Facebook Twitter

2 მარტი, 2021 წელი

საქმე №ას-8-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.მ–ი, ს.შ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ.მ–ისა და ს.შ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) დირექტორის 2018 წლის 29 ოქტომბრის N29-10/18-2 ბრძანება მოსარჩელეების გათავისუფლების ნაწილში; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაცია თითოეულისთვის 16 000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ, დაეკისრა გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება თითოეულისთვის 665 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ, დაეკისრა საშვებულებო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის _ 0,07% 2018 წლის 8 ნოემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე მოსარჩელეებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელეების შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის კასაციის საფუძვლების მითითებით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის სახითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

6. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2021 წლის 12 თებერვალს პირადად ჩაჰბარდა.

7. 2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი დედნის სახით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2021 წლის 12 თებერვალს კასატორის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა.

8.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 17 თებერვალს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 17 თებერვლის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელის განცხადება, რომელსაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ერთვოდა თან საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 22 თებერვალს ფოსტის მეშვეობით. კონვერტზე არსებული ფოსტის ბეჭდით დგინდება, რომ გზავნილი ფოსტაში ჩაბარებულია 2021 წლის 19 თებერვალს.

8.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

8.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

8.5. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

8.6. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ა.ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 დაუბრუნდეს შპს „ნ. და კ–ის“ (ს/კ .......) 2020 წლის 6 ნოემბერს #1604666484 საგადასახადო დავალების მიხედვით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე