21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი დაკმაყოფილდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, რა დროსაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა (სსკ-ის 230.1 მუხლი). ამდენად, საქმის დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში განხილვისას სასამართლო მოკლებულია მოპასუხის არგუმენტების კვლევისა და შეფასების შესაძლებლობას.

6.22. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

6.23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებული იქნა შესვენება მხარის მოძიების მიზნით, ამასთან გამოცხადებული იქნა სასამართლო შენობაში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალების მეშვეობით. აღნიშნულის მიუხედავად, მხარე მოძიებული ვერ იქნა. გამოირკვა, რომ მათ (წარმომადგენლების) მიერ რაიმე განცხადება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა და არც სხვა ფორმით არ დაკავშირებიან სასამართლოს. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებიდან გავიდა გონივრული მოლოდინის პერიოდი, რა ხნის განმავლობაშიც შეიძლებოდა მხარეს დაგვიანებოდა ან ვერ ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე.

6.24. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა გამოწვეული იმ მიზეზით, რაც ობიექტურად შეიძლება საპატიო გარემოებად მიჩნეულიყო.

7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

7.2. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის ნომბრის ჩათვლით საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოპასუხემ 2017 წლის 8 აგვისტოს მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. სწორედ ამ დროიდან ითვლება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილად.

7.3. გარდა ამისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ წარდგენილი სამედიცინო ბარათიდან არ იკვეთებოდა პაციენტის მდგომარეობა, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. მაღალი ტემპერატურის გამო შეუძლებელი იყო ფიზიკურად გადაადგილება და სხდომაზე გამოცხადება. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე წარმომადგენელს როგორც კი მიეცა შესაძლებლობა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ აცნობა ასისტენტებს, რის შემდეგაც ლ.მ–ა დაუკავშირდა სასამართლოს და შეატყობინა საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ, მაგრამ სხდომა დასრულებული იყო.

7.4. საქმეში წარმოდგენილია ადვოკატის ასისტენტების სახელზე გაცემული მინდობილობები, თუმცა სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ ისინი მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფდნენ ტექნიკურ მხარდაჭერას და არ გააჩნიათ ადვოკატის დამადასტურებელი დოკუმენტი. ისინი მოპასუხის ინტერესების დაცვას ვერ განახორციელებდნენ. მოპასუხის წარმომადგენლის, როგორც ადვოკატის დასწრება წარმოადგენდა აუცილებლობას მოპასუხე მხარის ინტერესების სრულად დასაცავად.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხისთვის სათანადო წესით იყო შეტყობინებული საქმის განხილვისა და დანიშნული სხდომის დრო და ადგილი, შესაბამისად, საპატიო მიზეზის არ არსებობის პირობებში, აღნიშნული, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

15. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.

17. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

18. მოპასუხის წარმომადგენელი სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს სასამართლო განხილვის დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული პაციენტის სამედიცინო ბარათიდან არ იკვეთება ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესება, რაც შეუძლებელს გახდიდა მის სხდომაზე დასწრებას. ისეთ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტაციას, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, სათანადოდ უნდა დაესაბუთებინა, რომ მისი დასწრება იყო უკიდურესად აუცილებელი და მოპასუხის ინტერესებს ვერ დაიცავდნენ მინდობილობაში მასთან ერთდ წარმოდგენილი პირები.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პოზიციას, რომ ა.გ–ის გარდა, მინდობილობაში მოხსენიებული პირები უზრუნველყოფდნენ მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭერას. საქმის მასალებში დაცული მინდობილობის შინაარსიდან ირკვევა, რომ მარწმუნებელმა სამივე წარმომადგენელი როგორც ერთობლივად, ასევე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სამოქმედოდ თანაბარი უფლებებით აღჭურვა, მათ შორის სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილებით.

21. ამასთან, არ დგინდება წინაპირობა მასზე, რომ განსაზღვრულ დროს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. (იხ.სუსგ №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი)

23. დადგენილია ისიც, რომ საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორის წარმომადგენელი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა დაეცვა საკუთარი პოზიცია და დასაბუთებულად მიეთითებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მხარეს არ ჰქონდა ინტერესი მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

24. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო. დასახელებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო, ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან, აღნიშნული, სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა, იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230-ე მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

28. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული მოთხოვნები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას, მართებულად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ბ–ის საკასაციო, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. დ.ბ–ს (......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მ.ფ–ას (.....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 442 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 20 ივლისი), 70% – 309.4 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ვ. კაკაბაძე