Facebook Twitter

საქმე №ას-215-2021 1 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.მ–ის“ (შემედგში - მოპასუხე) მიმართ 80 809.60 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და, ამავდროულად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებაზეც მიუთითა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 928.98 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება, სასამართლომ მოსარჩელეს ფოსტით გაუგზავნა 2021 წლის 22 იანვარს, რომელიც ადრესატს 2021 წლის 28 იანვარს ჩაჰბარდა.

7. 2021 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მომართა სასამართლოს, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

9. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, დადგენილია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლები. სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი კი, ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის მიხედვითაც, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების სხვა შემთხვევებს, თავის მხრივ, ადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელდობრ, კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულია შეღავათები სახელმწიფო ბაჟში, რომლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან –ყველა საქმეზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმოქმედა რა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების გამორკვევისათვის განმსაზღვრელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისათვის გაგზავნილი დასაბუთებული განჩინების ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადის დენის ათვლის თარიღი.

12. გასაჩივრების უფლების წარმოშობისა და ამ ვადის დენის დასაწყისს სსსკ-ის 60 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

13. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი 2021 წლის 22 იანვარს, ფოსტით გაუგზავნა. საქმეში დაცული საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ აპელანტ დაწესებულებას სასამართლო გზავნილი, 2021 წლის 28 იანვარს ჩაჰბარდა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორმა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 22 თებერვალს, საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველი უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გ. მიქაუტაძე