Facebook Twitter

საქმე №ას-1445-2019 24 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ტ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ტ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი.ტ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სარჩენი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ტ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ალიმენტვალდებული პირი) მიმართ, მოპასუხისათვის 2015 წლის 31 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე _ 2018 წლის 31 ივლისამდე ყოველთვიური ალიმენტის სახით 350 ლარის, ხოლო, სარჩელის აღძვრიდან 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე მოსარჩელისა და ჟ.ტ–ის საერთო შვილია. მოსარჩელე არის ომის ვეტერანი და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს, ჰემორაგიული ინსულტი, მედიალური ინტრაცერებრული ჰემატომა მარჯვენა ჰემისფეროში, ქერქქვეშა ბირთვების საპროექციო არეში, მარცხენამხრივი ღრმა დისოცირებული ჰემიპარეზი პლეგიით ხელში, არტერიული ჰიპერტენზია). 2008 წლის 12 მარტს მან მოპასუხეს აჩუქა 105 კვ.მ შენობა 200 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნულ ფართში ფუნქციონირებდა მაღაზია, რომელიც ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ, მოპასუხე საშუალებას მისცემდა ოჯახის წევრებს, ესარგებლათ აღნიშნული ფართით. მოსარჩელეს ჰყავს მეორე შვილი, 1986 წელს დაბადებული კ.ტ–ი, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში, ...... (ყოფილის .... ქ#26). დღესდღეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება 84 კვ.მ უძრავი ქონება. კ.ტ–ი იხდის კომუნალურ გადასახადებს, ყიდულობს მოსარჩელისათვის მედიკამენტებს და საკუთარ თავზე იღებს ოჯახის მოვლა-პატრონობისათვის ყველა აუცილებელ ხარჯს. გარდა ამისა, კ.ტ–ს ჰყავს ოჯახი - მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. 2013 წელს მოპასუხემ მეორედ იქორწინა ბ.ჩ–ძეზე. მოპასუხემ დააპირა მამის მიერ ნაჩუქარი ფართის გაყიდვა, რაც მხარეთა შორის სასამართლოში დავის საფუძველი გახდა, კერძოდ, ი.ტ–მა სარჩელი აღძრა ნ.ტ–ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ნ.ტ–ი იღებს სარგებელს გაქირავებული ფართიდან, რომელსაც ამჟამად ქირაობს ინდ.მეწარმე თ.მ–ი. აღნიშნულის შედეგად, მოსარჩელე ვეღარ იღებს შემოსავალს. მოპასუხე ყურადღებას არ იჩენს შრომისუუნარო მამის მიმართ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. მოსარჩელე იღებს პენსიას 200 ლარს, რომელიც არ არის საკმარისი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად და ვერ ფარავს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენეტების შესაძენად საჭირო თანხებს. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მან ორჯერ გადაიტანა ინსულტი, პირველად 2015 წელს, ხოლო მეორედ _ 2017 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც მეტად დამძიმდა მისი მდგომარეობა. ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ესაჭიროება რეაბილიტაციის კურსის გავლა, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. აღნიშნულის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 300 ლარს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შესაძენად ყოველთვიურად ესაჭიროება დაახლოებით 200 ლარი. მოპასუხეს ჰყავს ერთი სრულწლოვანი, შრომისუნარიანი შვილი, შესაბამისად, მის კმაყოფაზე არავინ იმყოფება. გარდა ამისა, მას აქვს კარგი ფინანსური მდგომარეობა: ზემოთ ხსენებული ფართის გაქირავებით იღებს გარკვეულ შემოსავალს, ასევე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ში“, საიდანაც ხელფასისა და პრემიების სახით ასაღები ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 1 300 ლარს შეადგენს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე არ არის შრომისუუნარო და ლოგინად ჩავარდნილი, როგორც ამას თავად ამტკიცებს. იგი მონაწილეობდა ამავე მხარეთა შორის არსებულ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და ფიზიკურადაც ეხმარებოდა ხელოსნებს. ი.ტ–ი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის გაქირავებით იღებს შემოსავალს. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას არავითარი წინაპირობა არ ჰქონია და დასაჩუქრებულს არ ევალებოდა რაიმე მოქმედების შესრულება. ნაჩუქარი ქონება წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს, ამდენად, იგი ვერ იქნებოდა მოსარჩელისა და კ.ტ–ისათვის შემოსავლის წყარო. შენობამ მაღაზიის ფუნქცია შეიძინა მას შემდეგ, რაც მოპასუხემ გარკვეულ ეტაპამდე მიიყვანა მშენებლობა. აღნიშნულ ქონებაზე მიმდინარე დავაზე მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, სადაც დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. ხსენებული უძრავი ქონების პირველ სართულს აქვს საცხოვრისის ფუნქცია და მასში დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მოპასუხის სრულწლოვანი შვილი. ზემოთ მითითებული საქმის განხილვისას, ი.ტ–ის წარმომადგენელმა დაადასტურა სახლის ნაწილის გაქირავებით გარკვეული შემოსავლის _ 600 ლარის მიღების ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა არასაკმარისია მკურნალობის საჭიროების მქონე პირისათვის. მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისი დიაგნოზია ფარისებური ჯირკვლის II სტადია (II კლინიკური ჯგუფი), ოპერაციის და იოდოთერაპიის შემდგომი პერიოდი პათომორფოლოგიით: #13/791 ფარისებური ჯირკვლის პაპილური კარცინომა. აღნიშნული დაავადებიდან გამომდინარე საჭიროებს 3-4 თვეში ერთხელ გამოკვლევების ჩატარებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რისთვისაც საჭიროა დაახლოებით 300-დან 400 ლარამდე. მასვე აღებული აქვს კრედიტი მამის მიერ ნაჩუქარი სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და კეთილმოწყობისათვის, რომლისთვისაც ყოველთვიურად 450 ლარს იხდის. მოპასუხე დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (დისპეტჩერის) თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 000 ლარს. ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქ.რუსთავში, ..... მდებარე #20 ბინაში. მიუხედავად ასაკისა, მოსარჩელე შრომისუნარიანია, იღებს შემოსავალს არა მხოლოდ კუთვნილი სახლის გაქირავებით, არამედ პენსიის სახითაც, რომელიც 200 ლარზე გაცილებით მეტია (დამატებით იღებს ომის ვეტერანობისათვის დადგენილი ოდენობის თანხასაც), ამასთანავე, სარგებლობს სახელმწიფო შეღავათებით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სრულწლოვანი ქმედუნარიანი შვილისათვის მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების წინაპირობების არსებობა. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით ჩათვალა, რომ მოსარჩელე ვერ ამტკიცებდა მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობის არებობას, რასაც არ ეთანხმება კასატორი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. ამ მხრივ უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო განაცხადის თანახმად, ი.ტ–ი გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მხოლოდ მიმდინარე ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მოითხოვს. საკასაციო საჩივრის თანახმად კი:

- მოსარჩელე მოპასუხისათვის ალიმენტის დაკირებას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ცნობის თანახმად, კასატორი არის შრომისუუნარო, მას აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შრომის უნარის შეზღუდვა, ამავე გარემოებას ადასტურებს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო ცნობები, ვეტერანისა და საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის მოწმობები (ამ უკანასკნელი დოკუმენტის თანახმად, კასატორი იყო 30 კვ. ზონაში ლიკვიდატორი. საერთაშორისოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ხსენებული წარმოადგენს ყველაზე მაღალი რისკის მქონე ზონას), ასევე ის ფაქტი, რომ მან ორჯერ გადაიტანა ინსულტი და გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსზე მსჯელობისას იყენებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლს და არ მიიჩნევს მას შრომისუუნაროდ, რაც არასწორია, რადგანაც ხსენებული საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ფორმა #100-ით დასტურდება;

- კასატორი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას, მისი შემოსავალი ჩერნობილელის სტატუსის დანამატიანად თვეში 222 ლარს შეადგენს, მეუღლესთან ერთად გამოტანილი აქვს საპენსიო სესხი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მისაღებ დახმარებასაც ვერ განკარგავს საკუთარი შეხედულებისამებრ. ცხოვრობენ სარდაფში, ნესტიან და უჰაერო ბინაში, რომელსაც მეტრის სიმაღლის კიბით უნდა დაუკავშირდე;

- მოწინააღმდეგე მხარემ თავადვე დაადასტურა, რომ მშობლების დახმარებით გაიკეთა ოპერაცია. ამის შემდგომ მას სერიოზული მკურნალობა აღარ დასჭირვებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოადგენდა შესაბამის მტკიცებულებებს. მოპასუხეს გააჩნია მატერიალური შემოსავალი, რაც დაადასტურა სასამართლომაც, კერძოდ, მას ფართი მიქირავებული აქვს თ.მესტვირიშვილზე, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული და იურიდიულ მისამართად მითთებულია ქ.თბილისი, ...... ხსენებული ფართი წარმოადგენს 76 კვ. მეტრს და მოპასუხის შემოსავალი საშუალოდ 1 500 ლარს შეადგენს. ამ მხრივ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად არასწორად არ დაადგინა ფართის გაქირავების გზით მოპასუხის მიერ შემოსვლის მღების ფაქტი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს არც შესაგებლში და არც შემდგომ უარუყვია ფართის გაქირავების შედეგად თანხის მიღება, რომელიც კომერციული დანიშნულების ობიექტია, გარდა ამისა, მოსარჩელისათვის ობიექტურად ხელმიუწვდომელი იყო ყოველთვიური ჩარიცხვების დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება;

- სააპელაციო პალატამ დამატებითი გადაწყვეტილებით აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 800 ლარის გადახდა. მართალია, ხსენებული რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, თუმცა, პროცესის ხარჯებს, ამავე კოდექსის 249.5 მუხლის თანახმად, განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. ამდენად, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1.2.1. მოსარჩელე მეუღლესთან _ ჟ.ტ–თან და შვილებთან: ნ.ტ–თან და კ.ტ–თან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისში, ...... 2013 წელს მოპასუხე დაქორწინდა ბ.ჩ–ძეზე და ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქ.რუსთავში, ....., ბინა #20-ში;

1.2.2. მოსარჩელე, მისი მეუღლე და მათი სრულწლოვანი შვილი კ.ტ–ი ამჟამადაც ცხოვრობენ ქ.თბილისში, ..... კ.ტ–ს ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. იგი დასაქმებულია და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მამას ფინანსურად;

1.2.3. 2008 წლის 12 მარტს მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ნ.ტ–ს ქ.თბილისში, ...... და ..... ქუჩების კუთხეში მდებარე შენობა-ნაგებობა #1 (მშენებარე), #2, #3 (ს/კ #......); აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა სასამართლოში უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. ამ ფართში ცხოვრობს ნ.ტ–ის სრულწლოვანი შვილი;

1.2.4. 2013 წლის შემდეგ ოჯახის წევრებს: ი.ტ–ს, ჟ.ტ–ს, კ.ტ–სა და ნ.ტ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად გართულდა. მხარეთა შორის დღემდე კონფლიქტური დამოკიდებულებაა;

1.2.5. 1971 წლის 25 იანვარს დაბადებული ნ.ტ–ი არის ი.ტ–ისა და ჟ.ტ–ის შვილი;

1.2.6. მოსარჩელე არის საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრი, ვეტერანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე მას შემოსავლები არ უფიქსირდება. მოსარჩელის პენსიის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ასაკით პენსიონერისათვის გათვალისწინებულ 200 ლარს, სხვა სახელმწიფო შეღავათებით იგი არ სარგებლობს და არც ქონების გაქირავების გზით არ აქვს დამატებითი შემოსავალი;

1.2.7. ი.ტ–მა ორჯერ, 2015 წელსა და 2017 წლის დეკემბერში გადაიტანა ინსულტი. მედიცინის მუშაკების მიერ დასმული დიაგნოზის თანახმად, მას აღენიშნება: თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს, ჰემორაგიული ინსულტი, მედიალური ინტრაცერებრალური ჰემატომა მარჯვენა ჰემისფეროში, ქერქქვეშა ბირთვების საპროექციო არეში, მარცხენამხრივი ღრმა დისოცირებული ჰემიპარეზი პლეგიით ხელში, არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული ინსულტების (2015 წ., 2017 წ.) შემდგომი მდგომარეობა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი მნიშვნელოვნად გამოხატული დიზართრია. ი.ტ–ი საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას;

1.2.8. ნ.ტ–ს ასევე აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მას აღენიშნება ფარისებური ჯირკვლის Cr T2N0M0 II სტადია, მეორე კლინიკური ჯგუფი, პათომორფოლოგიით N13/791 ფარისებური ჯირკვლის პაპილური კარცინომა, კისრის მარჯვენამხირივი მწვავე ლიმფადენოპათია. აღნიშნულის მკურნალობის მიზნით, 2013 წლის 27 სექტემბერს ნ.ტ–მა ჩაიტარა ფარისებური ჯირკვლის ტოტალური რეზექცია პაპილური კიბოს გამო, ამავე წლის ნოემბერში იმკურნალა რადიოაქტიური იოდით, მიღებული აქვს იოდ -131 100 mci, 2013 წლის დეკემბერში ჩაუტარდა რადიოაქტიური იოდით მკურნალობა დოზით 100 მილიკიური;

1.2.9. მოპასუხე დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (დისპეტჩერის) პოზიციაზე და მისი ანაზღაურება 2015 წელს შეადგენდა 995 ლარს, 2016 წლიდან მოპასუხის დარიცხული ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს 1000 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ.ტ–ს 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მიღებული შემოსავალი 2015 წლის 31 ივლისიდან შეადგენს: აგვისტოში - 1 120 ლარს, სექტემბერში - 1 255 ლარს, ოქტომბერში - 1 187.5 ლარს, ნოემბერში - 1 120 ლარს, დეკემბერში - 1 505 ლარს, 2016 წლის იანვარში - 1 120 ლარს, თებერვალში - 1 463.71 ლარს, მარტში - 1 324.09 ლარს, აპრილში - 1 318.18 ლარს, მაისში - 1 246.59 ლარს, ივნისში - 1 246.59 ლარს, ივლისში - 1 246.58 ლარს, აგვისტოში - 1 175 ლარს, სექტემბერში - 1 246.59 ლარს, ოქტომბერში - 1 246.59 ლარს, ნოემბერში - 1 175 ლარს, დეკემბერში - 1 443.18 ლარს, 2017 წლის იანვარში - 1 175 ლარს, თებერვალში - 1 071.59 ლარს, მარტში - 1 350 ლარს, აპრილში - 1 098.76 ლარს, მაისში - 1 364.35 ლარს, ივნისში - 1 485.36 ლარს, ივლისში - 1 127.58 ლარს, აგვისტოში - 1 000 ლარს, სექტემბერში - 1 063.78 ლარს, ოქტომბერში - 1 000 ლარს, ნოემბერში - 1 273 ლარს, დეკემბერში - 1 530.29 ლარს, 2018 წლის იანვარში - 1 000 ლარს, თებერვალში - 1 063.79 ლარს, მარტში - 1 068.19 ლარს, აპრილში - 1 000 ლარს, მაისში - 1 336.38 ლარს, ივნისში - 1 336.38 ლარს, ივლისში - 1 268.18 ლარს, აგვისტოში - 1 255.69 ლარს;

1.2.10. თ.მ–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ.თბილისი, ......; ამავე მისამართზე მდებარე, მოპასუხის კუთვნილი 76 კვ.მ (მეორე სართულზე 44 კვ.მ და მესამე სართულზე 32 კვ.მ) უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება, მოქმედი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს 500 ლარს;

1.2.11. მოპასუხეს ერიცხება სხვადასხვა მოცულობის საკრედიტო დავალიანებები სს „თ.ბ–თან“, სს „კ.ბ–თან“, სს „ს.ბ–თან“, შპს მისო „რ.ე–თან“, სს „ვ.ბ.ჯ–თან“. აღნიშნული საბანკო დავალიანებების დასაფარად იგი ყოველთვიურად იხდის 450 ლარს.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტებს ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა უპირველესად რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ხოლო, შემდგომ მოახდენს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების სუბსუმირებას მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებთან:

1.3.1. საკასაციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას ექვემდებარება სრულწლოვანი შვილისათვის მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება. ხსენებულ მოთხოვნას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ასევე, 1219-ე მუხლი. მოხმობილი ნორმების თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ. განსახილველი ნორმები ადგენენ შვილების მატერიალური პასუხისმგებლობის ელემენტებს მშობლების მიმართ და საოჯახო სამართლით დადგენილი ამ ვალდებულების წინაპირობების სწორად და ზუსტად განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არა ნორმათა სიტყვასიტყვითი, არამედ _ ისტორიული განმარტების მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული. პალატა მიიჩნევს, რომ კერძო სამართლის ნორმები, განსაკუთრებით კი, საოჯახო სამართლის დანაწესები საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური სტანდარტების შესაბამისად უნდა განიმარტოს და სადავო ურთიერთობის კანონის ჩარჩოებში მოქცევისას მხედველობიდან არ უნდა იქნას გამორჩენილი ის მორალური კატეგორია, რომელიც საკანონმდებლო მოწესრიგებას დაედო საფუძვლად. საქართველოში დამკვიდრებული ქცევის წესია სრულწლოვალი შვილის მიერ დახმარების საჭიროების მქონე მშობლისათვის როგორც ფიზიკური, ისე _ მატერიალური დახმარების გაწევის აუცილებლობა, სწორედ ამაზე მეტყველებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილი რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, ამავე ნორმის მე-2 ნაწილი სწორედ ზემოხსენებული სტადარტის ფარგლებშია განსამარტი, რაც გულისხმობს შემდეგი წინაპირობების არსებობას: მარჩენალსა და სარჩენს შორის საოჯახო სამართლით განსაზღვრული მშობლისა და შვილის ურთიერთობას; შვილი/მარჩენალი უნდა იყოს სრულწლოვანი და შრომისუნარიანი; სარჩენი უნდა საჭიროებდეს მატერიალურ დახმარებას და ამავდროულად უნდა იყოს შრომისუუნარო. ამ უკანასკნელ წინაპირობასთან მიმართებით, კანონის სწორი გაგებისათვის არა მისი სიტყვასიტყვითი აზრი, არამედ, კონკრეტულ შემთხვევაში, მისი მიზანი და რეგულირების სფერო უნდა შეფასდეს. საკითხი ეხება სრულწლოვანი შვილის ვალდებულებას, გაუწიოს დახმარება მშობელს, რომელიც ამას საჭიროებს და შრომისუუნაროა, რაც არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური და სხვა მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ხანდაზმულია, ჩერნობილელია, აქვს გადატანილი არაერთი დაავადება და აქვს ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს, დასაქმების ბაზარს, მით უფრო ხანდაზმული პირების შეუძლებლობას, გარდა სახელმწიფო გასაცემელისა იქონიონ სხვა შემოსავალი, ასევე იმას, რომ ამ საქმეში ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს რაიმე შემოსავალი, გარდა პენსიისა არ უდასტურდება და მიიჩნევს, რომ ნორმის წინაპიროები პრეზუმირებულია, ამ პრეზუმფციის გაქარწყლება კი, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს.

1.3.2. რაც შეეხება სარჩოს ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრას, ამ შემთხვევაში, კანონმდებლის ნება კვლავ შვილების ზნეობრივი ვალდებულებითაა განპირობებული და ივარაუდება, რომ შვილები, რომელთა მიმართაც მშობელს არ შეაქვს სარჩელი, ამ ვალდებულებას ნებაყოფლობით ასრულებენ, რაც სარჩოს განსაზღვრისას ანგარიშგასაწევია და მოპასუხედ დასახელებული პირისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობაზე ეს ფაქტორი გავლენას ახდენს, ისევე, როგორც ალიმენტვალდებულის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

1.3.3. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მტკიცების თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შვილის შემოსავლების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელიც ვალდებულია წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ მას არ შეეძლო პირდაპირი მტკიცებულების მოპოვება და ამგვარი ვალდებულების დაკისრებით მას დაუძლეველ ტვირთს უდგენს სასამართლო, თუმცა, პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით ხსენებულ პრეტენზიას უარყოფს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს მესამე პირის, როგორც ინდივიდუალური მეწარმის იურიდიულ მისამართს, მხოლოდ ხსენებული მართლაც არ შეიძლება კონკრეტული ოდენობით შემოსავლის მიღების მტკიცებას დაედოს საფძვლად. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას იმის თოაბაზე, რომ სასამართლომ მოპასუხის მხრიდან შემოსავლების მიღების ფაქტთან დაკავშირებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც სასამართლო განსაზღვრავს მტკიცების საგანს და გაანაწილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს, შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით მოპოვებულ მტკიცებულებებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა მიეცეს შეფასება. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოპასუხეს, გარდა შრომის ანაზღაურებისა, შემოსავლის წყაროს არსებობა უდასტურდება, კერძოდ, უდავოა, რომ მამისგან საჩუქრად მიღებული უძრავი ქონება წარმოადგენს კომერციული დანიშნულების ობიექტს და დადგენილია მისი იჯარით გაცემის შემთხვევაში, ყოველთვიური სარგებლის საორიენტაციო ოდენობა. იმ ვითარებაში კი, როდესაც შრომისუუნარო მშობელი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას შვილისაგან, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გააქირავოს ფართი, ბუნებრივია ამ შემოსავლის მიღების პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში სარჩელის უარყოფა იურიდიულად გაუმართლებელია, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ შემოსავლის მიღების შეუძლებლობაზე დასაბუთებული არგუმენტი მოწინააღმდეგე მხარეს სასართლოსათვის არ წარმოუდგენია.

1.3.4. მოხმობილი მსჯელობისა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ი.ტ–ის მოთხოვნას სრულწლოვანი, შრომისუნარიანი შვილისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე განხორციელებადად მიიჩნევს, რამდენაც დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების წინაპირობების არსებობა. რაც შეეხება ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ უდავო გარემოებას, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეორე შვილი, რომელიც ნებაყოფლობით ასრულებს შვილის მორალურ ვალდებულებას, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მითითების მიუხედავად, კასატორი ვერ ასახელებს კონკრეტული ოდენობით მატერიალური საჭიროების არსებობას, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოპასუხეს ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თავადაც საჭიროებს გარკვეულ სამედიცინო მანიპულაციებს/მკურნალობას, თუმცა, მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრები, ამასთანავე, მოსარჩელე იღებს სახელმწიფო გასაცემელს პენსიას და მის მიერ განსაზღვრული ალიმენტის ყოველთვიური ოდენობა არ აღემატება თვეში 500 ლარს. ამ გარემოებების, ასევე, მოპასუხის დადასტურებული შემოსავლებისა და სხვა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მას მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

1.3.5. პალატა ყურადღებას კიდევ ერთ პროცესუალურ საკითხზე გაამახვილებს: 2019 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა ნ.ტ–ის შუამდგომლობა და აპელანტს მის სასარგებლოდ დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდა. საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის ხსენებულს იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო პალატა არ წარმოადგენს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.5 მუხლის შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი, ეხელმძღავანელა ამავე კოდექსის 53-ე მუხლით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ხსენებულ პრეტენზიას, ვინაიდან 53-ე მუხლის რეგულაცია ფართოა და ვრცელდება ყველა ინსტანციის სასამართლოზე (სსსკ-ის 53.2 მუხლი), შესაბამისად, პრინციპი, რომ წაგებულ მხარეს მოგებულის სასარგებლოდ ეკისრება პროცესის ხარჯები, მათ შორის საქმის არსებითად გადამწყვეტ სასამართლოშიც გამოიყენება, თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ გამოიტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, ამგვარი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად გასაჩივრებას ექვემდებარება, კასატორს კი, მიუხედავად საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზისა, დამატებითი გადაწყვეტილება დადგენილი წესით და ვადაში არ გაუსაჩივრებია, მან დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში წარადგინა მხოლოდ პრეტენზია იმგვარად, რომ ფორმალურადაც არ მოუთხოვია დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, ვერ გასცდება რა საკასაციო მოთხოვნას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერებაზე ვერ იმსჯელებს.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციოს საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, ამასთანვე, ვინაიდან არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას: წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ამ ხარჯის მხარეთსა შორის განაწილების წინაპირობები არ არსებობს, რაც შეეხება ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, დაკისრებული ალიმენტის ოდენობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დისპოზიციიდან გამომდინარე, მოპასუხეს, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს 216 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი.ტ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. ი.ტ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2.2. ნ.ტ–ს (პ/#.......) ი.ტ–ის (პ/#0.......) სასარგებლოდ 2018 წლის 31 ივლისიდან დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით.

2.3. ნ.ტ–ს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 216 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი