საქმე №ას-1808-2019
27 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლოში სარჩელი აღძრა ლ.კ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი, აპელანტი) მ.მ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კასატორი) და ს.ჯ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ქუთაისში, ........ ქ.#47-ში მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში: უძრავი ქონება, უძრავი ნივთი, საცხოვრებელი სახლი) 2014 წლის 21 მაისის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში: სადავო ხელშეკრულება) ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს მოსარჩელის (მყიდველის) სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მეორე მოპასუხესთან სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
4.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა პირველი მოპასუხე, რომელიც კანონით დადგენილი წესით გააფრთხილი იყო აღნიშნული სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 233.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, (სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოუცხადებლობისათვის) გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა არ დგინდებოდა. სასამართლოს განმარტებით, ასეთ პირობებში დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გადაცემული 20 000 აშშ დოლარის, როგორც მეუღლეთა საერთო ვალის, პირველი მოპასუხისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის 463-464-ე მუხლები, 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 979.1, 1152-ე, 1170.2 მუხლები).
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
7. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, ასევე, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს პირველი მოპასუხე, რომელიც მოითხოვს მათ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
7.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლოს სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან იგი სადავო ხელშეკრულების მხარე არ ყოფილა. სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რამდენად გამართლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, რაც სსსკ-ის 230.2 მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391.5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პირველი მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 20 000 აშშ დოლარის მეორე მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.1 მუხლი).
10. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. იგივე შინაარსის პრინციპი ასახულია სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მომწესრიგებელ ნორმებში, კერძოდ, სსსკ-ის 387.2 მუხლით დადგენილია, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
11. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას კანონმდებელი უშვებს დადგენილი წესიდან გამონაკლისს, როდესაც სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილად მიიჩნევს, მათ გაიზიარებს და თუკი ისინი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებენ, სააპელაციო საჩივარს დააკმაყოფილებს. ამდენად, დასახელებული ნორმების მიხედვით, მოპასუხის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად კი არაა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საწინდარი, სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია, ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (შდრ. სუსგ: №ას-1337-2019, 2020 წლის 2 მარტის განჩინება).
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას. მოცემული კუთხით კასატორის პრეტენზიის შეფასებისას საყურადღებოა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების ძირითადი შინაარსი, ის მთავარი ფაქტები, რომლებსაც აპელანტი ეყრდნობა, რაც კანონის თანახმად დამტკიცებულად უნდა მივიჩნიოთ და რამაც საბოლოოდ სააპელაციო საჩივრის იურიდიული ბედი უნდა განსაზღვროს.
სააპელაციო საჩივრის დამასაბუთებელი კონკრეტული ფაქტების აღსაწერად ლ.კ–ას სასარჩელო განცხადებას უნდა მივმართოდ, საიდანაც ირკვევა, რომ: მოპასუხეები არიან მეუღლეები; 2014 წლის 21 მაისს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება; ამ ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ფასი 120 000 აშშ დოლარით განისაზღვრა; ხსენებული თანხიდან 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ ხელშეკრულების ხელმოწერამდე გადაიხადა და საცხოვრებელ სახლში ცხოვრება დაიწყო; მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული ყოფილა აღნიშნული სახლის ეზოში მდებარე ფარდულზე და, არა - უშუალოდ საცხოვრებელ სახლზე; 2015 წლის 5 ოქტომბერს მეორე მოპასუხემ უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით, თვალთმაქცურად, პირველ მოპასუხეს გადასცა; 2018 წლის 21 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით მეორე მოპასუხემ პირობა დადო, რომ 20 000 აშშ დოლარს მოსარჩელეს 2 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაუბრუნებდა.
12.1. ამდენად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის (პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრება) საფუძვლად დასახელებულია 2014 წლის 21 მაისის უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობისა და 2018 წლის 21 თებერვლის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებები, თუმცა ისინი აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას პირველი მოპასუხის მიმართ ვერ ასაბუთებენ.
როგორც ლ.კ–ა აღნიშნავს, ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულება მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო, პირველი მოპასუხე არც ერთი გარიგების მხარე არ ყოფილა, შესაბამისად, იგი აპელანტის სადავო მოთხოვნის ადესატად ვერ განიხილება.
აქედან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა, ლ.კ–ას მიერ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, იურიდიულად გამართლებული არ არის ვინაიდან მის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ ასაბუთებენ მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის რაიმე ვალდებულების არსებობას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, სარჩელი იურიდიულად ნაწილობრივ გამართლებული არ იყო, რის გამოც, უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
14. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
15. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდეს სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე