საქმე №ას-7-2019 11 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმება, უძრავი ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.ტ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ტ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ზესტაფონის არქივში დაცული ხარაგაულის რაიონის ....... სასოფლო საბჭოს 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში ნ.ს. ძე ტ–ძის კომლში, კომლის წევრად თ.ს.ძე ტ–ძის შესახებ ჩანაწერის გაუქმება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა (1500 კვ.მ) ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის მამა _ ნ.ს. ძე ტ–ძე ცხოვრობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ......, ეწეოდა სოფლის მეურნეობას და იყო კომლის წევრი. კომლის უფროსის _ ს. ტ–ძის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად 1983-1985 წლებში რეგისტრირებულია ნ. ტ–ძე, კომლის წევრად კი ირიცხება მისი ძმა _ თ.ს.ძე ტ–ძე. კომლის საკუთრებაშია ხარაგაულის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი.
ნ. ტ–ძე ერთპიროვნულად ფლობდა და სარგებლობდა კომლის სახელზე რიცხული ქონებით, იხდიდა მიწის გადასახადს. მისი ძმა, მოსარჩელის ბიძა _ თ.ს.ძე ტ–ძე კი კომლში აღარ ცხოვრობდა. იგი ჯერ იმყოფებოდა პატიმრობაში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში და რაიმე შეხება კომლის ქონებასთან აღარ ჰქონია. გაწყვეტილი ჰქონდა კომლთან კავშირი და შესაბამისად მისი კომლის წევრობაც უნდა გაუქმებულიყო.
კომლის უკანასკნელი წევრი იყო მოსარჩელის მამა, რომელიც გარდაიცვალა 1996 წლის 20 მაისს. მართალია თ. ტ–ძე გარდაიცვალა 1998 წელს, მაგრამ ამ დროისათვის იგი კომლის წევრი აღარ იყო, ცხოვრობდა და მუშაობდა ქ.თბილისში და კომლთან შეხება აღარ ჰქონდა.
ნ. ტ–ძე გარდაცვალებამდე ერთპიროვნულად ფლობდა კომლის ქონებას და როგორც კომლის უკანასკნელი წევრის მემკვიდრე არის მოსარჩელე. ამ გარემოებიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში ნ.ს. ძე ტ–ძის კომლში, კომლის წევრად თ.ს.ძე ტ–ძის შესახებ ჩანაწერი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა (1500 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ მოსარჩელე უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ...... მდებარე კომლის ქონებას მხოლოდ მოსარჩელის მამა არ ფლობდა. კომლის წევრი იყო მოპასუხის მამაც _ თ. ტ–ძე, რომელიც გარდაიცვალა 1998 წელს, ხოლო მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1996 წელს. მართალია 80-იან წლებში მოპასუხის მამა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდიდა, მაგრამ ეს არ არის კომლის წევრობის გაუქმების საფუძველი.
მამის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო ქონება მიიღო მოპასუხემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ და თ. ტ–ძის ქონების მესაკუთრედ ვერ აღირიცხება მოსარჩელე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კომლის ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდგომ კომლის საკუთრებად რიცხულ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის ბედი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნით, მოსარჩელეს ნივთთან უფლებრივი კავშირი არ წარმოშობია, რის გამოც, მისი მოთხოვნა მიჩნეულ იქნა წარუმატებლად. ხსენებულ დასკვნას არ ეთანხმება კასატორი და მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერება კასატორის შემდეგი პრეტენზიების შესაბამისად შემოწმდება:
- სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული. მან შეცვალა გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და ჩათვალა, რომ სახეზე იყო მუშა-მოსამსახურის კომლი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეცდომით იქნა მიჩნეული იგი საკოლმეურნეო კომლად. ამ მსჯელობისას სასამართლოს უნდა შეეფასებინა ასევე ნ. და თ. ტ–ძეების დედის _ ო. ტ–ძის კომლი. სასამარლოს არ უმსჯელია საკოლმეურნეო კომლისათვის დამახასიათებელ ნიშნებსა და ამ ტიპის კომლის მოსპობის შემთხვევაში მუშა-მოსამსახურის კომლის ჩამოყალიბების, ასევე, კომლის ქონებაზე თანასაკუთრების წარმოშობის რეჟიმზე;
- სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკითხის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იქნას სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, რომლებიც თანასაკუთრების რეჟიმს აწესრიგებდნენ (122-ე, 123-ე, 126-ე-128-ე მუხლები) და განსაზღვრავდნენ საკოლმეურნეო კომლის წევრის მიერ თანასაკუთრებაზე უფლების დაკარგვას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ თ. ტ–ძე 1974 წლიდან იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც არ წარმოადგენს კომლის საქმიანობაში მონაწილობის საპატიო მიზეზით შეუძლებლობას, შესაბამისად, მან დაკარგა კომლის წევრობა და კომლიდან უნდა იქნას ამორიცხული. ნ. ტ–ძის დედა გარდაიცვალა 1980 წელს და 1984 წლის 18 ივლისიდან ნ. ტ–ძე რეგისტრირებულია ქ.თბილისში. ნ. და თ. ტ–ძეების დედა _ ო. ტ–ძე ცხოვრობდა სოფელ ......, სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლში, რომელიც 1990 წელს დაინგრა და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს ნ. და თ. ტ–ძეების კომლზე ო. ტ–ძის გარდაცვალების შემდგომი მონაცემებით. ო. ტ–ძის კომლის შეფასება, რომელიც 1973 წლიდან ირიცხება საკომლო წიგნის მონაცემებში, არ განხორციელებულა, ო. ტ–ძის კომლის მუშა-მოსამსახურის კომლად მიჩნევის წინაპირობები კი, არ არსებობს;
- 1980 წლამდე კომლის უფროსი იყო ო. ტ–ძე. იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ 1983 წლამდე არსებობდა თ. ტ–ძის ო. ტ–ძის კომლიდან ამოწერის საფუძველი, 1980 წლის შემდგომ ო. ტ–ძის გარდაცვალებით და 1984 წელს ნ. ტ–ძის თბილისში რეგისტრაციით ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი აღარ დარჩა და ფაქტობრივად სწორედ 1980 წლიდან არსებობს ო. ტ–ძის კომლის მუშა-მოსამსახურის კომლად მიჩნევის წინაპირობა. ამ ვითარებაში კომლის ერთადერთ წევრად რჩება ნ. ტ–ძე.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. ამდენად, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.2.1. მოსარჩელე ნ.ტ–ძე და მოპასუხე გ.ტ–ძე არიან ბიძაშვილები. მოსარჩელის მამა ნ. ტ–ძე და მოპასუხის მამა თ. ტ–ძე ხარაგაულის რაიონის სოფელ ....... სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნების 1973-1985 წლების ჩანაწერების შესაბამისად რეგისტრირებულები არიან დედის _ ო. ნ. ასულ ტ–ძის კომლში კომლის წევრებად;
1.2.2. 1980-1985 წლებში, ო. ნ. ასულ ტ–ძის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად რეგისტრირებულია ნ. ტ–ძე, ხოლო თ. ტ–ძე კომლის წევრია. კომლი ფლობდა 0,15 ჰა. საკარმიდამო მიწას და 64 კვ.მ საცხოვრებელ სახლს. 1986-1990 წლებში კი ნ.ს. ძე ტ–ძის კომლი აღარ ირიცხება. კომლს მართავდა კომლის უფროსი ნ. ტ–ძე, მაგრამ კომლის ქონებას ფლობდნენ და თანაბრად სარგებლობდნენ როგორც ნ. ტ–ძე, ასევე კომლის წევრი თ. ტ–ძე. კომლის წევრებს შორის დავა კომლის ქონების მფლობელობის შესახებ არ წარმოშობილა და მოსარჩელის მამას ნ. ტ–ძეს სადავოდ არ გაუხდია მისი ძმის თ. ტ–ძის კომლის წევრობა;
1.2.3. ხარაგაულის რაიონის სოფელ ...... ნ. ტ–ძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა 1990 წელს სტიქიური მოვლენების, კერძოდ დიდთოვლობის გამო;
1.2.4. 1952 წლის 25 მარტს დაბადებული ნ. ტ–ძე 1984 წლის 18 ივლისიდან რეგისტრირებულია ქ.თბილისში, გლდანის მასივის „ა“ მ/რ-ში. იგი 1996 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. რეგისტრაციიდან მოხსნილია 2015 წლის 25 ნოემბერს და რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია გარდაცვალება. გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა ქ.თბილისში;
1.2.5. 1955 წლის 10 მარტს დაბადებული თ. ტ–ძე რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ..... #14ა-ში. თ. ტ–ძე გარდაიცვალა 1998 წლის 1 თებერვალს. რეგისტრაციიდან მოხსნილია 1999 წლის 11 ნოემბერს და რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია გარდაცვალება. გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა ქ.თბილისში;
1.2.6. 1998 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი თ. ტ–ძის კუთვნილი ქონებრივი უფლებების და მოვალეობების ერთობლიობა, მის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები საკუთრებაში მიიღო თ. ტ–ძის შვილმა გ.ტ–ძემ, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან;
1.2.7. სადავო უძრავ ქონებაზე უფლებები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. 2016 წლის 24 ოქტომბერს ნ.ტ–ძემ სადავო ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2017 წლის 20 იანვარს კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა ამავე ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 24 თებერვლის #16 განკარგულებით საკუთრების უფლების აღიარებაზე განმცხადებელს უთხრა უარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მას ასევე უარი ეთქვა სადავო ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნაზე. განმცხადებლის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის ნორმათა არასწორად გამოყენება-განმარტებისა და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
1.3.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ყოფილი კომლის სარგებლობაში არსებული ქონების ბედი, ასევე, თითოეული მოდავე მხარის უფლებრივი მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია სწორად შეფასდეს თავად კომლის ინსტიტუტი, იმ დროს არსებული საკუთრების უფლების დაცვის საკითხები და ქვეყანაში განვითარებული სამართლებრივი რეფორმის შედეგები.
1.3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო საკოლმეურნეო კომლი, რომლის გაუქმების შემდგომ კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ ნ. და თ. ტ–ძეებს. ვინაიდან გ.ტ–ძემ მიიღო თ. ტ–ძის სამკვიდრო, ხოლო, მოსარჩელეს მამის მემკვიდრეობის მიღება სარჩელით არ უთხოვია, იგი ვერ გასცდებოდა სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებდა მოსარჩელეს გ.ტ–ძის მიერ მემკვიდრეობით მოღებული აქტივის ნაწილს. აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სახეზე იყო არა საკოლმეურნეო კომლი, არამედ მუშა-მოსამსახურის კომლი და ქონება წარმოადგენდა ნ. და თ. ტ–ძეების თანასაკუთრებას, თუმცა, რადგანაც 1990 წლიდან კომლის კუთვნილი ნაგებობა აღარ არსებობდა, ხოლო, უფლება საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, სამოქალაქო სამართლის კოდექსის თანახმად, მიწა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე აპელანტი ვერ გახდებოდა მისი მესაკუთრე.
1.3.3. ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-988-1242-05, №ას-724-782-2011). ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და ამ ინსტიტუტს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლს ეკუთვნოდა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაა თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.
1.3.4. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამჟამად დანგრეულია ეკუთვნოდა ო. ტ–ძის კომლს, ბოლო მონაცემების თანახმად, კომლის წევრები იყვნენ ნ. და თ. ტ–ძეები. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კომლის რეორგანიზაციის დროისათვის როგორც ნ., ისე _ თ. ტ–ძე ცოცხალი იყო, შესაბამისად, ზემოხსენებული წესების თანახმად, მათ კომლის ქონებაზე წარმოეშვათ თანასაკუთრების უფლება თანაბარ წილში. თანასაკუთრების რეჟიმზე კი, გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი სახეზე იყო იყო მუშა-მოსამსახურის თუ საკოლმეურნეო კომლი. თანასაკუთრების უფლების წრამოშობა დაადგინა სააპელაციო პალატამაც, უფრო მეტიც, გასაჩივრებული განჩინების თანახმად, ნ. ტ–ძეს, რომელიც კომლის უფროსად იყო რეგისტრირებული, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, არ განუკარგავს კომლის ქონება.
1.3.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ თ. ტ–ძის საკომლო მონაცემებიდან ამორიცხვისა და ამ მხრივ საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობის წინაპირობები მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კომლთან სამართლებრივი კავშირისა თუ რეგისტრირებული მონაცემის კანონთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, ამ მხრივ როგორც უკვე ითქვა, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, კომლის უფროს ნ. ტ–ძეს კომლის წევრად ძმის რეგისტრაციის ფაქტი სადავო არ გაუხდია, რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ ნორმის მიზნებისათვის საკმარისია არა მხოლოდ კომლთან კავშირის ფაქტობრივი გაწყვეტა, არამედ კომლის წევრის გაცნობიერებული ნება. მართალია, ნორმა ითვალისწინებდა გარკვეულ წინაპირობათა ჩამონათვალს (სამხედრო სამსახურში გაწვევა, ავადმყოფობა, სწავლა), თუმცა, საკასაციო პალატის დასკვნით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი თავისთავად გამომრიცხავს კომლთან კავშირის შენარჩუნებას, ვინაიდან მას არა პირის ნება, არამედ ფაქტობრივი შეუძლებლობა უდევს საფუძვლად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მამა რეგისტრირებული იყო ქ.თბილისში, მხოლოდ ეს ფაქტი არ წარმოადგენს საკმარისს იმ დასკვნისათვის, რომ კომლის საქმიანობაში თ. ტ–ძე არ იღებდა მონაწილეობას.
1.3.6. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, სადავო ქონება კომლის რეორგანიზაციის დროისათვის წარმოადგენდა რა ნ. და თ. ტ–ძეების სარგებლობის ობიექტს, მიუხედავად საცხოვრებელი სახლის დანგრევისა, მათ კანონის საფუძველზე მოიპოვეს თანასაკუთრების უფლება და ამ უფლების შემდგომი დაკარგვის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება. ამ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ არამართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით და საკუთრების წარმოშობა არასწორად დაუკავშირა უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რამდენადაც, როგორც ითქვა სახეზეა კანონისმიერი თანასაკუთრების წარმოშობის წინაპირობები. გარდა ამისა, უდავოა, რომ საქმე არ გვაქვს საკომლო მეურნეობასთან, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინსტიტუტია და მის არსებობას კანონის 4.4. პუნქტი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას უკავშირებს.
1.3.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის წარმატებულობას არ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია მამის სამკვიდროს მიღება და არ შეცილებია მოპასუხის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობას. პალატის დასკვნით, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია იმის სწორი განსაზღვრა, თუ რა სურს მოსარჩელეს. სარჩელის ფაბულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ საკუთრების უფლებას მოსარჩელე სწორედ აწ გარდაცვლილი მამის მიერ ქონებაზე უფლების მოპოვების ფაქტს უკავშირებს, ამასთანავე, სარჩელში აღნიშნულია და მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სანოტარო წესით მიიღო მამის სამკვიდრო, ისევე, როგორც მოპასუხემ, შესაბამისად, შესაფასებელია ის საკითხი, თუ ვის სამკვიდროში შედიოდა სადავო მიწის ნაკვეთი.
1.3.8. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილბით დადასტურდა ის გარემოება, რომ სადავო მიწა თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ ნ. და თ. ტ–ძეებს. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სწორედ ამ ქონების 1/2-1/2 ნაწილი წარმოადგენს მამკვიდრებელთა სამკვიდრო აქტივს, ამ ვითარებაში კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობის ზოგადი წესების თანახმად (სკ-ის 1421-ე და 1433-ე მუხლები), ნ.ტ–ძე და გ.ტ–ძე გახდნენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას: ვინაიდან დადგინდა, რომ კომლის რეორგანიზაციის დროისათვის ნ. და თ. ტ–ძეებს წარმოეშვათ თანასაკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, ნ.ტ–ძის მოთხოვნა მამის კუთვნილი ½ წილის მიკუთვნების თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის უარყოფილ უნდა იქნას.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უარყოფილ იქნა სარჩელი, ხოლო ამავე პალატის 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გ.ტ–ძეს სრულად აეკრძალა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, აღარ არსებობს ½ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების წინაპირობა და იგი უნდა გაუქმდეს.
3. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები საქმის მასალებით არ იკვეთება, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოგებული მოთხოვნის პროპორციულად სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკიროს მოპასუხეს (დავის საგანი შეფასებულია 7 500 ლარად, რომლის ½ ნაწილი შეადგენს 3 750 ლარს, ხოლო ამ თანხის 12% _ 450 ლარს), პროცესის სხვა ხარჯებს კი, გაიღებს სახელმწიფო.
4. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
საკასაციო საჩივარს კასატორმა დაურთო მტკიცებულებები, ასევე, სხვადასხვა დროს განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა დოკუმენტების საქმისათვის დართვის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და წარმოდგენილ დოკუმენტებს უბრუნებს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 1991, 407-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. ნ.ტ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2.2. ნ.ტ–ძე (პ/#0....) ცნობილ იქნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე გ.ტ–ძის (პ/#.....) საკუთრებად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ #.....) 1/2-ის თანამესაკუთრედ.
3. გ.ტ–ძეს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის გადახდა.
4. 1/2 ნაწილში გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ.ტ–ძეს აეკრძალა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 (ნარგავი); ს/კ #......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
5. ნ.ტ–ძის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 3 (სამი) ფურცლად (ს.ფ. 265-267); 2019 წლის 21 იანვრის #ა-223-19 განცხადებაზე დართული _ 3 (სამი) ფურცლად; 2019 წლის 17 აპრილის #ა-1840-19 განცხადებაზე დართული _ 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად; 2019 წლის 3 ოქტომბრის #ა-4453-19 განცხადებაზე დართული _ 5 (ხუთი) ფურცლად.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი