საქმე №ას-1368-2019 5 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ტ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქირის დავალიანების დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ტ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) მიმართ, საიჯარო ქირის დავალიანების 122 847,77 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 12 მარტიდან მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა რადიოსარელეო მომსახურებას, ასევე იჯარით გადაცემული ჰქონდა უძრავი ქონება. მომსახურების გაწევა ხდებოდა სს „გ.ტ–სა“ და შპს „ს.ტ–ს“ შორის 2010 წლის 12 მარტამდე დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელშიც 2010 წლის 12 მარტიდან, უფლებამონაცვლეობის საფუძველზე, მონაწილეობს მოსარჩელე. 2010 წლის ოქტომბრამდე მოპასუხე აწარმოებდა შესაბამის გადახდებს (გაქვითვის გზით), თუმცა, 2010 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე გადახდები აღარ უწარმოებია, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 122 847.77 ლარს. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 3 იანვრამდე მოპასუხეს ყოველთვიურად ეკისრებოდა საიჯარო ქირის - 3 048 ლარის გადახდა. მოიჯარე 2010 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა ვალდებულებას. 2012 წლის 3 იანვარს, განახლებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, საიჯარო ქირა განისაზღვრა 1 340 ლარით და მოიცავდა 7 სხვადასხვა მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი აპარატურის კვების წყაროსა და რადიოსარელეო სადგურის განთავსებისთვის ფართს. 2012 წლის 4 მაისს მხარეთა შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება 2012 წლის 3 იანვრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რა დროსაც ერთი საიჯარო ობიექტი ჩანაცვლდა სხვით, თუმცა, ქირის ოდენობა არ შეცვლილა. აღნიშნულ ქირას ემატებოდა ამავე ფართებზე განთავსებული მოწყობილობების დამატებითი მომსახურების საფასურიც. 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მოპასუხემ ეტაპობრივად გაიტანა საიჯარო ფართიდან კუთვნილი მოწყობილობები და აპარატურა და მხარეთა შორის არსებული საიჯარო ურთიერთობა ფაქტობრივად მოიშალა. მოიჯარეს ერიცხება ქირის დავალიანება.
1.2. მოიჯარემ შეგებებული სარჩელით ..... ქ#218-ში აღმართული მოსარჩელის კუთვნილი 24-მეტრიანი ანძით სარგებლობის შედეგად გამოწვეული ზიანის _ 154 370 ლარის ანაზღაურება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.ქუთაისში, ..... აღმართულია შეგებებული მოსარჩელის კუთვნილი 34-მეტრიანი ანძა, რომელზეც მოპასუხემ, მოსარჩელესთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, 2011 წლიდან განათავსა კუთვნილი პარაბელური ანტენები. ამ დროიდან შეგებებული მოსარჩელე მოითხოვდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა, მოპასუხემ უარი განცხადა მასზე და არც საიჯარო ქირა გადაიხადა. მოპასუხის არამართლზომიერი მფლობელობა გაგრძელდა 2018 წლის აპრილამდე. თავდაპირველი მოსარჩელე წლების განმავლობაში სთხოვდა შეგებებულ მოსარჩელეს საიჯარო ქირის _ 122 847.77 ლარის გადახდას, ხოლო თავად წლების მანძილზე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა მისი კუთვნილი ანძით. შეგებებული მოსარჩელე მოპასუხეს სთავაზობდა ორივე კომპანიას ერთმანეთის მიმართ უარი ეთქვათ მოთხოვნებზე და 2017 წლის 1 იანვრიდან გაფორმებულიყო იჯარის ხელშეკრულება საიჯარო ქირის სახით ყოველთვიურად 4 450 ლარის გადახდის პირობით, თუმცა მან უარი განაცხადა, იგი გამოთქვამდა მზადყოფნას, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 1 000 ლარიდან 1 500 ლარის ფარგლებში და მხოლოდ ამ პირობით მომხდარიყო არსებული ფულადი მოთხოვნების გაქვითვა. ქ.ქუთაისში, ...... აღმართულია სხვა კომპანიების ანტენები, შპს „მ–სა“ და შპს „მ–თან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების თანახმად, საიჯარო ქირა განსაზაღვრულია ყოველთვიურად 3 010 და 2 550 ლარით. მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად დაკარგულმა სიკეთემ წარმოშვა მოპასუხის თანხის გადახდის ვალდებულება, რომლის განსაზღვრის კრიტერიუმსაც წარმოადგენს მოსარჩელის მიუღებელი საიჯარო ქირა ყოველთვიურად 1 795 ლარი. 2011 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით (ანძის მფლობელობის შეწყვეტამდე) წარმოქმნილი დავალიანება შეადგენს 154 370 ლარს. რაც დაანგარიშებულია მოპასუხის მიერ განთავსებული ანტენების დიამეტრისა და ოდენობის, აგრეთვე ქუთაისში მდებარე ანძაზე სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ პარაბელური ანტენების საიჯარო ქირის ოდენობის გათვალისწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. თავდაპირველმა მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მოთხოვნის გამომრიცხველ/მისი განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელში აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა მოსარჩელის მტკიცებას, თითქოს 2010 წლის 12 მარტიდან მას მოსარჩელე უწევდა მომსახურებას, ვინაიდან ასეთი მტკიცებულება სარჩელში არ მოიპოვება. რაც შეეხება 2002 წლის 2 იანვრის ხელშეკრულებას, იგი დადებულია შპს „ს.ტ–სა“ და სს „ს.ე–ს“ შორის 1 წლის ვადით. სარჩელს ერთვის 1998 წლის 3 იანვრის გენერალური ხელშეკრულება საიჯარო ფართისა და კომუნალური მომსახურების თაობაზე, რომელიც გაფორმდა შპს „ს.ე–ის“ ფილიალ ქ.ე–სა (მეიჯარე) და შპს „ს.ტ–ს“ (მოიჯარე) შორის, რომელიც ითვალისწინებს მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ქ.ქუთაისში არსებული საიჯარო ფართის იჯარით გადაცემასა და შესაბამისი კომუნალური მომსახურების გაწევას. ხსენებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს სარჩელში დასახელებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
მხარეებს შორის 2012 წლის 3 იანვარს მართლაც დაიდო იჯარის ხელშეკრულება, თუმცა, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ვინაიდან 2012 წლის 3 იანვრიდან 2016 წლის სექტემბრამდე რადიოსარელეო სადგურისა და ტექნიკური მოწყობილობების საშუალებით მაგისტრალური ტრაფიკის მომსახურების გაწევისა და შემოსავლის მიღების ფაქტი დაუდასტურებელია. სხვა დამატებითი ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა. ამ ხელშეკრულების #2 დანართით საიჯარო ქირა განისაზღვრა 1 430 ლარით. 2012 წლის 4 მაისს დამატებითი შეთანხმებით 2012 წლის 3 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ერთი საიჯარო ობიექტი ჩაენაცვლა მეორე საიჯარო ობიექტს. სადავო ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის მარეგულირებელ დოკუმენტს, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 3 იანვარს და მოქმედებდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების პირობით. შესაბამისად, აღნიშნულით შეუძლებელია დარეგულირდეს 2012 წლის 3 იანვრამდე არსებული ურიერთობები. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხეს გააჩნია თანხის გადახდის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი წარდგენილია 2018 წლის 14 მარტს, მას თეორულად შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ 2015 წლის 14 მარტიდან 2016 წლის აგვისტო-სექტემბრამდე არსებული დავალიანების გადახდა, ვინაიდან დარჩენილ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია.
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ, 32 000 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო (2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი 16.32.08). ის ნაწილობრივ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ ქ.ქუთაისში, ...... მდებარე ანძაზე განთავსებული იყო მისი ანტენები, თუმცა, არა 2011 არამედ _ 2014 წლის 4 დეკემბრიდან, რადგან აპარატურას თავდაპირველი მოსარჩელე იყენებდა მეოთხე თაობის ლტ ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად, რომლის მიწოდებაც ქ.ქუთაისში 2015 წლის ივლისიდან დაიწყო. არასწორია, შეგებებული მოსარჩელის პოზიცია ანძით ს–ის მიერ არამართლზომიერი სარგებლობის შესახებ, ვინაიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, გაერკვია მესაკუთრე, შეგებებულმა მოსარჩელემ სადავო პერიოდში დროულად ვერ უზრუნველყო ანძის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ანძა განთავსებულია ს.ტ–ის კუთვნილ მიწაზე, შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნდა, რომ იგი წარმოადგენდა ს.ტ–ის საკუთრებას. სადავო ანძაზე შეგებებული მოსარჩელის საკუთრების ფაქტი მოპასუხისათვის ცნობილი გახდა „ს.ტ–ის“ 2017 წლის 25 მაისის წერილის საფუძველზე, რომლითაც მიწის მესაკუთრემ დაადასტურა ანძის მოსარჩელისადმი კუთვნილება. 2017 წლის 26 ივლისს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის შეთავაზებული იქნა საიჯარო ქირის _ 1 000 ლარის გადახდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით, რაზეც მან უარი განაცხადა. მოპასუხე თანახმაა ანტენების განთავსებისთვის, როგორც ფაქტობრივი საიჯარო ურთიერთობის საფუძველზე გასულ პერიოდზე გადაიხადოს ყოველთვიური ქირა 1 000 ლარი, სახელშეკრულებო 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 631 ლარის გადახდა, 97 216,77 ლარისა 86 160 ლარის დაკისრების ნაწილში კი, მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და მოპასუხეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 68 210 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისთვის შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ 68 210 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ამ თანხის 21 710 ლარით შემცირება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. შპს „ს.ტ–ის“ კუთვნილ ქ.ქუთაისში, ...... (ს/კ .....) მდებარე მიწის ნაკვეთზე 1996 წლიდან დგას 34 მეტრი სიმაღლის ანძა და მისი მესაკუთრეა შპს „ს.ტ–ი“;
1.2.2. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მიერ ამ ანძით მესაკუთრის თანხმობის გარეშე სარგებლობის ფაქტზე და მოითხოვს ასეთი სარგებლობით მიყენებული ზიანის (უსაფუძვლოდ დაზოგილი თანხის) ანაზღაურებას;
1.2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 68 210 ლარი. გადაწყვეტილება გასაჩივრდა 21 710 ლარის ნაწილში და სადავოდ გამხდარი არ არის საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა. თავდაპირველი მოსარჩელე შესაგებელში აღნიშნავდა, რომ ანტენები გამოიყენება მეოთხე თაობის LTE ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად, შესაბამისად, მოპასუხემ ახალი მომსახურების დანერგვასთან ერთად ანტენები მოსარჩელის ანძაზე განათავსა სწორედ 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის 01.12.2014წ. ბრძანების თანახმად, სს „ს–ის“ ახალი ინტერნეტ მომსახურება კომერციული „... LTE 4G სახლისთვის“ განისაზღვრა მომსახურების ტარიფები და პირობები. ბრძანება ძალაში შევიდა #11 დანართში მითითებული თარიღიდან, რომლითაც ბრძანების კომერციულად გაშვების თარიღია 04.12.2014წ. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად LTE მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების გაწევა დაიწყო 04.12.2014წ.-დან, კონკრეტულად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (სადაც განთავსებული იყო მოსარჩელის ანძა) აღნიშნული მომსახურების მიწოდება დაიწყო მოგვიანებით და ამ მიზნებისთვის მოსარჩელის კუთვნილ ანძაზე სს „ს–ის“ ანტენების განთავსება მოხდა 2015 წლის ივლისიდან. აღნიშნულის დასტურად აპელანტი მიუთითებს კომპანიის შიდა აქტებს ანტენების განთავსების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის ივნისისა და ივლისის მიმოწერის ამსახველი წერილების თანახმად, მხარეები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მოსარჩელის კუთვნილ სადავო 34-მეტრიან ანძაზე მოპასუხის მიერ განთავსებული ანტენების საიჯარო ქირის მოსარჩელის შემხვედრ ვალდებულებებში გაქვითვასთან დაკავშირებით, კერძოდ, 12.06.2017წ. წერილით შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ სადავო ანძაზე, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, 2011 წლიდან მოპასუხეს განთავსებული ჰქონდა 10 ანტენა, რომლის განთავსების ღირებულება თვეში შეადგენდა 4 450 ლარს და რომელიც მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებული არ იყო. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა ანტენების განთავსების იჯარის ანგარიშში განულებულიყო მოპასუხის წინაშე არსებული მოსარჩელის დავალიანება, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან გაფორმებულიყო იჯარის ხელშეკრულება ანტენების განთავსების შესახებ. ამ წერილის პასუხად შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მოპასუხის გენერალური დირექტორის 26.07.2017წ. წერილით ეცნობა, რომ კომპანია ადასტურებდა ანძაზე აპარატურის, კერძოდ, რადიო სარელეო მოწყობილობების (ანტენები) განთავსების ფაქტს. აქვე აღინიშნა, რომ თუ ქ.ქუთაისში მდებარე ანძის იჯარასთან დაკავშირებული ფასი შესაბამისობაში იქნებოდა ასეთი სახის იჯარის საბაზრო ღირებულებასთან, რაც საშუალოდ არ აღემატება 1 000-1 500 ლარს, მოპასუხე გამოთქვამდა მზადყოფნას, გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება მოსარჩელესთან და მოეხდინა როგორც გასულ საიჯარო პერიოდზე, ისე შემდგომ, იჯარის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, გადაუხდელი/გადასახდელი საიჯარო ქირის გაქვითვა მოპასუხის მიმართ მოსარჩელის დავალიანების თანხაში, რაც 01.06.2017წ. მდგომარეობით შეადგენდა 122 847.77 ლარს;
1.2.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 2014 წლის დეკემბრიდან. გადაწყვეტილება გასულ პერიოდზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებულ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია;
1.2.5. მესაკუთრის ნივთით მისი თანხმობის გარეშე სარგებლობისათვის ასანაზღაურებელი ზიანის (დაზოგილი თანხის) ოდენობა თვეში 1 795 ლარით განისაზღვრა. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მიუღებელი ყოველთვიური საიჯარო ქირის 1 795 ლარით განსაზღვრის კრიტერიუმად მითითებულია მოპასუხის მიერ განთავსებული ანტენების დიამეტრი და ოდენობა (2.4 მ. დიამეტრის 1 ანტენა - 250 ლარი, 1,2 მ. დიამეტრის 7 ანტენა - 1 225 ლარი, 0,8 მ. დიამეტრის 2 ანტენა - 320 ლარი) და სადავო ანძაზე სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ პარაბელური ანტენების (დიამეტრისა და ოდენობის) საიჯარო ქირა. მოსარჩელის კუთვნილ ანძაზე განთავსებული მოპასუხის ანტენათა დიამეტრისა და ანალოგიურ საკითხებზე სხვა კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ს.ტ–ის“ ყოველთვიური მიუღებელი საიჯარო ქირა შეადგენს 1 795 ლარს. მოპასუხე/აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებდა, მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ამდენად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობების შესწავლით ირკვევა, რომ იგი თავდაპირველ მოსარჩელეს კონდიქციურ მოთხოვნას უყენებს რამდენადაც სარჩელის ფაბულიდან დგინდება, რომ მოთხოვნილი ე.წ ზიანი ემყარება სხვისი სიკეთით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობას, რომლის შედეგადაც მოსარგებლემ დაზოგა ქირა, ამ ქირის პროპორციულად გაიზარდა მისი მატერიალური მდგომარეობა და ამავე პროპორციით შემცირდა ნივთის მესაკუთრის ქონება. ამ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ვინაიდან სარჩელის საფუძველს წარმოდგენლი ფაქტების პირობებში სწორედ სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის დეკემბრიდან სადავო ანძაზე განთავსებული იყო მოპასუხის კუთვნილი ანტენები (ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებულ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და სააპელაციო პალატამც სწორად არ შეაფასა 2014 წლამდე ანძების განთავსების საკითხი), ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც თავად ანძა წარმოადგენს შეგებებული მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო, მხარეთა შორის, მიუხედავად მოლაპარაკების წარმოებისა, ხელშეკრულება არ გაფორმებულა, სარჩელი წარმატებულად მიიჩნევა. რაც შეეხება თანხის ოოდენობას, ამ ნაწილში სააპელაციო პალატის დასკვნები ასევე დასაბუთებულია, კერძოდ, მოსარჩელემ რელევანტური მტკიცებულებებით დაადასტურა ე.წ საშუალო საბაზრო ფასი ანტენების განთავსებისათვის, ამ მტკიცებულებათა გაქარწყლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა. უდავოა, რომ მას სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სწორად იქნა განსაზღვრული დაზოგილი ქირის ოდენობა.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, კონდიქციური მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 23.08.2019წ. #546799212 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 086 ლარის 70% _ 760,2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
საკასაციო საჩივარს ერთვის გასაჩივრებული განჩინების ასლი. პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, არამედ, იგი საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში. რაც შეეხება საპროცესო დოკუმენტების ასლების საქმისათვის დართვას, იგი საერთოდ არ გამომდინარეობს სამართალწარმოების მიზნებიდან. ამ გარემოებიდან გამომდინარე, პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით და კასატორს უბრუნებს საკასაციო საჩივარზე დართულ გასაჩივრებული განჩინების ასლს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს–ს“ (ს/კ #2...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.08.2019წ. #546799212 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 086 ლარის 70% _ 760,2 ლარი.
3. კასატორს ასევე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული გასაჩივრებული განჩინების ასლი 13 (ცამეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 86-98).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი