საქმე №ას-16-2020 1 მარტი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ყ.ზ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – ბ.მ–ის სარჩელის გამო, ყ.ზ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა ყ.ზ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – ბ.მ–ის სარჩელის გამო, ყ.ზ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა და ჩაბარდა კასატორის წარმოადგენელ შ.ხ–ს (იხ.მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.69), რომელმაც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა სასამართლოს, და იმ საფუძვლით, რომ კასატორი გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს (რაც მისთვის ცნობილი გახდა საკასაციო საჩივრის შეტანის შემდეგ), იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ყ.ზ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, რის დასტურადაც განცხადებას დაურთო ყ.ზ–ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ასევე სასამართლოს მიუთითა სავარაუდო უფლებამონაცვლის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით, შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის წარმოება გარდაცვლილი ყ.ზ–ის (კასატორი) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს 6 თვის ვადით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ყ.ზ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ ყ.ზ–ი გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით კი, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი ყ.ზ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე არა უმეტეს 6 თვის ვადით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
აღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულობის ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. ამ ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ყ.ზ–ი გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს, პალატა მიიჩნევს, რომ სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გამოტანის დღიდან – 2020 წლის 10 თებერვლიდან გასულია 12 თვე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს ე. ზ–ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება, რომელიც ჩაბარდა ე. ზ–ის დედას - ნ.პ–ს (იხ.გზავნილის ჩაბარების დასტური). ასევე დასტურდება ისიც, რომ, სავარაუდო უფლებამონაცვლის სახელზე გაგზავნილი წერილობითი მიმართვაც უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე სასამართლოსათვის ინფორმაციის გადმოცემასთან დაკავშირებით, ჩაბარდა ე.ზ–ის დედას 2020 წლის 23 ივლისს. ამდენად, კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება და სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა არაერთხელ გაიგზავნა კასატორის მისამართზე. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს საქმის წარმოების განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ბ.მ–ის (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენელმა ნ.გ–მა და წარმოადგინა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია (ფოტოასლი), საიდანაც დგინდება, რომ 2020 წლის 30 მარტის მდგომარეობით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია 2019 წლის 12 ივლისს გარდაცვლილი ყ.გ. ძე ზ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. ნ.გ–ის განმარტებით, მას სხვა ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე არ გააჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ამასთან, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლე საქმეში არ ჩაერთო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნას დატოვებული ყ.ზ–ის საკასაციო საჩივარი უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე