Facebook Twitter

საქმე №ას-1485-2020 4 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს – 4003.14 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 6 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №395 ხელშეკრულება 79 650 ლარის საერთო ღირებულებით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული საქონლის (ნაქსოვი ქუდი) შესყიდვა.

3. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის.

4. ხელშეკრულების 22.1 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხემ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, დაარღვია საქონლის მიწოდების ვადა, რის გამოც 2017 წლის 4 დეკემბრის №395-1 აქტით დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ – 4003.14 ლარი. მიწოდებული სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, საქონლის მიწოდება განხორციელდა: 2017 წლის 18 ოქტომბერს –14 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 20 ოქტომბერს – 16 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 23 ოქტომბერს – 19 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 24 ოქტომბერს – 20 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 30 ოქტომბერს – 26 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 1 ნოემბერს – 28 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 6 ნოემბერს – 33 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 7 ნოემბერს – 34 დღის დაგვიანებით; 2017 წლის 8 ნოემბერს – 35 დღის დაგვიანებით.

5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №395 ხელშეკრულების 16.1 და 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. ამავე ხელშეკრულების 16.7 პუნქტის შესაბამისად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგება.

7. ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღების აქტის თარიღი.

8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 4 დეკემბრის №1159161 წერილით მოპასუხეს გაეგზავნა 2017 წლის 16 ივლისის №395 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის გამო, შედგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების №395-1 აქტი და მითითებული აქტის მე-5.1. პუნქტის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა აქტის ჩაბარებიდან 10 დღე, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის დაკისრების შესახებ შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0.02%-მდე. მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპი და სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვროს თაობაზე, რომლითაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო პირგასამტეხლოს – 400 ლარის გადახდის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2001,57 ლარი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრა 3000 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენს, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგომ – სსკ) 477-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები.

13. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ ხელშეკრულება შეასრულა ვადაგადაცილებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №395 ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4003.14 ლარს, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხის მხრიდან დღემდე არ მომხდარა.

14. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულება ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ამდენად, ხელშეკრულების არსებით პირობაზე შეთანხმებით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა მხოლოდ ვალდებულების ჯეროვანი შესრულებით წყდებოდა.

15. პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოსარჩელის მიერ მოხდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2%, რამაც შეადგინა – 4003.14 ლარი.

16. ამდენად უდავოა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე, ამასთან, უდავოა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

17. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო 3000 ლარის ფარგლებში.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლებიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას დაუდო საფუძვლად.

20. სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, კასატორმა მიუთითა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე (აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას). სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. ამდენად, კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ ხელშეკრულება შეასრულა ვადაგადაცილებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №395 ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო – 4003.14 ლარი მოპასუხეს არ გადაუხდია.

26. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულება ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

27. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მხარეთა შორის ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული და სათანადოდ არ გამოიკვლია პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

28. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

29. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება კასატორის ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.

30. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

31. საკასაციო პალატა აღინიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

32. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

35. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

36. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით) გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

37. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ . Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).

38. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით (სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით) აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

39. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

40. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ 10.12.2020წ. საქმე №ას-888-2020).

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

45. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი