Facebook Twitter

საქმე №ას-1543-2019 25 სექტემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.ფ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.კ.ქ.ჰ.კ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ.ფ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.კ.ქ.ჰ.კ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კლინიკა) მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რომელიც 2013 წლის 23 თებერვლიდან 2013 წლის 22 აპრილის ჩათვლით 3 800 ევროს, ხოლო 2013 წლის 22 აპრილიდან 2013 წლის 15 მაისის ჩათვლით 2 913 ევროს შეადგენს, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2012 წლის 22 აგვისტოდან დასაქმებული იყო შპს „ჰ.კ–ში“ (ამჟამად _ შპს „ნ.კ.ქ.ჰ.კ–ა“) დირექტორის თანამდებობაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 3 800 ევროს ეკვივალენტ ლარს. ხელფასი მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა ორჯერ: 2013 წლის 5 იანვარს (2012 წლის სექტემბერ-დეკემბრის) _ 25 803,60 ლარი და 2013 წლის 26 აპრილს (ერთი თვის) _ 6 824,20 ლარი. 2013 წლის 15 მაისს, საკუთარი განცხადების საფუძველზე მოსარჩელემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მისთვის დავალიანება, რითაც ირღვევა ნ.ფ–ის უფლებები.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის _ 32 627 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 31 ოქტომბერს დაფუძნდა კლინიკა, რომლის დირექტორადაც იმთავითვე დაინიშნა დავით ალექსიძე. დირექტორის ინიციატივით გასხვისდა საწარმოს წილის 70% და შეიცვალა ხელმძღვანელობაც, შესაბამისად, დირექტორის თანამდებობაზე გამწესდა შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე. ამ უკანასკნელმა, პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე კაბალური ხელშეკრულებები გააფორმა მესამე პირებთან და თავადაც დაინიშნა შეუსაბამოდ მაღალი ხელფასი. დირექტორობის პერიოდში მას რეალურად არ შეუსრულებია რაიმე სამუშაო, რაც წაადგებოდა კომპანიას. მოპასუხის ქმედებების ანალიზისას დადგინდა დარღვევები, საკუთარი ინვოისით თავისსავე ანგარიშზე ირიცხავდა თანხას, თითქოს შრომის ანაზღაურების სახით. მითითებული დარღვევის აღმოჩენის შემდგომ დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ყოფილი დირექტორი იმავდროულად მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში და იღებდა ხელფასს. სასამართლოს სარჩელით მიმართეს მესამე პირებმა, რომლებთანაც კლინიკის ყოფილ დირექტორს ფიქტიურად ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, ასევე მოიქცა ნ.ფ–იც. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის მიერ მიღებული თანხებით კლინიკას მიადგა ზიანი, ვინაიდან ამ თანხის მიღების უფლებას არც კანონი და არც წესდება არ ითვალისწინებდა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. თავდაპირველმა მოპასუხემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიაში დროებით იქნა დანიშნული დირექტორად გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად, ბოლო თვეების განმავლობაში მის დირექტორად რეგისტრაციას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რის შემდგომაც თავად მოიხსნა თავი რეგისტრაციიდან. ამ დროისათვის მოსარჩელე დასაქმებული იყო სხვა ორგანიზაციაში. საზოგადოებას დირექტორისათვის ხელფასი არ დაუნიშნავს, იგი არ ყოფილა შეთანხმებული კომპანიის პარტნიორებთან. მას, როგორც დირექტორს, ხელთ ჰქონდა ყველა დოკუმენტი, ასევე, შეეძლო შეექმნა იგი. რაც შეეხება სასამსახურო ხელშეკრულებას, იგი მოსარჩელესთან არ გაფორმებულა. სახელფასო ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ კომპანიაში არსებული ხელფასების გათვალისწინებით (რომელიც არ აღემატება 400 ლარს) დირექტორს არ შეიძლებოდა ჰქონოდა მოთხოვნილი ოდენობით ხელფასი, რაც უკვე განხორციელებული ჩარიცხვების გაურკვევლობაზე მეტყველებს;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ საზოგადოებიდან მიღებული თანხა წარმოადგენს დირექტორის შრომის ანაზღაურებას და არ შეიძლება უკანონოდ მიღებულად იქნას მიჩნეული, შესაბამისად, გამორიცხულია ზიანზე საუბარი. თვადაპირველმა მოსარჩელემ შეასრულა საზოგადოების წესდებითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რის სანაცვლოდაც მიიღო შესაბამისი ანაზღაურება, ამდენად, მიღებული ხელფასის დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი და შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

მოცემული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ამასთანავე, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმიფო ბაჟის _ 1 494 ლარის ანაზღაურება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც ნ.ფ–ის საკასაციო საჩივარი მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში პალატა ამ პრეტენზიებზე აღარ იმსჯელებს.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. მოსარჩელე იყო მოპასუხე კომპანიის დირექტორი;

1.2.2. ყოფილი დირექტორის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სახელფასო დავალიანებისა და მისი დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს კომპანიისათვის დაკისრება.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეში არსებითად განხილვის შედეგად დაადგინა, რომ აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო პალატა არ იზიარებს ხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ იგი ემყარება არა მხოლოდ სამართლის ნორმების არასწორ გამოყენება-განმარტებას, არამედ, ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

1.3.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამავე პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნ.ფ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში საკასაციო პალატამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება და ნ.ფ–ი გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მოხმობილი გადაწყვეტილების თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს. დასახელებული ნორმის მოწესრიგება ასახულია ამავე კოდექსის 178-ე, 368-ე და 396-ე მუხლებში. ამ წესისაგან გამონაკლისს ითვალისწინებს კანონი _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს ჩამონათვალს, როდესაც მხარე თავისუფლდება ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან, ხოლო ნორმის მე-2 ნაწილი მითითებითია (კანონით გათვალისწინებული შემთხვევა) და მოიაზრებს მათ შორის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებს. ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების ეტაპზე მხარის მოთხოვნა მოწმდება პროცესუალური თვალსაზრისით, ანუ სასამართლო ფორმალურად, საპროცესო სამართლის დანაწესებთან შესაბამისობაში ამოწმებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ზემოხსენებული ნორმის რეგულაციაში ექცევა და დავის გადაწყვეტის მატერიალური საფუძველი ამ საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს, შესაბამისად, საკასაციო პალატის დასკვნით, ის გარემოება, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასამრჯელოს წარმოადგენს, მის პროცესუალურ მხარეზე გავლენას ვერ იქონიებს (იხ. სუსგ #ას-650-606-2017, 03.11.2017წ.).

1.3.3. მიუხედავად საკასაციო სასამართლოს ხსენებული მსჯელობისა, სააპელაციო საჩივრის უარყოფისას სააპელაციო პალატამ აპელანტს (მოსარჩელეს) კვლავ დააკისრა სახელმწოფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

1.3.4. საკასაციო პალატა კვლავ იზიარებს 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის მოწესრიგებისათვის არ იქნა რა გამოყენებული შესაბამისი სამართლის ნორმები, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა: ვინაიდან მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მიუხედავად პროცესუალური თვალსაზრისით განსახილველი დავა შრომის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას წარმოადგენს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პალატა კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან ათავისუფლებს.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უარყოფილ იქნა, ამასთან იგი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე პროცესის ხარჯებს (სახელმწიფო ბაჟი) გაიღებს სახელმწიფო»

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ.ფ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ნ.ფ–ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი