Facebook Twitter

საქმე №ას-1408-2019 24 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.თ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ქ–ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.თ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 17 563,84 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2008 წლის 10 მარტს მხარეთა შორის დაიდო #ბ-514 უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხისთვის გადასაცემ ქონებას წარმოადგენდა ქ.თბილისში, ...... მდებარე 23.1 კვ.მ ფართი, ხოლო, ნასყიდობის საგნის საფასური განისაზღვრა 69 300 აშშ დოლარით. საზღაური უნდა გადახდილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.05%-ის ოდენობით. 2009 წლის 2 თებერვალს, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც მოპასუხეს თანხის გადახდის უფრო გრძელვადიანი პერიოდი განესაზღვრა, კერძოდ, დარჩენილი თანხა 5 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, თუმცა, ამ შეღავათის გათვალისწინებით, შეიცვალა ნასყიდობის საგნის ფასიც და მისი მთლიანი ოდენობა 84 131.57 აშშ დოლარით განისაზღვრა. 2015 წლის 14 აპრილს მყიდველმა მიმართა გამყიდველს და განაცხადა, რომ გადიოდა ხელშეკრულებიდან, ხოლო, ამავე წლის 2 ნოემბერს სარჩელი აღძრა გამყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა გადახდილი ნასყიდობის საფასურის დაბრუნება. ვინაიდან მხარეთა შორის 2009 წლის 2 თებერვალს დადებული შეთანხმების თანახმად, თანხის გადახდის 5-წლიანი პერიოდი 2014 წლის 2 თებერვალს მთავრდებოდა და ამ მომენტისთვის დავალიანება 32 982 აშშ დოლარს შეადგენდა, 2010 წლის სექტემბრიდან 2015 წლის 14 აპრილამდე, მოპასუხის მიერ გამყიდველისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო, მის მიერ ხელშეკრულების მოშლამდე, შეადგენს 17 563.84 აშშ დოლარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა სასამართლოში და სარჩელის უარყოფა მოითხოვა, შესაგებლის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულება რეალურად გაცილებით ადრე მოიშალა, ვიდრე ამას მოსარჩელე უთითებდა. ვინაიდან ხელშეკრულების პირობები მოსარჩელემაც დაარღვია, მყიდველს აღარ წარმოეშვა სანაცვლო შესრულების - დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, ვინაიდან მყიდველის მხრიდან პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არც პირგასამტეხლოს დაკისრებას გააჩნია საფუძველი. მოპასუხემ დაადასტურა თანხის გადახდის ვადის გადაცილების ფაქტი, თუმცა, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მას ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამატებით ორკვირიანი ვადა ჰქონდა ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისად, მითითებულ ორკვირიან ვადაში ყოველთვიური შენატანის შეტანა არ წარმოადგენს ხელშეკრულების პირობების დარღვევას. გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარეობდა და სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2013 წლის აგვისტომდე შესასრულებელი ვალდებულებების მოთხოვნა ხანდაზმული იყო. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა _ 0.05% იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 9 აგვისტოდან 2014 წლის 15 აპრილამდე პერიოდისათვის დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2 583 აშშ დოლარის გადახდა.

ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან 100 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. ამავე განჩინებით აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, პროცესისგარეშე ხარჯის სახით დაეკისრა 285 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მყიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების _ პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის დაკისრების კანონიერება წარმოადგენს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნით, მოვალემ დაარღვია ნასყიდობის საზღაურის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება, რაც პირგასამტეხლოს გამოყენების წინაპირობას წარმოადგენდა. ხსენებულ დასკვნას არ ეთანხმება კასატორი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო სასამართლო სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული შემდეგი პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს:

- სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლები. სასამართლო ასკვნის, რომ ხელშეკრულების 7.4. და 4.9. პუნქტებზე დათანახმებით კასატორმა უარი განაცხადა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნაზე. სასამართლოს პასუხი არ გაუცია კითხვაზე, რატომ არ გადასცა გამყიდველმა მყიდველს ფართი 2010 წლის ოქტომბრამდე, მით უფრო მაშინ, რაც შენობა შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნულის პარალელურად დაადგინა, რომ თანხის გადაუხდელობა არ შეიძლებოდა გაგებულიყო საპასუხო მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებად. ხელშეკრულების 7.4. პუნქტი წარმოადგენს ბათილს (სკ-ის 346-ე მუხლი და 348-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), იგი სტანდარტული პირობაა და არა მხარეთა შეთანხების საგანი, რამდენადაც ორმხრივი შეთანხმების საგანი იყო ფართის შესახებ მონაცემები, ფასი, გადახდის პირობები, ჩაბარების ვადა და სხვა. კომპანიის მიერ მიწოდებულ შაბლონში აღნიშნული ყველა სხვა პირობა წარმოადგენს სტანდარტულ პირობას. ასეც რომ არ იყოს, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულების შეუსრულებლობა და ნაკლიანი შესრულება;

- სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლზე მითითებას გამორიცხავს იმ დასაბუთებით, რომ მ.თევზაძეს ფართის გადაცემისაგან დამოუკიდებლად ჰქონდა თანხის სრულად გადახდის ვალდებულება. ასევე არასწორად დაადგინა ძირითადი და დამატებითი შეთანხმების შინაარსი: სასამართლოს დასკვნით, დამატებითი შეთანხმების მიუხედავად, რომელიც საფასურს და მისი გადახდის ვადას შეეხებოდა, არ იცვლებოდა უძრავი ქონების გადაცემის ვადა. ამდენად, არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ მყიდველს საზღაური უნდა ეხადა 2009 წლის მაისის შემდეგ, 2014 წლის ბოლომდე მაშინაც, თუკი გამყიდველი არათუ ნაკლიანს, არამედ _ საერთოდ არ გადასცემდა ფართს. სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა კონკლუდენტური ნების შინაარსი: მყიდველის მხრიდან თანხის გადახდისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო ფართის გადაცემის დაგვიანებით, ხოლო, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის დაუყოვნებლივ მიუმართაობა განპირობებული იყო მოწინააღმდეგე მხარის დაპირებით, კონფლიქტი მოლაპარაკების გზით გადაეჭრათ მხარეებს. ხელშეკრულების 8.2. და 8.3. პუნქტების შესაბამისად, საზღაურის ორ თვეში ერთხელ გადახდის გამო, გამყიდველს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მოეშალა ხელშეკრულება, რაც სასამართლოს არ შეუფასებია. რეალობა კი შემდეგია: ვინაიდან გამყიდველმა ქონება ვერ გადასცა მყიდველს, იგი თანახმა იყო, ვალდებულების შესრულებამდე კასატორს თანხა ორ თვეში ერთხელ გადაეხადა. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენებასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრექტიკისაგან (სუსგ #691-657-2013).

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1.2.1. 2008 წლის 10 მარტს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გასაყიდ ქონებას წარმოადგენდა ქ.თბილისში, ...... მდებარე 23,1 კვ.მ #B-514, ფართი. ქონების ღირებულება განისაზღვრა 69 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარით. თანხის სრულად დაფარვის ბოლო ვადა იყო 2009 წლის 25 მაისი. აღნიშნული ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მიხედვით, თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი ბრალის მიუხედავად მყიდველს გამყიდველისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 9.4. პუნქტის საფუძველზე კი, მყიდველის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას გამყიდველისთვის ასევე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ქონების ღირებულების 10%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკის თანახმად, მოპასუხეს ვალდებულება შვიდ ტრანშად - 2009 წლის 25 მაისამდე უნდა შეესრულებინა;

1.2.2. 2009 წლის 2 თებერვალს მხარეებმა ცვლილება შეიტანეს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში, კერძოდ, გასაყიდი ქონების ღირებულება განსაზღვრეს 84 131.57 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომელიც მყიდველს 5 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 824.69 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა გადახდის დღისთვის მოქმედი ოფიციალური კურსის შესაბამისად. გამყიდველს შეეძლო, ხელშეკრულება ცალმხრივად გაეუქმებინა, თუ მყიდველი გადახდის პერიოდს გადააცილებდა და გამყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებით მიცემული 2-კვირიანი დამატებითი ვადა უშედეგოდ გავიდოდა. ასეთ დროს გამყიდველს მყიდველისთვის გადახდილი თანხა, ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოსა და შესაძლო ზიანის გამოკლებით, უკან უნდა დაებრუნებინა. 2008 წლის 10 მარტის ხელშეკრულების სხვა დებულებები უცვლელი დარჩა და ამავე ცვლილებებთან ერთობლიობაში მოქმედებდა;

1.2.3. მყიდველი მოსარჩელეს ხელშეკრულებით შეთანხმებულ თანხას იმ პერიოდშიც უხდიდა, როდესაც სადავო ფართი რეალურად მასზე გადაცემული არ ყოფილა, თუმცა, მას ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ შეუსრულებია, მან ბოლო გადახდა 2010 წლის ოქტომბერში განახორციელა და დაფარა ამავე წლის სექტემბრის თვის გადასახადი.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა სამართლის ნორმები. ხსენებულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

1.3.1. განსახილველ დავის საგანს მყიდველისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის ვალდებულების დარღვევას და თავად ხელშეკრულების 9.3. პუნქტში დათქმულ პირობას უკავშირებს. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, უდავოა, რომ მყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიუხედავად ბრალისა, ანგარიშსწორების დაყოვნების შემთხვევაში, გადაუხადოს გამყიდველს დაყოვნებული თანხის 0,05%.

1.3.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მხარეთა შეთანხმება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 10.2 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან და ამგვარ პირობაზე დათანხმებით მყიდველმა დაკარგა ორმხრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებაზე უარის თქის უფლება სანაცვლო შესრულების მიღებამდე (სკ-ის 369-ე მუხლი).

1.3.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ხსენებულ დასკვნას და ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე, ამ პრინციპის ფარგლებსა და მისი გამოყენების წინაპირობებზე. აღიარებულია, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ბრუნვის მონაწილეთა ნების თავისუფლების კოდიფიკაციას წარმოადგენს და რელატიური ურთიერთობის პირობებში გადამწყვეტი სწორედ ხელშემკვრელი მხარის ნება ხდება. სამოქალაქო სამართალი ადგენს რა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, ამ პრინციპის გამოყენება დაიშვება კანონით მოუწესრიგებელი ან დისპოზიციური მოწესრიგების შემთხვევაში, კერძოდ, მხარეების ნება უპირატესია იმ შემთხვევაში, თუკი ამა თუ იმ ურთიერთობას საერთოდ არ აწესრიგებს კანონი ან მისი მოწესრიგება არაიმპერატიული ხაისათისაა. საკასაციო სასამართლოს ამგვარი დასკვნა თავად სამოქალაქო კოდექსის 10.2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. ნორმის დანაწესი _ „კანონით აუკრძალავი“ მიუთითებს ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის დისპოზიციურ შინაარსზე. რაც შეეხება იმპერატიულ მოწესრიგებას, ამ შემთხვევაში კანონმდბლის მიდგომა მკაცრია და მოითხოვს, მხარეთა ნება მოექცეს ამ მოწესრიგების ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანი ნება ან მისი ნაწილი, როგორც კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგო, სამართლებრივი ძალის არმქონე იქნება (იხ. სკ-ის 54-ე და 62-ე მუხლები).

1.3.4. საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ მის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 477.2, მე-400, 417-ე და 418.2 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში მოთხოვნის წარმატებულობისათვის სავალდებულოა დასტურდებოდეს მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის არსებით პირობებზე, მყიდველის მხრიდან საზღაურის გადახდის ვადის გადაცილება, რის გამოც მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის პირობაზე. საკასაციო სასამართლო ამ უკანასკნელ შემთხვევასთან მიმართებაში ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დისპოზიციასა და თავად პირგასამტეხლოს ინსტიტუტზე: უდავოა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საშუალების გამოყენება მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, უზრუნველყოფის ბუნება სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლშია გადმოცემული და იგი ვალდებულების დარღვევის პრევენციას ემსახურება, ამასთან, 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება არა ვალდებულების ნებისმიერი, არამედ _ მხოლოდ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

1.3.5. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დაკვნას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობის დებულებების სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლოგიკურად განმარტების შემთხვევაში, მყიდველმა იკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ბრალისა. ამგვარი დათქმა ეწინააღმდეგება თავად უზრუნველყოფის საშუალების ბუნებას და ის ბათილია.

1.3.6. საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება მოთხოვნის საფუძვლებს და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ბრალეული დარღვევის ფაქტი არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს დაუდგენიათ, უფრო მეტიც, ამავე მხარეებს შორის, ამავე ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა განხილულია სასამართლოების მიერ, რაზეც აპელირებს კიდევაც მოსარჩელე სარჩელში. მითითებულ დავაზე დადგენილ გარემოებებს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძალა გააჩნია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მასზე (იხ. სუსგ №ას-220-209-2017, 20 აპრილი, 2018 წელი). მოცემულ საქმეზე გაირკვა, რომ სახეზე იყო შეცვლილი გარემოებები, რომლებიც მხარეთა მხრიდან ხელშეკრულების შესრულებას გამორიცხავდა, მათ სცადეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა და ვალდებულების არაბრალეული დარღვევის, ასევე, შეცვლილი გარემოებების გამო მისი შემდგომი შესრულების შეუძლებლობის პირობებში დადგინდა, რომ გამართლებული იყო ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხსენებულ საქმეზე დადგენილია რომ მყიდველს ბრალეულად არ დაურღვევია ვალდებულება, საკასაციო სასამართლოს დასკვნით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას არ გააჩნია ფაქტობრივი საფძველი.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას. ვინიადან არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა თავად იღებს გადაწყვეტილებას: იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე არ არის მოვალის მხრიდან ვალდებულების ბრალეული დარღვევის ფაქტი, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა განუხორციელებადია.

2. პროცესის ხარჯები:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მართლწესრიგის მიხედვით, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გადახდილი ბაჟის _ 643 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. შპს „ქ–ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2.2. შპს „ქ–ას“ (ს/კ #.....) მ.თ–ძის (პ/#.....) სასარგებლოდ დაეკისროს 643 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი