საქმე №ას-1095-2019 4 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ფ.თ.ი.ზ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.კ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), შეთანხმების ბათილად (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ი.კ.ჰ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „რ.ს. ფ.თ.ი.ზ–ა“ (შემდეგში - მოპასუხე ან შეგებებული სარჩელის ავტორი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 190 281.36 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 2012 წლის 30 ოქტომბერს, შპს ,,რ.ს. თ.ი.ზ–ას“ და შპს ,,ი.კ.ჰ–ს“ შორის, გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით დაფიქსირდა შპს ,,რ.ს. თ.ი.ზ–ას“ ვალდებულება გადაეხადა შპს ,,ი.კ.ჰ–ისათვის“ 190 281.36 აშშ დოლარი. შპს ,,რ.ს. თ.ი.ზ–ას“ აღნიშნული დავალიანება უნდა დაეფარა ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად ან შეთანხმების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში. ვინაიდან გრაფიკზე შეთანხმება ვერ მოხერხდა - მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 30 ოქტომბრამდე. თანხის გადახდის ვალდებულება და ვალდებულების მოცულობა მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა. მხარეებს შორის წლების განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული, მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოებს. 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმებით, შპს ,,რ.ს. თ.ი.ზ–ამ“ აღიარა ვალდებულება, რომ შპს ,,ი.კ.ჰ–ისათვის“ უნდა გადაეხადა 190281.36 აშშ დოლარი. მოპასუხეს 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმებით აღიარებული დავალიანება დღემდე არ აქვს შესრულებული.
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც შპს „რ.ს. თ.ი.ზ–ასა“ და შპს „ი.კ.ჰ–ს“ შორის 2012 წლის 30 ოქტომბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
4. შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „რ.ს. თ.ი.ზ–ა" არ დადებდა ზემოაღნიშნულ შეთანხმებას, რომ სცოდნოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც წინ უძღოდა სადავო შეთანხმების გაფორმებას. ამგვარად, სახეზეა ბათილი შეთანხმება და აღნიშნული რაიმე სახის ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ არ წარმოშობს. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შემავალმა ერთერთმა საემირომ - რ. ა.ხ–ამ და მისმა მმართველმა, 2005 წელს მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, რ. ა.ხ–ას მმართველის მიერ კონტროლირებადმა კომპანიებმა და სახელმწიფო ორგანოებმა საქართველოში რამდენიმე კომპანია დააფუძნეს. კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობის გენერალური დირექტორი იყო გ.მ–ძე. დაფუძნებულ კომპანიებს შორის იყო 2008 წელს დაფუძნებული შპს „ი.კ.ჰ–იც", რომლის წილთა 100% წარმოადგენდა რ. ა.ხ–ას ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია „რ.ქ.დ.ლ–ის" საკუთრებას და მისი ძირითადი ფუნქცია იყო რ. ა.ხ–ას საინვესტიციო პროექტებში (საჭიროების შემთხვევაში) სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
5. 2011 წლის 8 ნოემბერს, გ.მ–ძემ, რომელიც მოქმედებდა „რ.ქ.დ.ლ–ის" სახელით, შპს „ი.კ.ჰ–ის" წილთა 100% მიჰყიდა ინგლისში დაფუძნებულ კომანდიტურ საზოგადოება „მ–ის", რომელსაც ტრანზაქციის განხორციელებისას ი.ქ–ძე წარმოადგენდა. 2012 წელს ინვესტორს კითხვები გაუჩნდა მის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანიების და გ.მ–ძის მიმართ. ინვესტორის კუთვნილი წილების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით. გ.მ–ძის მიმართ დადგენილია განაჩენი და წილები დაბრუნებული აქვს ინვესტორს. შიდა კორპორაციული გამოძიებით კი, დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის 8 ნოემბერს შპს „ი.კ.ჰ–ის" წილების ინგლისში რეგისტრირებულ კომანდიტურ საზოგადოება „მ–იზე" გადაცემა იყო გ.მ–ძის მორიგი მცდელობა ხელში ჩაეგდო შპს „ი.კ.ჰ–ი", ვინაიდან კს „მ–ის" სახელით მოქმედებდა ი.ქ–ძე, გ.მ–ძის უახლოესი მეგობარი და ეს კომპანია უშუალოდ გ.მ–ძის მიერ კონტროლდება. 2012 წლის 30 ოქტომბერს შპს „რ.თ.ი.ზ–ასა" და შპს „ი.კ.ჰ–ს" შორის, დაიდო სადავო შეთანხმება, თანხის დაკისრების შესახებ. შპს „ი.კ.ჰ–თან", თავის დროზე, ხუთი ხელშეკრულების დადება (რომელთა შეწყვეტის მიზნითაც დაიდო 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმება) გამოწვეული იყო იმით, რომ ეს კომპანია ასევე შედიოდა რ. ჯგუფის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ფარგლებში დაფუძნებულ კომპანიათა ჯგუფში.
6. შეგებებული სარჩელის ძირითად საფუძვლად ის გარემოება იქნა მიჩნეული, რომ შპს „რ.ს. თ.ი.ზ–ას" არ ჰქონდა ინფორმაცია იმ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებების შესახებ, რაზეც ზემოთ აღინიშნა და რომელსაც თავდაპირველი სარჩელის ავტორი კომპანია მთლიანად რ. ჯგუფის მიმართ ახორციელებდა.
7. დადგენილია მოპასუხის - შპს „რ.ს. თ.ი.ზ–ის" (ს.კ:..... სახელწოდება დაზუსტდა, კერძოდ, შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ფ.თ.ი.ზ–ა“ (იხ., ტ.2. ს.ფ. 47, 80).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 190 281.36 აშშ დოლარის გადახდა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით. აპელანტმა (მოპასუხე) მოითხოვა სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. მხარეთა შორის, გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, შემდეგი შინაარსით: - აღნიშნული ხელშეკრულებების და ასევე მხარეთა შორის არსებული სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ფინანსური ურთიერთვალდებულებების გათვალისწინებით შედგა საბოლოო შედარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის არსებული ფინანსური ურთიერთვალდებულებები, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (მე-2 მუხლი). - მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 190 281.36 აშშ დოლარით, რომელიც უნდა დაფარულიყო ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად ან შეთანხმების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში (მე-3 და მე-4 მუხლები). მხარეებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტისათვის, გარდა ამავე შეთანხმებით დარეგულირებული ფინანსური ვალდებულებისა, ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ (მე-5 მუხლი)(ტ.1, ს.ფ. 16-18).
13. მხარეთა შორის გრაფიკზე შეთანხმება არ მომხდარა. შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 30 ოქტომბრამდე.
14. სარჩელში დავის საგანია 30.10.2012წ. შეთანხმების შესრულება, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს 30.10.2012წ. შეთანხმების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 360-ე მუხლით დადგენილი გარიგების ბათილობის წანამძღვრები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხზე, ხომ არ არსებობდა 30.10.2012წ. შეთანხმების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
15. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმება გაფორმდა მოსარჩელესთან დადებული ხუთი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით. მოპასუხეს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებების შესახებ, რომელსაც მოსარჩელე კომპანია გ.მ–ძესთან ერთად რ. ჯგუფის მიმართ ახორციელებდა. მოპასუხეს აღნიშნული გარემოებები რომ სცოდნოდა, იგი არ გააფორმებდა სადავო შეთანხმებას (იხ.: შეგებებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 338-358).
16. სსკ-ის 360 მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავა გულისხმობს მხარეთა წარმოდგენების განსხვავებულობას სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი, რომ დავა მთლიან სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდებოდეს, საკმარისია, თუ ის მის ცალკეულ ელემენტებს (მაგ. ერთ ცალკეულ მოთხოვნას ან შესაგებელს) უკავშირდება. ასევე უმნიშვნელოა არსებობს თუ არა სინამდვილეში ეს სამართლებრივი ურთიერთობა და საკმარისია, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე მაინც დარწმუნებული იყოს მის არსებობაში. გაურკვევლობა ეხება შემთხვევას, როდესაც არც ერთი მხარე არ არის დარწმუნებული არც თავისი და არც მეორე მხარის მოთხოვნის მართებულობაში. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის არსებობას უთანაბრდება მოთხოვნის განხორციელების საეჭვოობა. თუ მხარეთა შორის დავა ან გაურკვევლობა არ არის სახეზე, ან არ ხდება ორმხრივი დათმობა, მაშინ უკვე თავისთავად აღარ გვაქვს საქმე 360-ე მუხლში ნახსენებ მორიგებასთან, არამედ სხვა ტიპის დავის მოგვარებასთან, თუმცა ამ მოგვარების შემთხვევაშიც შესაძლებელია 360-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება, თუ შეთანხმებას მხარეთა შეცდომა უდევს საფუძვლად.
18. რაც შეეხება დავის აღმოფხვრ., მორიგების ხელშეკრულების მიზანია არსებული დავის, გაურკვევლობის ან დაურწმუნებლობის აღმოფხვრა. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ ის სრულებით აღმოიფხვრ., საკმარისია მისი ნაწილობრივი, ცალკეული პუნქტების ან დროებითი მოგვარება. დავის, გაურკვევლობისა და დაურწმუნებლობის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ორმხრივი დათმობის გზით. ორივე მხარემ უნდა დათმოს თავისი პოზიციის ნაწილი მაინც, თუმცა თანაზომიერება გაღებულ მსხვერპლს შორის აუცილებელი არ არის. შესაძლებელია სადავო სამართლებრივი მოთხოვნის შენარჩუნების სანაცვლოდ მოდავე მხარემ იკისროს შესრულებით ახალი ვალდებულება. თუ მხოლოდ ერთი მხარე თმობს პოზიციებს და მეორე მხარისაგან სანაცვლოდ არაფერს იღებს, მაშინ სახეზე არ გვაქვს მორიგება 360-ე მუხლის შესაბამისად და შესაძლებელია საქმე გვქონდეს ე. წ. დეკლარატორულ (კაუზალურ) ვალის აღიარებასთან, ვალის ნაწილობრივ პატიებასთან და ა. შ.. მიუხედავად იმისა, რომ მორიგება გარკვეულწილად შეიცავს ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ ვალის აღიარების ელემენტებს, განსხვავებით 341-ე მუხლში დაფიქსირებული აბსტრაქტული ვალის აღიარებისაგან, მორიგებისას მხარე აღიარებს სადავო ურთიერთობას (იხ.: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.360, http://www.gccc.ge).
19. მორიგების ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების დადების ზოგადი წესების შესაბამისად და ექვემდებარება გარიგების ნამდვილობის ზოგად წინაპირობებს. რაც შეეხება მორიგების არანამდვილობას სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას მოგვარება ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომლებიც მხარეთა შორის არ.ადავოა. სწორედ ამ გარემოებებს ხდიან მხარეები ახალი ხელშეკრულების საფუძვლად. თუ ეს საფუძველი არ.წორი აღმოჩნდება და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობას სცოდნოდათ, მასზე დაფუძნებული სამართლებრივი ურთიერთობა 360 I მუხლის შესაბამისად არანამდვილია. ამგვარად 360 I მუხლი წარმოადგენს 398 II მუხლის შესაბამისად გარიგების საფუძვლის დარღვევის სპეციალურ შემთხვევას. თითოეული მხარე კისრულობს იმ რისკს, რომ თავდაპირველ ურთიერთობაში გათვალისწინებული სადავო გარემოებების სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მან მორიგების ფარგლებში განსხვავებულად მოაწესრიგა, მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. მორიგების არანამდვილობის საფუძველს წარმოადგენს არა მხარეთა ნებისმიერი საერთო შეცდომა, არამედ ხელშეკრულების არ.წორ საფუძველზე დამყარება. თუ ერთ მხარეს არ ეშლება, დგება მოტყუების საკითხი (იხ.: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.360, http://www.gccc.ge).
20. მხარე, რომელიც მიუთითებს მორიგების ხელშეკრულების არანამდვილობაზე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ეს კონკრეტული გარემოებები გახდა გარიგების საფუძველი და ისინი სინამდვილეში არ არსებობდნენ; დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა ამ გარემოების გარეშე, რაც გულისხმობს, რომ არასწორად დაშვებული გარემოება იყო სწორედ დავის ან დაურწმუნებლობის მიზეზი (იხ.: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.360, http://www.gccc.ge).
21. მატერიალურ-სამართლებრივი მორიგება ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი თუ: - მხარეთა შორის იყო დავა ან დაურწმუნებლობა, რომელიც ემყარებოდა ორივე მხარისათვის ცნობილ სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს; - მხარეები მორიგდნენ ორმხრივი დათმობის გზით; - თუ შემდეგ დადგინდა, რომ კონკრეტული გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია დავა, მცდარია და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.
22. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითება მისი მხრიდან ცალმხრივად იმ გარემოებების არცოდნაზე, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხე კომპანია და მასთან დაკავშირებული პირი ახორციელებდნენ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებებს. ამდენად, აღნიშნული გარემოებები, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა მიუთითებდეს კონტრაჰენტის მოტყუებაზე და არა მორიგების არანამდვილობაზე მისი არ.წორი საფუძვლის გამო, წარმოდგენილი სარჩელი კი სწორედ ასეთია. ანუ თავად აპელანტი ადასტურებს 360-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოების არარსებობის ფაქტს.
23. სააპელაციო საამართლომ დაადგინა, რომ 30.10.2012წ. შეთანხმებით არ მომხდარა ორმხრივი დათმობა. განხორციელდა ურთიერთვალდებულებების შედარება, მათი გაქვითვა და ერთი მხარის ვალდებულების ნაშთის (გაუქვითავი თანხის - ე. წ. სალდოს) კონსტატაცია და მისი გადახდის ვადის განსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელი არ შეიცავს დასაბუთებას და შესაბამის მტკიცებას, რომელი კონკრეტული გარემოებები გახდა 2012 წელს მხარეთა შორის დავის ან დაურწმუნებლობის წარმოშობის საფუძველი, რაც შემდგომში აღმოჩნდა მცდარი, არანამდვილი. შეგებებული სარჩელის ავტორი (მოპასუხე, აპელანტი) საუბრობდა ურთიერთობის დაძაბვასა და დავების წარმოშობაზე მომავალში და არა 30.10.2012წ. შეთანხმების გაფორმებამდე პერიოდზე. აღნიშნულის საპასუხოდ, შეგებებული სარჩელის მოპასუხე განმარტავდა, რომ: მხარეთა შორის არ არსებობდა დავა ან დაურწმუნებლობა, რაც დასტურდება ელექტრონული მიმოწერებით; მიმოწერის ტექსტი ადასტურებს, რომ მხარეებს შორის იყო საქმიანი ურთიერთობა და არსებობდა ვალდებულება, რომლის ოდენობა მხარეთა შორის სადავო არ იყო; მხარეები სადავო შეთანხმებაზე ხელის მოწერით რაიმე სახის დათმობაზე არ წასულან; საქმეში წარმოდგენილი დადასტურებული ანგარიშფაქტურებით ჩანს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოებს (ახალი საწყობის მშენებლობა, გზის საფარის სამუშაოები, მისასვლელი გზის შეკეთება და ა.შ..) (ტ.3, ს.ფ. 61-65; ტ.1, ს.ფ. 22-44).
24. აპელანტი უთითებდა გ.მ–ძის მართლსაწინააღმდეგო ქცევაზე და შესაბამის შედეგებზე. თუმცა, გ.მ–ძე 30.10.2012წ. შეთანხმების გაფორმების მომენტში არ წარმოადგენდა არც ერთი ხელშემკვრელი საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ვერ წარმოშობენ სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გარიგების ბათილობის საფუძვლებს. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო შეთანხმების ბათილად ცნობის წანამძღვრები არ არსებობს.
26. უდავო გარემოებას წარმოადგენდა, რომ მოპასუხის მიერ 30.10.2012წ. შეთანხმებით განსაზღვრული თანხა გადახდილი არ არის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა 190281.36 დოლარის გადახდა.
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
28. საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
29. კასატორის მოსაზრებით 30.10.2012წ. შეთანხმება ბათილია სსკ-ის 360-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა სსკ-ის 360-ე მუხლის წინაპირობები და ფაქტობრივი გარემოებები.კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ.წორად შეაფასა, როგორც 30.10.2012წ. შეთანხმების ბუნება და ხასიათი, ასევე, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მხარეთა შორის დავის არსებობას. კასატორი აღნიშნავს, რომ 30.10.2012წ. შეთანხმება არის მორიგება, რადგან აკმაყოფილებს მორიგების ყველა პირობას, რაც სრულად არამართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ; მხარეთა შორის დავის ან დაურწმუნებლობის საფუძველი სწორედ რომ ხელშეკრულების გაფორმებადე წარმოიშვა, ხოლო კასატორს არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე ამ პერიოდში. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაადგინა მხარეთა შორის დავის და ორმხრივი დათმობის არსებობა. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუწმუნებლობას უთანაბრდება შემთხვევა, როდესაც რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა. სადავო შეთანხმება ადგენდა, აზუსტებდა მხარეთა ვალდებულებების ფარგლებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმებით არ განხორციელებულა მოთხოვნათა ურთიერთდათმობა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა არ ითვალისწინებს ხელშეკრულებას და მის შინაარს. ხელშეკრულების პირველივე მუხლში მითითებულია, რომ მხარეთა შეთანხმება წყვეტს მხარეთა შორის ადრე გაფორმებულ 5 სხვადასხვა სამშენებლო ხელშეკრულებას. კასატორი აღნიშნავს, რომ შეთანხმების სათაური მიუთითებს, რომ მისი უმთავრესი საგანი არის სხვა ხელშეკრულების შეწყვეტა და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება. კასატორისათვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ სხვა სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტით, მხარეები არ მიდიან ურთიერთდათმობებზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ.წორად მიიჩნია, რომ შეთანხმება საერთოდ არ წარმოადგენს მორიგებას. კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, შეგებებული სარჩელი არ შეიცავს დასაბუთებას და შესაბამის მტკიცებას, რომელი კონკრეტული გარემოებები გახდა 2012 წელს მხარეთა შორის დავის ან დაურწმუნებლობის წარმოშობის საფუძველი, რაც შემდგომში მცდარი აღმოჩნდა. კასატორი მიუთითებს, რომ შეგებებულ სარჩელში დეტალურად არის აღწერილი რომ მოპასუხემ არაფერი იცოდა მოსარჩელისა და გ.მ–ძის კავშირების შესახებ. მოპასუხეს არ ჰქონდა რაიმე ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ გ. მ–ძე ჰოლდინგს იყენებდა თანხების მისათვისებლად. ასევე, წარდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ჰოლდინგის გასხვისებას მისი პარტნიორების ინტერესების საწინააღმდეგოდ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა მხარეებს შორის. კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს არ.წორად ჰქონდა იდენტიფიცირებული მოთხოვნის საფუძველი და არსებობდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე გვქონდა მოტყუბასთან, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ამ საკითხზეც და შეეფასებინა აღნიშნული სამართლებრივი საფუძველიც (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები ტ.3. ს.ფ. 131-133).
სამოტივაციო ნაწილი:
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის უარყოფის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი 30.10.2012 წლის შეთანხმება დასაბუთებულია, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას სადავო 30.12.2012წ. შეთანხმების საფუძველზე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
33. აღსანიშნავია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს 30.10.2012წ. შეთანხმების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ წარმოშობილია სსკ-ის 360-ე მუხლით დადგენილი გარიგების ბათილობის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, რაც კასატორის მოსაზრებით, ჯეროვნად არ გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ. კასატორის მითითებით, შეგებებულ სარჩელში დეტალურად არის აღწერილი რომ მოპასუხემ არაფერი იცოდა მოსარჩელისა და გ.მ–ძის კავშირების შესახებ. მოპასუხეს არ ჰქონდა რაიმე ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ გ. მ–ძე ჰოლდგინგს იყენებდა თანხების მისათვისებლად. ასევე, წარდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ჰოლდინგის გასხვისებას მისი პარტნიორების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რ. ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.). კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
40. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, თუმცა, როგორც აღინიშნა მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტების მითითება მხარეთა ტვირთია, რა დროსაც, სასამართლოსათვის ამოსავალია, როგორც სარჩელში, ასევე, შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. შესაბამისად, გასაზიარებელი არაა კასატორის პრეტენზიას, რომ თუკი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს არ.წორად ჰქონდა იდენტიფიცირებული მოთხოვნის საფუძველი და არსებობდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე გვქონდა მოტყუბასთან, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ამ საკითხზეც და შეეფასებინა აღნიშნული სამართლებრივი საფუძველიც. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი მის განმაპირობებელ სამართლებრივ ნორმასთან მიმართებით.
41. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პპ:4-6 აღნიშნულ კასატორის მიერ შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიაჩნია, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებეული სარჩელით მოსარჩელეს სურს - 30.10.2012წ. შეთანხმების ბათლად ცნობა მისი ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საფუძვლით -სახეზე უნდა იყოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული წანამძღვრები.
42. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი მხარეთა შორის, გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, შემდეგი შინაარსით: - აღნიშნული ხელშეკრულებების და ასევე მხარეთა შორის არსებული სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ფინანსური ურთიერთვალდებულებების გათვალისწინებით შედგა საბოლოო შედარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის არსებული ფინანსური ურთიერთვალდებულებები, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (მე-2 მუხლი). - მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 190 281.36 აშშ დოლარით, რომელიც უნდა დაფარულიყო ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად ან შეთანხმების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში (მე-3 და მე-4 მუხლები). მხარეებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტისათვის, გარდა ამავე შეთანხმებით დარეგულირებული ფინანსური ვალდებულებისა, ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ (მე-5 მუხლი)(ტ.1, ს.ფ. 16-18).
43. კასატორის განმარტებით, 30.10.2012წ. შეთანხმება არის მორიგება, რადგან აკმაყოფილებს მორიგების ყველა პირობას, რაც სრულად არამართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ; მხარეთა შორის დავის ან დაურწმუნებლობის საფუძველი სწორედ რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოიშვა, ხოლო კასატორს არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე ამ პერიოდში (იხ., პ.29). შეგებებული სარჩელის მიხედვითაც დადგენილია, რომ 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმება გაფორმდა მოსარჩელესთან დადებული ხუთი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით. მოპასუხეს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებების შესახებ, რომელსაც მოსარჩელე კომპანია გ.მ–ძესთან ერთად რ. ჯგუფის მიმართ ახორციელებდა. მოპასუხეს აღნიშნული გარემოებები რომ სცოდნოდა, იგი არ გააფორმებდა სადავო შეთანხმებას (იხ.: შეგებებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 338-358).
44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 360 მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.
45. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დავა გულისხმობს მხარეთა წარმოდგენების განსხვავებულობას სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი, რომ დავა მთლიან სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდებოდეს, საკმარისია, თუ ის მის ცალკეულ ელემენტებს (მაგ. ერთ ცალკეულ მოთხოვნას ან შესაგებელს) უკავშირდება. ასევე უმნიშვნელოა არსებობს თუ არა სინამდვილეში ეს სამართლებრივი ურთიერთობა და საკმარისია, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე მაინც დარწმუნებული იყოს მის არსებობაში. გაურკვევლობა ეხება შემთხვევას, როდესაც არც ერთი მხარე არ არის დარწმუნებული არც თავისი და არც მეორე მხარის მოთხოვნის მართებულობაში. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის არსებობას უთანაბრდება მოთხოვნის განხორციელების საეჭვოობა. თუ მხარეთა შორის დავა ან გაურკვევლობა არ არის სახეზე, ან არ ხდება ორმხრივი დათმობა, მაშინ უკვე თავისთავად აღარ გვაქვს საქმე 360-ე მუხლში ნახსენებ მორიგებასთან, არამედ სხვა ტიპის დავის მოგვარებასთან, თუმცა ამ მოგვარების შემთხვევაშიც შესაძლებელია 360-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება, თუ შეთანხმებას მხარეთა შეცდომა უდევს საფუძვლად.
46. რაც შეეხება დავის აღმოფხვრ., მორიგების ხელშეკრულების მიზანია არსებული დავის, გაურკვევლობის ან დაურწმუნებლობის აღმოფხვრა. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ ის სრულებით აღმოიფხვრ., საკმარისია მისი ნაწილობრივი, ცალკეული პუნქტების ან დროებითი მოგვარება. დავის, გაურკვევლობისა და დაურწმუნებლობის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ორმხრივი დათმობის გზით. ორივე მხარემ უნდა დათმოს თავისი პოზიციის ნაწილი მაინც, თუმცა თანაზომიერება გაღებულ მსხვერპლს შორის აუცილებელი არ არის. შესაძლებელია სადავო სამართლებრივი მოთხოვნის შენარჩუნების სანაცვლოდ მოდავე მხარემ იკისროს შესრულებით ახალი ვალდებულება. თუ მხოლოდ ერთი მხარე თმობს პოზიციებს და მეორე მხარისაგან სანაცვლოდ არაფერს იღებს, მაშინ სახეზე არ გვაქვს მორიგება 360-ე მუხლის შესაბამისად და შესაძლებელია საქმე გვქონდეს ე. წ. დეკლარატორულ (კაუზალურ) ვალის აღიარებასთან, ვალის ნაწილობრივ პატიებასთან და ა. შ.. მიუხედავად იმისა, რომ მორიგება გარკვეულწილად შეიცავს ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ ვალის აღიარების ელემენტებს, განსხვავებით 341-ე მუხლში დაფიქსირებული აბსტრაქტული ვალის აღიარებისაგან, მორიგებისას მხარე აღიარებს სადავო ურთიერთობას (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 360, გვ.264, თბ, 2001წ.).
47. მორიგების ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების დადების ზოგადი წესების შესაბამისად და ექვემდებარება გარიგების ნამდვილობის ზოგად წინაპირობებს. რაც შეეხება მორიგების არანამდვილობას სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას მოგვარება ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომლებიც მხარეთა შორის არ.ადავოა. სწორედ ამ გარემოებებს ხდიან მხარეები ახალი ხელშეკრულების საფუძვლად. თუ ეს საფუძველი არ.წორი აღმოჩნდება და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობას სცოდნოდათ, მასზე დაფუძნებული სამართლებრივი ურთიერთობა 360 I მუხლის შესაბამისად არანამდვილია. ამგვარად 360 I მუხლი წარმოადგენს 398 II მუხლის შესაბამისად გარიგების საფუძვლის დარღვევის სპეციალურ შემთხვევას. თითოეული მხარე კისრულობს იმ რისკს, რომ თავდაპირველ ურთიერთობაში გათვალისწინებული სადავო გარემოებების სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მან მორიგების ფარგლებში განსხვავებულად მოაწესრიგა, მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. მორიგების არანამდვილობის საფუძველს წარმოადგენს არა მხარეთა ნებისმიერი საერთო შეცდომა, არამედ ხელშეკრულების არ.წორ საფუძველზე დამყარება. თუ ერთ მხარეს არ ეშლება, დგება მოტყუების საკითხი (იხ.: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.360, http://www.gccc.ge).
48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.
52. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.
53. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
55. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს.კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
57. მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
58. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
59. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო 30.10.2012წ. შეთანხმებით არ მომხდარა ორმხრივი დათმობა. განხორციელდა ურთიერთვალდებულებების შედარება, მათი გაქვითვა და ერთი მხარის ვალდებულების ნაშთის (გაუქვითავი თანხის - ე. წ. სალდოს) კონსტატაცია და მისი გადახდის ვადის განსაზღვრა.
60. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სადავო შეთანხმების ბათილად ცნობის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის საპირისპიროდ.
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რ.აც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე განჩინებაში
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
64. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ფ.თ.ი.ზ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ფ.თ.ი.ზ–ას“ (ს.კ: ......) უკან დაუბრუნდეს შპს ე.ჯ.ი.ოფისის მიერ 31.07.2019-ში საგადასახადო დავალება N1564491528 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე