საქმე №ას-1845-2019
30 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.მ–ი (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი კასატორი) 2005 წლიდან მუშაობდა კასპის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში (შემდეგში - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც: მოპასუხე, დამსაქმებელი, ცენტრი, მეორე კასატორი), ბრიგადის ექიმად.
2. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება 537 ლარს შეადგენდა.
3. 2016 წლის 18 მაისს დამსაქმებელმა წერილობით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ცენტრში HR მოდულის დანერგვასთან დაკავშირებით თანამშრომლების ლიცენზიების/სერტიფიკატების ვალიდურობის დადასტურების მიზნით, მასთან დასაქმებული ექიმების „დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სერთიფიცირების შესახებ“ინფორმაცია ითხოვა.
4. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის პასუხში ძირითადად დადასტურდა სიით წარდგენილი მონაცემების სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულთან შესაბამისობა და იქვე რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევაზე მიეთითა, რომელთა შორის იყო მოსარჩელე.
5. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 12 ივლისის წერილით დამსაქმებელს განემარტა, რომ მოსარჩელე არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში, ამასთან, მასზე გაცემული სერტიფიკატი სააგენტოს არ გაუცია და სახელმწიფო რეესტრში არ ფიქსირდება.
6. დამსაქმებლის 2016 წლის 28 ივლისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, შესაბამისად, იგი სამსახურიდან გათავისუფლდებოდა.
7. მოპასუხის 2016 წლის 5 სექტემბრის N12/804/კ ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება) მოსარჩელე 2016 წლის 6 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 1 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაცია მიეცა. ბრძანების საფუძვლად დასახელდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და 38.1 მუხლი, აგრეთვე, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის #01-46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დებულების“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ნ“ და „ლ“ ქვეპუნქტები.
8. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 26 მარტისა და 2018 წლის 22 მარტის მიმართვების მიხედვით: ექიმების სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება 1998 წლიდან ხორციელდება; რეესტრში ფიქსირდება სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ მონაცემები (სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭების თარიღი და ა.შ.); „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს; სერტიფიკატი ლეგიტიმურია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მაძიებლისათვის მისი მინიჭების მომენტიდან; მოსარჩელის მიერ წარდგენილ სერტიფიკატზე დაფიქსირებული ნომრით (N827129) სერტიფიკატი 1998 წლიდან (სერტიფიცირების პროცესის დაწყების პერიოდი) დღემდე არ გაცემულა; საექიმო სპეციალობების ნუსხის თანახმად, 2006 წელს სპეციალობის დასახელება იყო ,,შინაგანი სნეულებები“ და არა - ,,შინაგანი სნეულებები სამკურნალო საქმე“ (დღეს არსებული სპეციალობების ნუსხის მიხედვით მისი დასახელებაა, ,,შინაგანი მედიცინა“); ,,შინაგანი სნეულებების“ სერიაში ციფრი იყო და არის ,,03“ და არა ,,01.3“; 2006 წლის საშემოდგომო სესიის შედეგები დამტკიცდა სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს 2006 წლის 28 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, რაც თავისთავად ითვლება სერტიფიკატის მინიჭების თარიღად, ნაცვლად სერტიფიკატზე აღნიშნული თარიღისა - ,,29.11.2006“.
9. მოსარჩელის სახელზე გაცემული ექიმის სახელმწიფო სერთიფიკატის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
10. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობის კომპენსაცია (ყოველთვიურად 537 ლარი, ჯამურად 3 222 ლარი) დაეკისრა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს განმარტებით, როდესაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება სშკ-ის 37.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) საფუძველზე ხდება, უნდა დადასტურდეს დასაქმებულის მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა და მისი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია ბუნდოვანებას ან ორაზროვნებას არ უნდა იწვევდეს.
13.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავებულ თანამდებობასთან მოსარჩელის შეუსაბამობის დასკვნის საფუძველი არ არსებობდა, რადგან მოსარჩელის სახელზე 2006 წლის 29 ნოემბერს გაცემული #827129 სახელმწიფო სერტიფიკატის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონულ სამმართველოში ამჟამადაც მიმდინარეობდა გამოძიება. მართალია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის წერილით დგინდებოდა, რომ აღნიშნულ სერტიფიკატზე მითითებული ნომრით (827129) სერტიფიკატი 1998 წლიდან (სერტიფიცირების პროცესის დაწყების დღიდან) დღემდე არ გაცემულა, მაგრამ მასზე არსებული ბეჭდისა და ხელმოწერების ნამდვილობის დასაბუთება ხსენებული სამინისტროს კომპეტენციას სცილდებოდა. ამიტომაც იყო, რომ მითითებულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
13.3. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან დამსაქმებელს (რომელსაც მოსარჩელის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა) არ წარუდგენია სადავო სერტიფიკატის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება. სწორედ ასეთი მტკიცებულება შექმნიდა წინაპირობებს დაკავებულ თანამდებობასთან მოსარჩელის კვალიფიკაციის შეუსაბამობის გარემოების დასადგენად. სასამართლომ გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 54-ე და სშკ-ის 38.8 მუხლებით.
13.4. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა, რაც იმით ახსნა, რომ სერთიფიკატის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება არ დასრულებულა და მანამდე აპელანტის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა. ამასთან, სშკ-ის 38.8 მუხლიდან გამომდინარე, ტოლფასი თანამდებობის არარსებობის, მასზე დათხოვნილი პირის დასაქმების შეუძლებლობის ან არამიზანშეწონილობის პირობებში სასამართლოს უნდა ემსჯელა, კომპენსაციის საკითხზე. რაც შეეხებოდა კომპენსაციის განსაზღვრის კრიტერიუმებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც დასაქმებულს დამსაქმებელთან უნდა ემუშავა, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 537 ლარს შეადგენდა. სასამართლოს განსჯით, ხელფასის აღნიშნული ოდენობის გათვალისწინებით სამართლიანი იყო დამსაქმებლისათვის 6 თვის შრომის ანაზღაურების, 3 222 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) დაკისრება.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
15. მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს: სააპელაციო სასამართლომ სადავო ბრძანებისა ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნები არასწორად უარყო, რადგან რაკი სადავო ბრძანება კანონშეუსაბამოდ მიიჩნია, დასაქმებული სამუშაოზეც უნდა აღედგინა.
16. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტს ემყარება:
16.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეს ექიმის სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა არ ჩაუბარებია. შესაბამისად, ადგილი აქვს დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. აღნიშნული კი, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხია, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი თანმდევი შედეგების კანონიერება.
20. განსახილველი სარჩელის ავტორი დასაქმებულია, რომელსაც სამუშაოდან მისი გათავისუფლება უკანონოდ მიაჩნია და მანამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა სურს. მოსარჩელის აღნიშნული მიზანი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუკი სადავო ბრძანების მართლზომიერება და, აქედან გამომდინარე, სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა დადასტურდება. დასახელებული მოთხოვნები გამომდინარეობს სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან.
21. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავების განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ #ას-151-147-2016, 19.04.2016წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ძირითად საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის იმჟამად მოქმედი რედაქცია დასახელდა.
22. სშკ-ის 37.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. ამდენად, არსებითია იმის გარკვევა, თუ რატომ მიიჩნევს დასაქმებული მოსარჩელის კვალიფიკაციას ან პროფესიულ უნარ-ჩვევებს ამ უკანასკნელის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოდ და რა მტკიცებულებები აქვს მას ხელთ, რომ მითითებულ საფუძველზე დაყრდნობით მოსარჩელე მის მიერ შესასრულებელ სამუშაოს ჩამოაშოროს.
23. როდესაც ვსაუბრობთ, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლის ჯეროვნად (სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით) დასაბუთებაზე, აღსანიშნავია შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ #ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; #ას-483-457-2015, 7.10.2015წ.; #ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.).
24. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული შემდეგი გარემოებები: დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლებამდე მოპასუხე ცენტრში ექიმად მუშაობდა; 2016 წლის 18 მაისს დამსაქმებელმა წერილით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და HB მოდულის დანერგვასთან დაკავშირებით თანამშრომლების ლიცენზირების/სერტიფიკატების ვალიდურობის დადასტურების მიზნით მასთან დასაქმებული ექიმების დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია ითხოვა;
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 12 ივლისის წერილით მოპასუხეს განემარტა, რომ მოსარჩელე ექიმების სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ამ უკანასკნელის სახელზე შედგენილი სერტიფიკატი მათ არ გაუციათ და სახელმწიფო რეესტრში არ ფიქსირდება;
დამსაქმებლის მიმართ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 26 მარტისა და 2018 წლის 22 მარტის წერილების მიხედვით, ექიმების სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება ხორციელდება 1998 წლიდან, რეესტრში ფიქსირდება სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ მონაცემები, სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭების თარიღი... „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს. სერტიფიკატი ლეგიტიმურია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მაძიებლისათვის მისი მინიჭების მომენტიდან.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სერტიფიკატზე დაფიქსირებული ნომრით (#8271129), სერტიფიკატი 1998 წლიდან (სერტიფიცირების პროცესის დაწყების პერიოდში) დღემდე არ გაცემულა.
საექიმო სპეციალობათა ნუსხის თანახმად, 2016 წელს სპეციალობის დასახელება იყო „შინაგანი სნეულებები“ და არა - „შინაგანი სნეულებები სამკურნალო საქმე" (დღეს არსებულ სპეციალობათა ნუსხის მიხედვით, არის „შინაგანი მედიცინა“). „შინაგანი სნეულებების" სერიაში ციფრი იყო და არის „03“ და არა „01.3“. 2006 წლის საშემოდგომო სესიის შედეგები დამტკიცდა სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს 2006 წლის 28 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, რაც თავისთავად ითვლება სერტიფიკატის მინიჭების თარიღად, ნაცვლად სერტიფიკატზე აღნიშნული თარიღისა - „29.11.2006“; მოსარჩელის სახელზე გაცემული ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო ბრძანების გამოცემას წინ უძღოდა მოპასუხის მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მოპოვებული არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსარჩელის სახელზე სათანადო რეკვიზიტებით სერთიფიკატი არ გაცემულა.
პალატის შეფასებით, ხსენებული ინფორმაცია გასაზიარებელია იმდენად, რამდენადაც პირის მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლებისათვის კანონი მოითხოვს უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობას. რომლის შედეგებზეც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით („საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი).
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (რომლისგანაც მოპასუხემ მოსარჩელესთან მიმართებით ზემომითითებული ინფორმაცია მოიპოვა) ექიმთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს კონტროლს საექიმო საქმიანობის სფეროში („საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #01-64/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე ბრძანების მესამე პუნქტის „ვ.გ)“ ქვეპუნქტი). ამასთან, ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებული მონაცემების სრული და ერთიანი ბაზის საწარმოებლად შექმნილია - სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი („საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი). ამდენად, სწორედ სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრია ის წყარო, საიდანაც კონკრეტული ექიმის სერტიფიცირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი. შესაბამისად, თუკი რეესტრში ამა თუ იმ პირის მიერ ექიმი-სპეციალისტის სერტიფიკატის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება, ეს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი საექიმო სერტიფიკატის ნამდვილობის ფაქტს იმთავითვე საეჭვოს ხდის. მოსარჩელის მიერ წარდგენილ არასარწმუნო მტკიცებულებაზე დაყრდნობით კი, არამართებულია სასამართლოს მხრიდან ჩამოყალიბდეს დასკვნა, რომ ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა არამართლზომიერად. ასეთი გარემოების არსებობის პირობებში დამსაქმებელს ვერ მოეთხოვება, რომ შესაბამის პირთან შრომითი ურთიერთობები გააგრძელოს მანამ, სანამ მის სახელზე შედგენილი სერტიფიკატის სიყალბის საკითხს სისხლის სამართლის საქმის განხილველი ორგანო არ დაადგენს.
26. სსსკ-ის 105-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (შდრ. იხ.: სუსგ №ას-584-543-2017, 6.06.2017წ.).
27. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით დამსაქმებელმა სასამართლოს არაერთ არგუმენტზე დაყრდნობით დაუსაბუთა, რომ მოსარჩელის სახელზე შედგენილი საექიმო საერტიფიკატი არ შეიძლება იყოს ნამდვილი. ამ არგუმენტების საპირწონე ვერ გახდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღნიშნული სერტიფიკატის გაყალბების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. ის გარემოება, რომ სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს დოკუმენტის სიყალბის დადგენის კოპეტენცია არ აქვს, არ ნიშნავს, რომ მას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის შესაძლებლობა არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტები იძლევიან საქმისათვის არსებითი გარემოების დადგენის შესაძლებლობას, კერძოდ, ამ ფაქტებზე დაყრდნობთ შეიძლება დავასკვნათ, რომ დაკავებულ თანამდებობასთან დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისობა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოსარჩელის მოთხოვნების განხილვის ეტაპზე არ დასტურდება.
პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის კვალიფიკაციის არასაკმარისობის ფაქტი საფუძველი უნდა იყოს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისათვის, რადგან მოსარჩელე ექიმია, საექიმო საქმიანობა კი - მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობაა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება („საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქმიანობს, ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის/პაციენტის უფლება და კეთილდღეობა, რომელსაც უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ამდენად, მოპასუხე არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო, პაციენტების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით სამედიცინო მომსახურებიდან ჩამოეცილებინა მოსარჩელე (შდრ. იხ. სუსგ #ას-1649-2018, 17.04.2019წ.). თუკი მოსარჩელის კვალიფიკაციას შეუსაბამოდ არ მივიჩნევთ, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას არამართლზომიერად ჩავთვლით და დასაქმებულს დამსაქმებელთან საექიმო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კვლავ მიეცემა, ამით შესაძლოა პაციენტების უპირატესი ინტერესის უგულებელყოფა მოხდეს და ამან რიგ შემთხვევებში, გარკვეული არასასურველი შედეგებიც გამოიწვიოს.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება მართლზომიერია და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
29. იმის გამო, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პალატა არ აკმაყოფილებს სარჩელს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
30. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
32. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში მოყვანილი წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
33. განსახილველ შემთხვევაში, მეორე კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი -300 ლარი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის – 300 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 264-ე, 407-ე, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. ლ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ლ.მ–ს (პ/ნ: .....) სსიპ საგანგებო სიტუაციების კოოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (ს/ნ: .....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 (სამასი) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე