საქმე №ა-5154-შ-124-2020 10 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.უ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.უ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიუტერსლოს პირველი ინსტანციის საოჯახო სამართლის სასამართლოს 16F678/15 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიუტერსლოს პირველი ინსტანციის საოჯახო სამართლის სასამართლოს 16F678/15 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), შეწყდა, ნ.უ–ასა და გ.უ–ს (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) შორის 1994 წლის 25 ივნისს საქართველოში, ქ. თბილისში, რეგისტრირებული ქორწინება #435.
2. შუამდგომლობის ავტორმა, 2020 წლის 21 დეკემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 10 იანვრიდან (სხვა შემთხვევაში 2017 წლის 18 თებერვლიდან). ამასთან, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მიერ სამართალწარმოება დაწყებულია მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.უ–ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გიუტერსლოს პირველი ინსტანციის საოჯახო სამართლის სასამართლოს 16F678/15 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა, ნ.უ–სა და გ.უ–ს შორის 1994 წლის 25 ივნისს საქართველოში, ქ. თბილისში, რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების ჩანაწერის ნომერი №435);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე