Facebook Twitter

17 თებერვალი 2021 წელი,

საქმე №ას-1128 -2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ხ.ზ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხ.ზ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, საჯარო რეესტრი, სააგენტო ან მარეგისტრირებელი ორგანო) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ უარყოფილ იქნა. მისი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, საზოგადოების წესდებით, რომელიც დამფუძნებელ წევრთა შეთანხმებაა, გამგეობის წევრების არჩევა/გადარჩევა დამფუძნებელი პარტნიორის უფლებამოსილებაა, შესაბამისად, სწორედ დამფუძნებელია უფლებამოსილი, მოიწვიოს კრება და გადაწყვიტოს გამგეობის, როგორც ფონდის ხელმძღვანელი ორგანოს არსებობა/არარსებობის, ასევე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი. ამდენად, სწორედ თავადაა უფლებამოსილი, დააწესოს, ვინ უხელმძღვანელოს და წარმოადგინოს ფონდი მესამე პირებთან მიმართებით.

1.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, ფონდის დირექტორმა და გამგეობის წევრებმა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რამაც ფონდს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რაც მოსარჩელისთვის, როგორც დამფუძნებელი პარტნიორისთვის, საკმარისი საფუძველია წესდებაში ცვლილების შესატანად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ფონდი „კ–ა“ (ს/ნ .....) 1997 წლის 31 იანვარს დაფუძნებული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ა(ა)იპ ან ფონდი), რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი კასატორია.

4.4. პარტნიორთა 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა ფონდის წესდება ახალი რედაქციით და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ ორგანოდ (წესდებაში დამატების/ცვლილების დამტკიცებისა და შეტანის უფლებამოსილ ორგანოდ) გამგეობა, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად - გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი განისაზღვრა.

4.5. 2014 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელემ საჯარო რეესტრს მიმართა და მოითხოვა 2014 წლის 13 მარტს მის მიერ მოწვეული კრების ოქმის საფუძველზე, სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, განემარტა, რომ წესდების ცვლილებაზე და აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნაზე უფლებამოსილი ორგანო არა დამფუძნებელთა კრება, არამედ გამგეობა იყო.

4.6. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის დაცვით, განმცხადებელმა ხარვეზი არ აღმოფხვრა, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა ფონდის დამფუძნებელი პარტნიორის 2014 წლის 13 მარტის კრების ოქმის საფუძველზე მიღებული ცვლილების რეესტრში რეგისტრაციაზე. საჯარო რეესტრის 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარიც ურყოფილ იქნა.

5. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია ფონდის დამფუძნებელი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ფონდის სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს უარის მართლზომიერების საკითხი. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს უარი იმას ეფუძნება, რომ ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა პირმა მიიღო. კასატორის მტკიცებით კი, სწორედ დამფუძნებელი პირია უფლებამოსილი, დააწესოს, ვინ უხელმძღვანელოს და წარმოადგინოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მესამე პირებთან მიმართებით.

6. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ამ მოსაზრებას და მის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 35.1 (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა), მუხლზე რომელიც დამფუძნებელ პარტნიორს ანიჭებს ერთჯერად ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, დანიშნოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დამფუძნებელი პარტნიორი დანიშვნის ორგანიზაციულ უფლებას ერთჯერადი გენერირებით იყენებს, კერძოდ, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებით პირის ავტორიზება ერთჯერადი ბუნების მქონეა.

6.1. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება/წესდება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა (სკ-ის 50-ე მუხლი), რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და, სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდების კანონიერება, რომლითაც დამფუძნებელმა პარტნიორებმა ფონდის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამგეობას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მის თავმჯდომარეს გადასცეს, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, ამდენად, იგი ნამდვილია და შესაბამის იურიდიულ შედეგებს წარმოშობს. შესაბამისად, კასატორის მსჯელობა, რომ მას, როგორც ფონდის დამფუძნებელს, საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ნებისმიერ დროს შეცვლა/დანიშვნა შეეძლო, დაუსაბუთებელია. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ამგვარი მიდგომა სამართლებრივი განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის პრინციპიდან არ გამომდინარეობს.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად მიმართოს მტკიცებითი საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურსამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი ეკისრებოდეს.

7.1. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის - როგორც ფონდის დამფუძნებლის უფლების დაცვის საუკეთესო მექანიზმს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმება წარმოადგენდა, სწორედ, კასატორს ეკისრებოდა, მან კი ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

სახელდობრ, საქმეში დაცული შეუცილებელი წესდებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ფონდის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო გამგეობა, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირები - გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი იყვნენ, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ წესდებაში დამატების/ცვლილების დამტკიცებისა და შეტანის თაობაზე უფლებამოსილ პირს, კასატორი არ წარმოადგენდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

9. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 02.08.2019წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.ზ–ი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ხ.ზ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 02.08.2019წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე