№ას-36-2021 5 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჯ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოპასუხეები - გ.ო–ა, ი.ჯ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (თავდაპირველი სარჩელით), იპოთეკის გაუქმება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", "აპელანტი", "კასატორი") წარადგინა სარჩელი გ.ო–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე"), ი.ჯ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მეორე მოპასუხე") და შპს „ა.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მეორე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N3730382-8055883 ხელშეკრულებიდან გამომდინარე:
- 50 748.92 აშშ დოლარის (ძირი, სარგებელი, ჯარიმა, დაზღვევა) გადახდის დაკისრება;
- ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 45 711.74 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველთვიურად 0.10%-ის ოდენობით (დღიურად 45.71 აშშ დოლარი) 14.12.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა, რაც ჯამურად შეადგენს 4 113.9 აშშ დოლარს;
- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე (45 711.74 აშშ დოლარი) წლიური საპროცენტო სარგებლის 9.10%-ის ოდენობით გადახდა 14.12.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 14 771.54 აშშ დოლარისა.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები:
- ქ. თბილისი, ....., ბლოკი A, საკადასტრო კოდი N ...... (მესაკუთრე - პირველი მოპასუხე).
- ქ. თბილისი, ..... ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, ...., კორპუსი 14, ბლოკი B, საკადასტრო კოდი N ..... (მესაკუთრე - მესამე მოპასუხე).
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის, მათ შორის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
2. მესამე მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა:
- მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე N .... მოსარჩელის იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარება და მის სასარგებლოდ არსებული შესაბამისი იპოთეკის ჩანაწერის გაუქმება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.09.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 45 711.74 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, პროცენტის - 1 807.77 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, პირგასამტეხლოს - 2 955.53 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და დაზღვევის - 273.88 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
- 45 711.74 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველთვიურად 0.10%-ის ოდენობით (დღიურად 45.71 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) 14.12.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა, რაც ჯამურად შეადგენს 4 113.90 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;
- 45 711.74 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდა 9.10%-ის ოდენობით 14.12.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 14 771.54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა.
- დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, სართული 4, ბინა N13, ბლოკი A, საკადასტრო კოდი N .......
- მოთხოვნა მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
- დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება განხორციელდეს მეორე მოპასუხის ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
- მესამე მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ს/კ N ..... მოსარჩელის იპოთეკის უფლება და გაუქმდა იპოთეკის შესახებ ჩანაწერი (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.134-150).
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.09.2019წ. გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 6-17).
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. წინამდებარე საქმე, მოსარჩელის საკასაციო საჩივართან ერთად, საკასაციო სასამართლოს განმხილველ მოსამართლეს გადაეცა 26.01.2021წ..
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
10. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ წარმოადგენს პირს, ვისთან გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულებაც სასამართლოს აქვს.
12. მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სუსგ №ას-923-2018, 20.07.2018წ.).
13. ამდენად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი (30.06.2020წ.) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს მ.რ–ს (იხ.: მინდობილობა ტ.2, ს.ფ.168, 169; ტელეფონით სასამართლო შემტყობინების შესახებ აქტი, ტ.3, ს.ფ. 5). ამავე აქტით წარმომადგენელს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივრის განხილვიდან არა უადრეს 20 (2020 წლის 20 ივლისი) და არა უგვიანეს 30 დღისა (2020 წლის 30 ივლისი) განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2020წ. განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. ამ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლი ჩაიბარა მხოლოდ მესამე მოპასუხემ (ტ.3, ს.ფ. 18,19).
15. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 31 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 20 აგვისტოს ამოიწურა.
16. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა მ.რ–მა 05.11.2020წ., ანუ სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით, მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით(იხ.: ტ.3, ს.ფ.20-26), 19.11.2020წ. კი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია მისი საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრით დგინდება, რომ იგი შედგენილია 18.11.2020წ. და ელექტრონულად არის სასამართლოში გადაგზავნილი. ამასთან, იგი შედგენის დღესაც რომ იყოს ელექტრონულად გადაგზავნილი, გასაჩივრების ვადა კასატორს მაინც დარღვეული აქვს.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1354-2019, 21 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1395-2020, 7 დეკემბერი, 2020 წელი).
18. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კასატორის წარმომადგენელმა 22.01.2021წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს და თავადაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება (ტ.3, ს.ფ.55-61).
19. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
20. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარს ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ოდენობით გადახდის ქვითარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. სს „თ.ბ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (საგადასახადო დავალება N48817, გადახდის თარიღი 18.11.2020წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე