Facebook Twitter

საქმე № ას-767-2020 4 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.ლ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.კ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ტ.ლ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზიანის, 3 665 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებას კერძო საჩივრით ასაჩივრებს მოპასუხის წარმომადგენელი, ლ.კ–ლი, რომელიც ამ განჩინების გაუქმებას და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას მოითხოვს. კერძო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

5.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაუკავშირა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე საადვოკატო ბიუროს ერთ-ერთი ადვოკატისათვის, ლ.ტ–ათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას (2020 წლის 11 მარტი). აპელანტის წარმომადგენელი, ლ.კ–ლი, აღნიშნულ ბიუროში 2020 წლის 7 მარტიდან აღარ მუშაობს. ამასთან, ლ.ტ–ს, სასამართლო გზავნილის შესახებ აპელანტის წარმომადგენლისათვის არ უცნობებია. სამუშაო მისამართის შეცვლის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგან 2020 წლის 8 მარტიდან 2020 წლის 27 აპრილამდე ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მამა დიაბეტით ჰყავს დაავადებული, ხოლო დედა - გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებით) და მცირეწლოვანი შვილის ინტერესის გათვალისწინებით, იგი ყაზბეგის რაიონში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ლ.ტ–ს მოწმის სახით დაკითხავს, კერძო საჩივარში დასახელებული ფაქტები დადასტურდება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

8. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ..... გამზირი 31/9) გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, ლ.კ–ლს. 2020 წლის 11 მარტს, ხსენებული განჩინება ჩაბარდა ლ.ტ–ს, რომელიც გზავნილზე ხელს აწერს, როგორც ამავე მისამართზე არსებული „ორგანიზაციის წარმომადგენელი“ (ს.ფ. 167).

9. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის ათვლა დაიწყო ლ.ტ–ათვის ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2020 წლის 12 მარტიდან და სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დატოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2020 წლის 7 მარტიდან აღარ საქმიანობს, ამასთან, არც ლ.ტ–ს არ უცნობებია მისთვის სასამართლო გზავნილის მიღების თაობაზე. სამუშაო მისამართის შეცვლის შესახებ ინფორმაციის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობას კი, კერძო საჩივრის ავტორი იმით ასაბუთებს, რომ 2020 წლის 8 მარტიდან 2020 წლის 27 აპრილამდე ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, ყაზბეგში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მამა დიაბეტით ჰყავს დაავადებული, ხოლო დედა - გულსისხლძარღვთა ქრონიკურლი დაავადებით) და მცირეწლოვანი შვილის ინტერესის გათვალისწინებით.

11. სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მხარეს, რომელიც საქმის წარმოების განმავლობაში მისამართს შეიცვლის, სასამართლოსათვის ახალი მისამართის მითითების ვალდებულება აკისრია.

12. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ განჩინების გაგზავნის დროისათვის იგი აღარ მუშაობდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, მას ეკისრებოდა ვალდებულება, სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა მის მიერ მითითებული მისამართის შეცვლის თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ მოცემული კუთხით სასამართლოს ინფორმირება არ მოუხდენია, თუმცა მიაჩნია, რომ მან შესაბამისი საპროცესო ვალდებულება (მისამართის შეცვლის შესახებ სასამართლოს ინფორმირება) საპატიოდ მიზეზით ვერ შეასრულა. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგი გარემოებების გამო: სსსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია, არამარტო მიუთითოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებზე, არამედ დაამტკიცოს ეს გარემოებები, რადგან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის გზითაა შესაძლებელი (სსსკ-ის 105.1 და 105.2 მუხლები).

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, მას არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ 7 მარტის მდგომარეობით შეცვლილი ჰქონდა სამუშაო ადგილი. ამ გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება დამატებით მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ 11 თებერვალს შედგენილ სააპელაციო საჩივარში მხარე თავად ასახელებს პეკინის გამზირ 31/9-ს როგორც აპელანტის წარმომადგენლის ერთადერთ სწორ მისამართს. დასახელებული საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია შეფასდეს თავად უწყების მიმღები პირის ლ.ტ–ს მოქმედებაც, რომელიც უწყების მიღების პროცესში არ აფიქსირებს პოზიციას ლ.კ–ლის მიერ სამუშაო ადგილის შეცვლის და მისთვის გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შესახებ. აღნიშნულის საპირისპიროდ ლ.ტ–მა გზავნილი მიიღო და ამ მოქმედებით გამოხატა მზადყოფნა მისი ადრესატისთვის გადაცემის შესახებ.

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კერძო საჩივარს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია ვინაიდან დადგენილი არაა მეორე მნიშვნელოვანი გარემოება აპელანტის წარმომადგენლის თვითიზოლაციის შესახებ. მთლიანობაში საკასაციო პალატის დასკვნით, კერძო საჩივრის ავტორი იფარგლება მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით და დასახელებული გარემოებების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულებებზე ვერ მიუთითებს.

13. სადავო გარემოების დამტკიცებად ვერ ჩაითვლება კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმაზე აპელირება, რომ თუკი სასამართლო მოწმის სახით ლ.ტ–ს დაკითხავს, კერძო საჩივარში დასახელებული ფაქტები დადასტურდება. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამოქალაქო სამართლაწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები), რაც იმას გულისხმობს, რომ სწორედ მხარეები არიან ვალდებული, სათანადო მტკიცებულების (მტკიცებულებების) წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ Nას-839-839-2018, 13.07.2018წ.). ამდენად, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება შესაბამისი მოთხოვნის წარმდგენ პირს, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს აკისრია, რაც მან ვერ განახორციელა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. იხ. სუსგ Nას-884-824-2017, 12.09.2017წ.; №ას-23-2019, 24.04.2019წ.; №ას-693-2019, 28.06.2019წ.).

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.ლ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე