საქმე №ას-1481-2020 9 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.ს–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.ბ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გ.ბ–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გ.ბ–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ჭიათურა, სოფ. ...... საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2021 წლის 12 იანვარს ჩაბარდა ადრესატს პირადად (ტ. 1, ს.ფ. 246).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 13 იანვარს და ამოიწურა 2021 წლის 17 იანვარს. ვინაიდან 17 იანვარი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2021 წლის 18 იანვარს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 28 იანვარს და ამავე წლის 9 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან შემოვიდა გ.ბ–ძის განცხადებები, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების, ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 24 და ამავე წლის 31 იანვარს ანუ კერძო საჩივრის ავტორისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ვინაიდან გ.ბ–ძემ ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და მოსამართლე ნინო ბაქაქურის საქმიდან აცილების თაობაზე შუამდგომლობები წარმოადგინა ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ შუამდგომლობებზე.
გამომდინარე იქედან, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
რაც შეეხება გ.ბ–ძის მოთხოვნას განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
წარმოდგენილი განცხადებით გ.ბ–ძე ითხოვს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას იმგვარად, რომ ნაცვლად სასამართლოს მიერ მოთხოვნილი კერძო საჩივრის დედნისა, მოთხოვნილ იქნეს კერძო საჩივრის ხარისხიანი ასლი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ფოსტის მომსახურება ფასიანია და მას არ აქვს ფინანსურად ამის შესაძლებლობა. ამასთან, ვერ ახერხებს ფოსტაში მისვლას დიდთოვლობის გამო და სწორედ ამიტომ კერძო საჩივარი გაგზავნილ იქნა სასამართლოში ტელეფონით გადაღებული ასლის სახით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივარი ხელმოწერილი იყო კერძო საჩივრის ავტორის მიერ, მაგრამ დოკუმენტი წარმოდგენილი იყო ასლის სახით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია რა რომ ასლის სახით წარდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად (თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება) დაადგინა ხარვეზი. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის ასლის სახით წარდგენის გამო ხარვეზის დადგენისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე უსწორობა ან შეცდომა არ დაუშვია, რის გამოც, არ არსებობს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. გ.ბ–ძის განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური