Facebook Twitter

11 თებერვალი, 2021 წელი,

საქმე №ას-1271 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჟ.ზ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ.ბ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჟ.ზ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი) 1993 წლიდან 2016 წლის 25 იანვრამდე მუშაობდა სს „ვ.ბ.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ბანკი) საკასო ოპერაციების განყოფილებაში, მოლარედ. მასა და მოპასუხეს შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს, უვადოდ.

2. დამსაქმებლის 2016 წლის 22 იანვრის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება) მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა).

3. მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია გაუფრთხილდეს ბანკის ქონებას, მისთვის გადაცემულ ტექნიკურ და სხვა საშუალებებს, პასუხი აგოს ამ ქონების თავისი ბრალით დაზიანების შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების 6.3. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია მკაცრად დაიცვას ნაღდ ფულსა და ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების და ინკასირების წესები, წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული თანამდებობრივი ვალდებულების შესაბამისად, რისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაშიც დასაქმებულს ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ამასთან, შრომითი ხელშეკრულების 6.4. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებული ვალდებულია გაუფრთხილდეს მიბარებულ ნაღდ ფულსა და ფასეულობას, დროულად შეატყობინოს ბანკს საფრთხის შემქმნელი ყველა საშიშროების შესახებ, მიიღოს ზომები მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად და აანაზღაუროს მისი ქმედებით გამოწვეული ყოველი დანაკლისი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განაჩენის თანახმად, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ი.კ–ი, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა თბილისის მასშტაბით ბანკებიდან ფულადი თანხის ინკასაცია, 2015 წლის 30 აპრილიდან 2015 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში დამსაქმებლის კუთვნილი ბანკომატის საინკასაციო კასეტებიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას -141 625 ლარსა და 32 800 აშშ დოლარს. ბანკომატის კასეტებიდან ფულადი თანხების მისაკუთრება ხდებოდა მოსარჩელის მორიგეობების დროს.

5. სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 18 იანვარს მიცემულ ჩვენებაში მოსარჩელემ განმარტა, რომ 1993 წლიდან მუშაობდა დამსაქმებლის ცენტრალურ საცავში, მოლარის თანამდებობაზე და მისი მოვალეობა იყო, ფულადი თანხის გადათვლის ოპერაციების განხორციელება, ასევე, შესაბამისი დავალების საფუძველზე ბანკომატების კასეტებში სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხების ჩაწყობა და დალუქვა. გარდა ამისა, დაკითხვის ოქმში ასახულია დასაქმებულის ახსნა-განმარტება, სადაც ის მიუთითებს, რომ დასალუქად იყენებდა ე.წ. „კლიფსილებს“, რომელიც წარმოადგენს პლასტმასის ნაკეთობას, აქვს კბილანები და დალუქვის შემდეგ შეუძლებელია მისი გახსნა გადაჭრის და ლუქის დაზიანების გარეშე. დასაქმებულმა დეტალურად აღწერა, ბანკომატების კასეტების დალუქვის შემდგომი პროცედურა.

6. ბანკომატის კასეტების დალუქვისას მოსარჩელე არ ახდენდა „კლიფსილის“ ბოლომდე დაჭერას, მისი დაზიანების შიშით.

7. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ დალუქული ბანკომატის კასეტებიდან ფულადი თანხები იკარგებოდა.

8. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის წინააღმდეგ, რომლითაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, კერძოდ, ვინაიდან ის არ ახდენდა ე.წ. „კლიფსილების“ საშუალებით ბანკომატის კასეტების სრულყოფილად დალუქვას, ამით მოპასუხეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სასამართლომ დავის განხილვისას იხელმძღვანელა სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 38.8 მუხლის იმჟამად მოქმედი რედაქციით.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო პრეტენზია შემდეგ არგუმენტებზეა დაფუძნებული:

12.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ ახდენდა დადგენილი წესით „კლიფსილების“ საშუალებით ბანკომატების დალუქვას, რითაც მოპასუხეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ასევე, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ის გარემოება, რომ დასაქმებულისათვის ცნობილი იყო ბანკის დირექტორატის 2015 წლის 17 ივნისის №23/17 დადგენილებით დამტკიცებული „სს „ვ.ბ.ჯ–აში“ სალაროს სისტემის ორგანიზების, ნაღდ ფულთან და ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ დებულების შინაარსი. მოსარჩელემ სასამართლოს განუმარტა, რომ ხსენებული დებულება მისთვის არ გაუცვნიათ და ახალი „კლიფსილებით“ კასეტების დალუქვაზე ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

12.2. სასამართლო განხილვებით დადასტურდა, რომ დამსაქმებელს დასაქმებულისათვის არ გაუცვნია არც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2007 წლის 2 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული შინაგანაწესი, არც ბანკის დირექტორატის 2015 წლის 17 ივნისის №23/17 დადგენილებით დამტკიცებული დებულება და არც მისი დანართი - „ინდივიდუალურნომრიანი, ერთჯერადი გამოყენების პლომბების გამოყენების, შენახვის და აღრიცხვის წესები“. ამდენად, მოსარჩელე „კლიფსილებით“ ბანკომატის კასატების დალუქვის წესებს არ იცნობდა. უფრო მეტიც, მოსარჩელისათვის არავის მიუცია შენიშვნა, „კლიფსილებით“ კასეტების არასწორად დალუქვასთან დაკავშირებით.

12.3. გასაჩივრებული განჩინება მხოლოდ ვარაუდებსა და მოპასუხის მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციაზეა აგებული და სათანადო მტკიცებულებებს არ ემყარება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება -დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

17. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ #ას-151-147-2016, 19.04.2016წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 - ვებგვერდი, 5.10.2020 წ.). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ იგი ე.წ. „კლიფსილების“ საშუალებით არასათანადოდ ლუქავდა დამსაქმებლის ბანკომატის კასეტებს, რამაც ბანკომატიდან ფულის დაკარგვა გამოიწვია.

19. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ #ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; #ას-483-457-2015, 7.10.2015წ.; #ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი სათანადოდ დაასაბუთა. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა მოპასუხის მიერ მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული რამდენიმე გარემოება, კერძოდ:

2016 წლის 22 იანვრის სადავო ბრძანების მიღებამდე დასაქმებული ბანკში მოლარის პოზიციაზე 23 წლის მანძილზე მუშაობდა; ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე ძირითადად დაკავებული იყო ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულებით: ბანკომატის კასეტებში თანხის განთავსება - დალუქვით;

დასაქმებულისათვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ დალუქული ბანკომატის კასეტებიდან ფულადი თანხები იკარგებოდა;

სისხლის სამართლის საქმის დაკითხვის ოქმში ასახულია ახსნა-განმარტება, სადაც დასაქმებული მიუთითებს, რომ დასალუქად იყენებდა ე.წ. „კლიფსილებს“, რომელიც წარმოადგენს პლასტმასის ნაკეთობას, აქვს კბილანები და დალუქვის შემდეგ შეუძლებელია მისი გახსნა, გადაჭრისა და ლუქის დაზიანების გარეშე. იქვე იგი დეტალურად აღწერს ბანკომატის კასეტების დალუქვის შემდგომ პროცედურას. დასაქმებულის განმარტებითვე, იგი არ ახდენდა „კლიფსილის“ ბოლომდე დაჭერას, მისი დაზიანების შიშით.

მოხმობილი გარემოებების ერთობლიობა საკმარის საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომის ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით მის მიმართ დადგენილი წესები.

საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ დასაქმებულს, რომელიც მოპასუხე ბანკში საკასო ოპერაციების განყოფილების მოლარის პოზიციაზე მუშაობდა და რომლის ერთ-ერთი ფუნქციაც ბანკომატის კასეტების დალუქვა იყო, ობიექტური წინდახედულობის გამოჩენით უნდა გადაემოწმებინა, იყო თუ არა მის მიერ დადებული ლუქი მყარი და შესაძლებელი იყო თუ არა ეგრედ წოდებული კასეტებიდან თანხის ამოღება.

ჯერ ერთი, დასაქმებული ასე იმიტომ უნდა მოქცეულიყო, რომ, როგორც სისხლის სამართლის საქმის 2016 წლის 18 იანვრის დაკითხვის ოქმში თავადვე განმარტა, დაზიანების შიშით, იგი დამსაქმებლის ბანკომატის კასეტების დალუქვისას „კლიფსილების“ ბოლომდე დაჭერას არ ახდენდა (იხ. ტომი 1 , ს.ფ. 178-180). ასეთ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ ბანკში მოლარის პოზიციაზე 23 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე პირმა, რომელიც ერთგვაროვან სამუშაოს წლების მანძილზე ასრულებს, იცის დალუქვის სტანდარტი და მისთვის ცნობილია, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დალუქვის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას.

მეორეც, ამავე დაკითხვის ოქმში მოსარჩელემ განმარტა და სააპელაციო სასამართლომაც დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, მის მიერ დალუქული ბანკომატის კასეტებიდან ფულადი თანხების დაკარგვის თაობაზე.

ასეთ პირობებში, გონივრული წინდახედულობის გამოჩენისას დასაქმებული აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო, ხომ არ უკავშირდებოდა თანხის დაკარგვა იმავე ბანკომატის კასეტებზე მის მიერ „კლიფსილების“ არასრულად დაჭერის ფაქტს.

კასატორს უნდა გადაემოწმებინა მის მიერ დადებული ლუქის სიმყარე, თანხის დაკარგვის შესაძლებლობა და შემდგომში ბანკომატის სრულყოფილად დალუქვის წესი დაეცვა (ე.წ. „კლიფსილი“ ბოლომდე, სრულყოფილად ისე დაეჭირა, რომ იგი არ გამტყდარიყო და თანხის ამოღებაც შეუძლებელი ყოფილიყო). რაკი დასაქმებული ასე არ მოქცეულა, ეს იმას ადასტურებს, რომ მან დამსაქმებლის წინაშე შრომის ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება დაარღვია, რადგან:

20.1. მხარეთა შორის 2014 წლის 1 მარტს დადებული შრომითი ხელშეკრულების 6.3 და 6.4 პუნქტით დადგენილია, რომ დასაქმებული ვალდებულია მკაცრად დაიცვას ნაღდ ფულსა და ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების და ინკასირების წესები, წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული თანამდებობრივი ვალდებულების შესაბამისად, რისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაშიც მას ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა; დასაქმებული ვალდებულია, გაუფრთხილდეს მიბარებულ ნაღდ ფულსა და ფასეულობას, მიიღოს ზომები მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად და აანაზღაუროს მისი ქმედებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისი. ამავე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია, შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, აგრეთვე, ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებები. ამავდროულად, სს „ვ.ბ.ჯ–ას“ სამეთვალყურეო საბჭოს 2007 წლის 2 თებერვლის №1/5 დადგენილებით დამტკიცებული შინაგანაწესის 9.2.2 პუნქტის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტები ადგენენ, დასაქმებულის ვალდებულებას: განუხრელად დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, შინაგანაწესის მოთხოვნები, მოქმედი შიდასაბანკო და სასაშვებო რეჟიმი, შრომის დისციპლინა; მოუფრთხილდეს მასზე გაპიროვნებულ ბანკის ქონებას, მკაცრად დაიცვას ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების წესები, პასუხი აგოს ამ ქონების თავისი ბრალით დაზიანების შემთხვევაში, დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა და დოკუმენტაციის შენახვის დადგენილი წესები. სს „ვ.ბ.ჯ–აში“ სალაროს სისტემის ორგანიზების, ნაღდ ფულთან და ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ დებულების №3 დანართის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დალუქვა წარმოებს ხელით, პლომბის რბილი ელემენტის კორპუსის ჩამკეტ ნაწილში (ამ მიზნით არსებულ შესაბამის ჭრილში) მანიშნებელი ისრის მიმართულების გატარებით და შესაბამისად მარყუჟის (შეძლებისდაგვარად მინიმალური ზომის) მიღების გზით.

20.2. მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სწორად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელის ქმედებები: ერთ შემთხვევაში "კლიფსილის" არასათანადოდ გამოყენება და მეორეს მხრივ თანხის დაკარგვის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება კასატორის მიერ სამსახურებრივი ვალდებულების უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს, რომელმაც ბანკისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

21. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მას არ ჩატარებია შესაბამისი ინსტრუქტაჟი ახალი „კლიფსილების“ საშუალებით ბანკომატის კასეტების სათანადოდ დალუქვასთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 18 იანვარს მიცემულ ჩვენებაში დამსაქმებელმა დეტალურად აღწერა ბანკომატების კასეტების დალუქვის პროცედურა.

ბანკომატის კასეტების ჩატვირთვა/ამოტვირთვას, დალუქვას და კიდევ სხვა სამსახურებრივ მოვალეობებს, რაზეც მოსარჩელე დაკითხვის ოქმში საუბრობს, იგი სწორედ მოპასუხე ბანკის დირექტორატის 2015 წლის 17 ივნისის №23/17 დადგენილებით დამტკიცებული „სს „ვ.ბ.ჯ–აში“ სალაროს სისტემის ორგანიზების, ნაღდ ფულთან და ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ დებულებით დადგენილი წესის იდენტურად აწარმოებდა. ეს გარემოება მეტყველებს მასზედ, რომ მოსარჩელისათვის ფაქტობრივად ცნობილი იყო ხსენებული დებულების შინაარსი და სააპელაციო სასამართლომ ამ კუთხით მისი პრეტენზია სწორად არ გაიზიარა.

22. კასატორის ბრალეულობის გამომრიცხველად და ამ გზით სადავო ბრძანების კანონსაწინააღმდეგობის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დასაქმებულისათვის არავის მიუცია შენიშვნა - „კლიფსილებით“ კასეტების არასწორად დალუქვასთან დაკავშირებით.

დასახელებულ საკითხთან მიმართებით, სრულიად გასაზიარებელია დამსაქმებლის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სადავო ფაქტებზე იმ პერიოდში მიმდინარე გამოძიების მიზნებისათვის, მოსარჩელეს მის მიერ დალუქვის წესების დარღვევის შესახებ არ ატყობინებდნენ. როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელის მორიგეობების დროს დამსაქმებლის ბანკომატის კასეტებიდან თანხების დაკარგვა 2015 წლის 30 აპრილიდან დაიწყო და ეს პროცესი დეკემბრის თვემდე გაგრძელდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაბამის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ უნდა ყოფილიყო იმთავითვე მოსარჩელის ინფორმირება, რომ ამ უკანასკნელის მიერ დალუქვის წესების დარღვევაზე დამსაქმებელს პრეტენზია წარმოეშვა.

აღნიშნული მსჯელობის მიუხედავად და იმ გარემოების დაშვების პირობებშიც, რომ დასაქმებულის შემოწმებაზე პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს, მოსარჩელის ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებისთვის კასატორის პასუხისმგებლობა გაქარწყლებული ვერ იქნება.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ჟ.ზ–ძეს (პირადი ნომერი - .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება - 9943958390, გადახდის თარიღი - 7.10.2020წ/) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე