Facebook Twitter

№ას-1412-2020 25 იანვარი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ს–ი, ზ.წ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ო.ს.კ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.09.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „მ.ო.ს.კ.მა" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ნ.ს–ისა და ზ.წ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „კასატორები“) მიმართ და მოითხოვა 20.12.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5554.53 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3366.10 ლარი, სარგებელი - 1860.43 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 328 ლარი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.01.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5554.53 ლარის გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ.113-122). გადაწყვეტილება 4054.53 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.09.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ.172-180). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.12.2020წ. განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.12.2020წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორების წარმომადგენელს - ზ.გ–ას 23.12.2020წ. (იხ.: მინდობილობები, ს.ფ.83, 95; უკუგზავნილი, ს.ფ.201). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირის პირადი ნომერი.

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩათვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

8. საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილების პირველი მუხლით 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად (7 იანვარი - შობის დღესასწაული, 16,17 იანვარი - შაბათ-კვირა).

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა 2021 წლის 18 იანვარს. ამდენად, კასატორებს ხარვეზი 2021 წლის 18 იანვრის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-44-2020, 27 მაისი, 2020 წელი; №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი, №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-388-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ს–ის და ზ.წ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე