Facebook Twitter

საქმე №ას-1291-2020 9 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ჩ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ჩ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, დასაქმებული) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელი სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, ბანკი, დამსაქმებელი) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის მტკიცებით, მისი გათავისუფლების შემდეგ ბანკში გეგმის შესრულების მაჩვენებლების ზრდა სალომბარდე მომსახურებასთან დაკავშირებით ბანკის პოლიტიკის ცვლილებამ (ლოიალურობამ) განაპირობა. კასატორის განმარტებით, მისი დასაქმების ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირება შეწყვიტა არაერთმა კერძო ლომბარდმა, ნაწილმა კი, მომხმარებლებს აღარ შესთავაზა შეღავათიანი პირობები, რამაც ხელი შეუწყო ამ სერვისის მომხმარებელთა ნაკადის კომერციული ბანკებისადმი მიმართვიანობის ზრდას. კასატორმა, ამავდროულად, საკასაციო საჩივარზე თანდართულ სალომბარდე ხელშეკრულებებზეც მიუთითა და აღნიშნა, რომ სალომბარდე სესხების მიმართ დადგენილი გეგმის შესრულებაზე საბანკო სარგებლის შემცირებამ გავლენა იქონია.

2.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, დასაქმებულის ბრალეული მოქმედებით იყო თუ არა გამოწვეული სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება.

3. კასატორმა შუამდგომლობითაც მომართა სასამართლოს, კერძოდ, კასატორი შუამდგომლობს, საქმეს დაერთოს საკასაციო საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი 2017 და 2020 წლის სალომბარდე ხელშეკრულებები.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

6.2.1. მოსარჩელე 2015 წლის 3 აგვისტოდან 2015 წლის 24 აგვისტომდე დასაქმდა ბანკში გაყიდვების ასისტენტის დროებით შემცვლელად, იმავე წლის 24 აგვისტოს კი, მასთან გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება გაყიდვების ასისტენტის თანამდებობაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა როგორც თავად შრომის ხელშეკრულება, ისე, დამატებითი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შინაგანაწესი; ნებისმიერი დამატებითი დანართი შრომით ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ამგვარ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების ჩათვლით.

6.2.2. 27.02.2017 წლიდან ცვლილება შევიდა დასაქმებულთან 2015 წლის 24 აგვისტოს დადებულ შრომით ხელშეკრულებაში და იგი დასაქმდა მიმღებ-შემფასებლის თანამდებობაზე, დასაქმებულის ანაზღაურება გათავისუფლების დროისათვის - 850 ლარს შეადგენდა.

6.2.3. დამსაქმებლის მიერ შემუშავებული თანამდებობრივი ინსტრუქცია/სამუშაოს აღწერის მიხედვით, ბანკში მიმღებ-შემფასებლის ფუნქციები, სხვა მოვალეობებთან ერთად მოიცავდა: მომსახურების ხარისხისა და გაყიდვების ამაღლების შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს კომპეტენციის ფარგლებში; კლიენტებისათვის საბანკო პროდუქტის შეთავაზებას, კონკურენტი საკრედიტო ორგანიზაციების ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებს, საკუთარი პროდუქტების უპირატესობის გამოვლენასა და სარგებლიანობის ჩვენებას.

6.2.4. 2017 წლის 5 ნოემბერს, დასაქმებული დაესწრო საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას/პრეზენტაციას ,,ცვლილებები სალომბარდე მომსახურებაში“, რომლის მიზანს სალომბარდე მომსახურებაში გეგმების შესრულებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ამ სექტორში დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

6.2.5. 2018 წლის 6 და 12 ნოემბერს, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, გეგმის შეუსრულებლობის საკითხებზე შედგა ელექტრონული მიმოწერა, სადაც დამსაქმებელმა დასაქმებული გააფრთხილა სამუშაოს არასათანადო შესრულების შესაძლო შრომითსამართლებრივ შედეგებზე. ამავდროულად, დამსაქმებელმა დასაქმებულს გამოჰკითხა, თუ რა იყო სერვისცენტრის სამუშაო გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები და დასაქმებულს მოუწოდა, გამოეჩინა მეტი აქტიურობა არა მარტო ძველ მომხმარებლებთან, არამედ ახალი მომხმარებლების მოზიდვის კუთხითაც, მათთვის ბანკის მომსახურების უპირატესობისა და დადებითი მხარეების გაცნობის გზით. ამ მიმართულებით ბანკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამდა დასაქმებულის მხარდასაჭერად.

6.2.6. 2019 წლის პირველ თებერვალს, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის (წინასწარ დადგენილი გეგმების არაერთგზის არაჯეროვანი შესრულება) დამსაქმებლმა ბრძანებით საყვედური გამოუცხადა დასაქმებულს. ბრძანებას გაეცნო და წერილობით დაეთანხმა დასაქმებული.

6.2.7. დამსაქმებლის 2019 წლის 3 მაისის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (ამჟამად მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177) საფუძველზე (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ურთიერთობის ბოლო დღე 2019 წლის 7 მაისით განისაზღვრა.

6.2.8. ბანკის მიერ გაცემული გეგმის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, დასაქმებულმა 2017 წლის 27 თებერვლიდან - 2019 წლის მაისამდე გეგმა 3-ჯერ შეასრულა.

6.2.9. დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ, ბანკის შესაბამის სერვისცენტრში, გეგმა 10 თვის მონაცემებით 8 თვეს შესრულდა.

7. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ, დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

9. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად - სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი დაედო.

10. დავის წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯის საგანია, გამოირკვეს, არსებობდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად შესაბამისი კანონისმიერი საფუძვლის გამოყენების წინაპირობები.

11. დადგენილია, რომ 2017 წლიდან მოსარჩელე ბანკში დასაქმებული იყო მიმღებ-შემფასებლის თანამდებობაზე, რომლის მოვალეობებში სხვა ფუნქციებთან ერთად სალომბარდე სესხების მოზიდვის გეგმის შესრულებაც შედიოდა. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ გარემოებების მიმართ დასაბუთებული საკაციო შედავება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, დასაქმებულის საკაციო პრეტენზია გეგმის შეუსრულებლობის მიმართ დასაქმებულის ბრალეული მოქმედების გამორიცხვას ეფუძნება, რითაც დასაქმებული, ფაქტობრივად, ერთი მხრივ, აღიარებს მის მოვალეობებში ბანკის მიერ დადგენილი გეგმის შესრულების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, სადავოდ ხდის ბანკის მიერ დაწესებული გეგმის ობიექტურად განხორციელებადობას მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პირობებში. საკასაციო პალატა სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების მიმართ ბრალის არსებობის მტკიცების სავალდებულოობაზე კასატორის შედავებას არ იზიარებს და კასატორს განუმარტავს, რომ იგი თანამდებობიდან არა ვალდებულების ბრალეული დარღვევის, არამედ კონკრეტული სამუშაოს ჯეროვანი შესრულებისათვის სპეციფიური უნარ-ჩვევების უქონლობის საფუძვლით გათავისუფლდა, რაც დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების ისეთი დამოუკიდებელი საფუძველია, რომელიც დასაქმებულის ბრალეულ მოქმედებას არ ეფუძნება და, ამდენად, სასამართლოს კვლევის საკვანძო გარემოებას არა დასაქმებულის მიერ ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა, არამედ შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობების განსახორცილებლად დასაქმებულის უნარ-ჩვევების შეფასება და დასაქმებულისათვის დაკისრებული მოვალეობის ობიექტურად შესრულების შესაძლებლობის გამორკვევა წარმოადგენს.

12. პალატა, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). განსახილველ დავაზეც მოპასუხე იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ დასაქმებულის გათავისუფლებისას იგი მართლზომიერად მოქმედებდა.

13. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათი გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა ამ დავის ფარგლებში წარმატებით დაძლია მისთვის განსაზღვრული მტკიცების ტვირთი. საკასაციო პალატის შეფასებით, საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა (2017-2020 წლის გეგმა-გრაფიკის შესრულების მონაცემები, დასაქმებულისთვის დიციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე 2019 წლის პირველი თებერვლის ბრძანება და 2018 წლის 6-12 ნოემბრის ელექტრონული მიმოწერა) ერთობლიობა ცხადყოფს, რომ დასაქმებულს არ გააჩნდა ის უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფდა ბანკის, როგორც მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას სალომბარდე სესხების მოზიდვის საქმიანობაში. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების საკითხი მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. სამართლიანი ბალანსის დაცვა გულისხმობს, რომ, ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ უნდა მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულებისათვის შესაფერისი უნარ-ჩვევების უქონლობის გამო მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება და, ასეთ შემთხვევაში, მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.

13.1. საკასაციო პალატის შეფასებით, 2017-2020 წლებში სალომბარდე სესხის მოზიდვის გეგმა-გრაფიკის შესრულების მაჩვენებლები, დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის ერთ-ერთ საკვანძო მტკიცებულებას წარმოადგენს, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ ახალი დასაქმებულის მიერ გეგმა-გრაფიკის შესრულების მყისიერად გაუმჯობესება. წარმოდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ, მომდევნო 10 თვის განმავლობაში გეგმა 8 თვის მონაცემებით შესრულდა. დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მტკიცებულების შინაარსი, მასში მითითებული მონაცემების ნამდვილობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და კასატორი მხოლოდ ახალი დასაქმებულის მიერ შედეგების გაუმჯობესების მიზეზებზე მითითებით შემოიფარგლა. საკასაციო პალატის შეფასებით, ახალი დასაქმებულის მიერ გეგმის შესრულების მაჩვენებლები თვალნათლივ ადასტურებს, რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა პროფესიულ მოვალეობას. დასაქმებულის გათავისუფლების შემდგომი პერიოდის გეგმა-გრაფიკის შესრულების სტატისტიკა, ცხადყოფს იმასაც, რომ ბანკის მიერ დაწესებული გეგმის შესრულება სათანადო უნარ-ჩვევების მქონე პირისათვის ობიექტურად შესრულებად სამუშაო გეგმას წარმოადგენდა.

13.2. საკასაციო პალატა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ელექტრონული მიმოწერის შინაარსსაც შეეხება, რომლის თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულს მიუთითა გეგმის ფაქტობრივად ტოტალურ შეუსრულებლობაზე (1 წლის მანძილზე 1 თვე) და სამუშაოს შესრულების შედეგების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. ამავე მიმოწერიდან ირკვევა, რომ ბანკს ჰქონდა გარკვეული უპირატესობები (დაბალი სარგებლის % ბაზარზე), რაც სათანადოდ ვერ გამოიყენა დასაქმებულმა სალომბარდე სესხის მოსაზიდად. საყურადღებოა ისიც, რომ ბანკისადმი საპასუხო წერილში, დასაქმებული მიუთითებდა შედეგის გასაუმჯობესებლად სამომავლოდ გარკვეულ ღონისძიებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად მის მიერ გეგმის არადამაკმაყოფილებლად შესრულებისა 11 თვის განმავლობაში, დასაქმებულს დამსაქმებლის ელექტრონულ შეტყობინებამდე, წინსმწრებად ეფექტური, ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებია სამუშაოს შესრულების შედეგის გასაუმჯობესებლად, და მხოლოდ დამსაქმებლის მიერ ელექტრონულ შეტყობინებაში უკმაყოფილების გამოხატვის საპასუხოდ გამოთქვამდა მზაობას აქტიური მოქმედებების შესასრულებლად, რაც სამომავლოდ გეგმის შესასრულებლად ეფექტური იქნებოდა. ელექტრონული მიმოწერის შინაარსი სხვა მტკიცებულებებთან ერთად ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები.

13.3. დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას, შესაძლებელია კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად ჩაითვალოს, როდესაც დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ გაცემული აქვს შესაბამისი მითითება და წერილობითი გაფრთხილება და დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ, რაც გასულია შესრულების გასაუმჯობესებლად განსაზღვრული გონივრული ვადა. საკასაციო პალატა ამ კონტექსტში, ყურადღებას მიაქცევს 2019 წლის პირველ თებერვალს დასაქმებულისათვის, გათავისუფლებამდე სამი თვით ადრე, სამუშაო გეგმის არაერთგზის შეუსრულებლობის გამო დისციპლინური სახდელის შეფარდების აქტს, რასაც, თავის მხრივ, სამართლებრივად დასაქმებულის გამაფრთხილებელი ფუნქცია აქვს და დასაქმებულისათვის სამუშაოს შენარჩუნების მიზანს ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულმა ერთ წელში სამუშაო სრულყოფილად მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში შეასრულა. დამსაქმებელი დასაქმებულის ჯერ ელექტრონული შეტყობინების ფარგლებში გაფრთხილებით, ხოლო შემდეგ უკვე დისციპლინური პასუხისმგებლობის მსუბუქი სანქციის გამოყენებით შეეცადა, დასაქმებულთან შეენარჩუნებინა შრომითი ურთიერთობა, რაც დამსაქმებლის კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს შეესაბამება. ამ ღონისძიებების მიუხედავად, დასაქმებულმა ვერ შეძლო სამუშაოს შესრულების შედეგობრივი გაუმჯობესება, რამაც საბოლოოდ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობა. სადავო საკითხის შეფასების ასპექტში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმებულს არათუ არ გაუსაჩივრებია მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლიანობა კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადაში, არამედ პირიქით, დაეთანხმა კიდეც, ბრძანების ტექსტზე შესაბამისი წერილობითი აღნიშვნით, რითაც თავადვე დაადასტურა მასზე დაკისრებული სამუშაო მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმ გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გააქარწყლებდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ მნიშვნელობას. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესი, რაც დამსაქმებელს აკისრებს დასაქმებულის თანამდებობიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე მთლიანად თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან. თავის მხრივ, მოსარჩელეს ევალება, გააბათილოს მოპასუხის სამართლებრივი არგუმენტაცია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაუპირისპირა ზეპირი განმარტება ბანკის პოლიტიკს ცვლილების შესახებ, რაც, ვერ აქარწყლებს დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია სასამართლოსთვის არ წარუდგენია, ხოლო საქმეში დაცული მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე, სამუშაოს შესრულების ხარისხი გაუმჯობესდა მყისიერად, დასაქმებულის შეცვლისთანავე, მომდევნო თვეებში, რაც არ შეიძლება, დავუკავშიროთ ბანკის პოლიტიკის შესაძლო შეცვლას.

15. კასატორმა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს წინაშე მტკიცებულებების დართვის თაობაზე იშუამდგომლა, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის ( საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს ახალი მტკიცებულებების კვლევის პროცესუალური შესაძლებლობა, რაც კასატორის შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია.

16. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, საკმარისი საფუძველი ჰქონდა და სადავოდ გამხდარი ქმედება არ ეწინააღმდეგებოდა მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე №ას-352-337-2016, 14 ივლისი, 2016 წელი).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 9978918012, გადახდის თარიღი 15.10.2020), 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.ჩ–ძის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. ნ.ჩ–ძეს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 9978918012, გადახდის თარიღი 15.10.2020), 70% – 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: ლ.მიქაბერიძე

ვ.კაკაბაძე