საქმე №ას-590-549-2017 30 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.შ–ი (მოსარჩელე), თ.ნ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2001 წლის 8 ნოემბერს ო.ხ–ძემ გ.ჩ–აგან 2500 ლარად იყიდა ქ. ქუთაისში, ....... ქუჩა №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც დანგრეული იყო. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ო.ხ–ძის საკუთრებად. მესაკუთრის სახელზე მომზადდა ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტი და იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის წარმოების ნებართვა, რომლის მიხედვით, 2002 წლის 18 ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა.
2. 2002-2003 წლებში ქ. ქუთაისში, ....... ქუჩა №10-ში მდებარე, ო.ხ–ძის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აწარმოებდა ი/მ რ.ს–ძე. ო.ხ–ძემ, როგორც მესაკუთრემ, პირადად დაუკვეთა მშენებლობა და გადაიხადა მომსახურების თანხა. მშენებლობა დამტკიცებული პროექტისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელდა. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ა.ს–ძემ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ ო.ხ–ძე პირადად ზედამხედველობდა სახლის მშენებლობას და მუშებს პირადად უხდიდა ხელფასებს.
3. 2006 წლის 22 მარტიდან ქ. ქუთაისში, ....... ქუჩა №10-ში მდებარე, 800 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლი (ს/კ: .....) (შემდგომში – „სადავო ქონება“ ან „სადავო უძრავი ქონება“) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ.შ–ის (შემდგომში – „მოსარჩელე“) საკუთრებად. რეგისტრაციის საფუძველი გახდა უძრავი ქონების ნასყიდობის 2006 წლის 21 მარტის ხელშეკრულება, დამოწმებული ნოტარიუს ე.გ–ის მიერ. აღნიშნული გარიგების თანახმად, ი.მ–ძემ, როგორც საკუთრების მიმნდობის, ო.ხ–ძის წარმომადგენელმა, მოსარჩელეს 75000 ლარად მიჰყიდა სადავო უძრავი ქონება. სახლი იყო ექსპლუატაციაში მიუღებელი - დაუმთავრებელი.
4. მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება მოვლა-პატრონობისათვის თავის ნაცნობს, მ.ბ–ს ჩააბარა.
5. ო.ხ–ძე გარდაიცვალა 2011 წლის 18 აგვისტოს.
6. 2013 წლის აგვისტოში მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე სასტუმროს მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტის დამზადების მიზნით ნდობით აღჭურვილი პირის, მ.ც–ის დახმარებით მიმართა შპს „A“-ს. საპროექტო-სამშენებლო კომპანიამ დაკვეთა ვერ შეასრულა, რადგან აღნიშნული უძრავი ქონება 2007 წელს სასამართლოს მიერ იყო დაყადაღებული და მასზე დაზუსტებული ელ. ვერსიისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის დარეგისტრირება ვერ ხერხდებოდა, რაც სრულყოფილი და კანონიერი საპროექტო დოკუმენტაციის გაფორმების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
7. მოსარჩელის ქონება დაყადაღებულ იქნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში თ. თ. ძე ნ–ძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის №8806039 საქმესთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით). ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანების თანახმად, გამოძიებას გააჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ო.ხ–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი იყო მისი სიძის, თ.ნ–ძის დანაშაულებრივი საქმიანობით შეძენილი ქონება და ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს, ხოლო 2006 წლის 21 მარტს ნოტარიუს ე.გ–ის მიერ შედგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და საცხოვრებელი სახლი კვლავ ეკუთვნოდა თ.ნ–ძეს. ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო „კანონიერი ქურდის“, თ.ნ–ძის დანაშაულებრივი გზით შეძენილ, ამ უკანასკნელის სიმამრის, ო.ხ–ძის მფლობელობაში არსებულ და ამჟამად მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო ქონებას.
8. მოწმის სახით დაკითხულმა მ.ც–მა, ა.ს–ძემ და კ.ჯ–მა განმარტეს, რომ ო.ხ–ძე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ბაზარში ცნობილი მექუდე იყო.
9. ვერ დადასტურდა, რომ მოსარჩელე იცნობდა თ.ნ–ძეს და რაიმე კავშირი ჰქონდა მასთან.
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურისა (შემდგომში – „მოპასუხე“, „პროკურატურა“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და თ.ნ–ძის მიმართ და სადავო უძრავ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
11. მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ქართველი ებრაელია, დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, 1976 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. მოსკოვში და პერიოდულად ცხოვრობს როგორც რუსეთში, ისე ისრაელში. მან 2006 წელს ო.ხ–ძისაგან შეიძინა სადავო ქონება ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით (ქონება ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ახლოს მდებარეობს), თუმცა 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ დროებით თავი შეიკავა ამ საქმიანობისაგან. 2012 წელს მოსარჩელემ სასტუმროს რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტის ნებართვის მისაღებად, ქონების დაზუსტებული ელ. ვერსიისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც შეიტყო, რომ მისი ქონება 2007 წლიდან დაყადაღებულია. შესაბამისად, მოსარჩელეს ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის უფლება.
12. პროკურატურამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონებას ყადაღა კანონიერად დაედო, ვინაიდან სასამართლომ ყადაღის დადებისას იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 140-ე, 190-200-ე, 243-ე მუხლებით (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და საფუძვლიანად მიიჩნია გამოძიების ვარაუდი იმის შესახებ, რომ ო.ხ–ძის საკუთრებაში არსებული ქონება იყო მისი სიძის დანაშაულებრივი საქმიანობით შეძენილი და ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს, ხოლო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე გახდა მოსარჩელე, ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და ქონება კვლავ ეკუთვნოდა თ.ნ–ძეს.
13. თ.ნ–ძის შვილმა, ბექა ნ–ძემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი სრულად ცნო და მიუთითა, რომ მამამისი და მისი ოჯახის წევრები მოსარჩელეს არ იცნობენ. მამამისი უკანასკნელი 15-20 წელია საქართველოში არ ყოფილა და არავითარი საქმიანობა არ უწარმოებია. სადავო უძრავი ქონების მშენებლობა მისმა პაპამ (დედის მამამ), აწ გარდაცვლილმა ო.ხ–ძემ თავისი დანაზოგით დაიწყო, მაგრამ მშენებლობა ვერ დამთავრდა, ვინაიდან ო.ხ–ძეს ჯერ თანხა არ ეყო, ხოლო შემდეგ ხშირად ავადმყოფობდა.
14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა სადავო უძრავ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთა და ამ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ქონებას ყადაღა დაედო სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განეხილა სარჩელი უძრავ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე (სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი) და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი სამოქალაქო სამართლებრივი წესით გააუქმოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, ამ კოდექსის მიზნებისათვის დადებული ყადაღა, თუმცა საკუთრების ხელშეშლის მართლზომიერების შემოწმების უფლება სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს გააჩნია.
20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მიზნებიდან გამომდინარე, წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 – 3562 მუხლების დანაწესი, რომლებიც განსაზღვრავს „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირების დეფინიციას, ამ პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრაზე პროკურორის უფლებამოსილებას და ვადას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ათ წელს.
21. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, პროკურორს სარჩელის აღძვრის უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მესაკუთრეს ერთმევა საკუთრების უფლების დაცვის საშუალება.
22. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მესაკუთრე უფლებამოსილია სარჩელი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე აღძრას პროკურატურისათვის სარჩელის აღსაძრავად მინიჭებული ვადის გასვლამდეც, ოღონდ, ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3563 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, იგი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ, ვინაიდან, ქონების ყადაღისაგან გასათავისუფლებლად აუცილებელია იმის დადგენა, რომ ყადაღადადებული ქონება ნამდვილად მოსარჩელეს ეკუთვნის და იგი კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით არის შეძენილი.
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ სადავო ქონების სამართლებრივი ბედი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროკურორის სარჩელის საფუძველზე.
24. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურა სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელის შემოსავლების არსებობას. ნასყიდობის ხელშეკრულებითა და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ასევე დგინდებოდა, რომ სადავო ქონება მოსარჩელემ შეიძინა თ.ნ–ძისთვის ბრალის წარდგენამდე ერთი წლით ადრე, დაეუფლა და შეძენის დღიდან საქმის განხილვის დრომდე მართავდა მას, წინა მესაკუთრემ კი შეწყვიტა ქონებით სარგებლობა.
25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დაასკვნა, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა სადავო უძრავი ქონების კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით შეძენის ფაქტი, რაც მოპასუხეს (პროკურატურას) სადავოდ არც კი გაუხდია. პროკურატურამ კი ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო თ.ნ–ძის მიერ დანაშაულებრივი გზით, იყო უკანონო ან/და დაუსაბუთებელი და იგი მოსარჩელის მიერ შეძენის შემდეგ, ისევ ო.ხ–ძის ან თ.ნ–ძის მფლობელობაში იმყოფებოდა.
26. სააპელაციო პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მიზანი ემსახურებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, ისეთი პირის საკუთრებაში ჩარევა, რომლის საკუთრების წარმოშობის კანონიერება დადასტურებული იყო, საზოგადოების ინტერესების მოთხოვნასა და პირის ფუნდამენტური უფლების დაცვის მოთხოვნებს შორის „სამართლიანი ბალანსის“ დაცვად და საჯარო (ან საზოგადო) ინტერესის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამართლებულ მოქმედებად ვერ ჩაითვლებოდა.
27. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ წარდგენილი სარჩელი საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
29. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
29.1. ყადაღის დადებისას სასამართლომ მართებულად გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის 140-ე, 190-200-ე და 243-ე მუხლები. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე. შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და არცერთი ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა, რაც მითითებული ყადაღის გაუქმების საფუძველია, სახეზე არ არის;
29.2. სამოქალაქო სასამართლო წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივად შეიჭრა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებაში. ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმების წესი განსაზღვრულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, თუმცა სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, რაც არასწორია, ვინაიდან სადავო ქონება ამჟამად აღსრულების საგანს არ წარმოადგენს და არ არის დაწყებული სააღსრულებო წარმოება;
29.3. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წყდება „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირების ქონების ბედი, რა დროსაც სასამართლო არკვევს საკითხს, ეს ქონება უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, თუ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს. ამასთან, სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება გააჩნია პროკურორს. მოცემულ შემთხვევაში მოცემული პირობა სახეზე არ არის;
29.4. ზემოაღნიშნული საკითხს გადაწყვეტისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ქონების საეჭვო მესაკუთრის შემოსავლების კანონიერება. მოცემულ საქმეში კი სასამართლო ამ საკითხით არ დაინტერესებულა. სასამართლომ გვერდი აუარა პროკურატურის მითითებას იმის შესახებ, რომ ო.ხ–ძეს არ ჰქონდა საკმარისი შემოსავალი ჯერ შეეძინა, ხოლო შემდეგ გაეუმჯობესებინა უძრავი ქონება და მკვეთრად გაეზარდა მისი ღირებულება. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა და მოცემულობად მიიღო მხარის განმარტება, რომ ო.ხ–ძე იყო ცნობილი მექუდე და ჰქონდა შემოსავალი;
29.5. საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ დასაშვებობის პირობებს. კერძოდ, არ არსებობს სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული ყადაღის - საკუთრების ხელშეშლის მართლზომიერების საკითხი სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე შეემოწმებინოს და, მით უფრო, გაეუქმებინოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების კანონიერება.
35. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სამოქალაქო სასამართლო წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებით სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებაში შეიჭრა და თვლის, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლო მართებულად მიიჩნიეს საკუთრების ხელშეშლის მართლზომიერების შემოწმებაზე უფლებამოსილ სასამართლოდ.
36. კასატორის მითითებით, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წყდება „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირების ქონების ბედი, რა დროსაც სასამართლო არკვევს საკითხს, ეს ქონება უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, თუ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს. სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება კი პროკურორს აქვს.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროკურორისთვის ზემოაღნიშნული უფლების (სარჩელით მიმართოს სასამართლოს „ქურდული სამყაროს“ წევრობისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე) მინიჭება არ გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას დაიცვას თავისი ქონება დაუშვებელი ხელყოფისაგან, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში მესაკუთრეს ეკისრება თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ვალდებულება [სსსკ-ის 3563 მუხლის მე-6 ნაწილი: მოპასუხე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ]. ამდენად, ამ სახის დავაში მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს არა მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ იგი სადავო ქონების მესაკუთრეა, არამედ, იმ გარემოების დამტკიცებაც, რომ სადავო ქონება კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით არის შეძენილი (შდრ. იხ. სუსგ საქმე № ას-180-169-2017, 19 ივლისი, 2018 წელი). თავის მხრივ, მოპასუხის ვალდებულებაა ამტკიცოს, რომ მის მიერ მოთხოვნილი ქონება არის „ქურდული სამყაროს“ წევრის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირის ქონება (ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი).
38. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელე სადავო ქონებას შეძენისთანავე დაეუფლა და შეძენის დღიდან საქმის განხილვის დრომდე მართავს მას, ხოლო წინა მესაკუთრემ ქონებით სარგებლობა შეწყვიტა. რაც შეეხება სადავო ქონების კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით შეძენის ფაქტს, მოპასუხეს მოსარჩელის შემოსავლების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. ამავდროულად, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე არ იცნობდა და არც ამჟამად იცნობს თ.ნ–ძეს. შესაბამისად, მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა, რომ სადავო ქონება მის მიერ კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით არის შეძენილი.
39. პროკურატურა გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ო.ხ–ძის შემოსავლების კანონიერება არ შეამოწმა.
40. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც პროკურატურამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, მისი ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირი, მოსარჩელემ სადავო ქონება შეიძინა დანაშაულებრივი გზით, ქონება არის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი და იგი მოსარჩელის მიერ შეძენის შემდეგ, ისევ ო.ხ–ძის ან თ.ნ–ძის მფლობელობაში იმყოფებოდა, საფუძველი ეცლება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ყადაღის მოხსნის კანონიერების შემოწმებისას სასამართლოს უნდა გამოეკვლია ქონების წინა მესაკუთრის (თ.ნ–ძის სიმამრის) შემოსავლების კანონიერება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ დავაში სასამართლოს შეფასების საგანია დასტურდება თუ არა ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ ქონების მართლზომიერი გზით შეძენის ფაქტი. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის წინაპირობას წარმოადგენს.
41. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1. მუხლი].
42. საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს. „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
43. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
44. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ არ არსებობს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის - სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ გაუქმების შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საკასაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს უახლეს, 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე - საქმეზე №ას-180-169-2017.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მესაკუთრის ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთისა და დადებული ყადაღის მოხსნის თაობაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უსაფუძვლობაში.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
49. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე