Facebook Twitter

საქმე №ას-1354-2020 24 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ:.შ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – დ.ვ–ძის უფლებამონაცვლეები თ.ვ–ძე, თ.ვ–ძე და ა.ვ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ:.შ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ვ–ძისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და ნ.გ–ძის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. 2018 წლის 23 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით მეორე მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმისწარმოება.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა პირველი მოპასუხის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა. საქმეზე პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი შვილები: თ.ვ–ძე, თ.ვ–ძე და ა.ვ–ძე (შემდგომში - „პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეები“).

7. წინამდებარე საქმეზე სასამართლო სხდომა 2020 წლის 17 თებერვალს 11:00 საათზე დაინიშნა. მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ეცნობათ სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. მეორე მოპასუხის წარმომადგენლის 2020 წლის 14 თებერვლის განცხადების საფუძველზე, სხდომა 2020 წლის 21 თებერვლის 14:00 საათისთვის გადაიდო, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. 2020 წლის 20 თებერვალს მეორე მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეებსა და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2011 წლის 29 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე 10 090 აშშ დოლარის, ხოლო 2013 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 23 167 აშშ დოლარის, ჯამში 44 257 აშშ დოლარის გადახდა; ბათილად იქნა ცნობილი აწ გარდაცვლილ პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 20 ივლისის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი გარიგება.

9. 2020 წლის 10 აპრილს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით დადგინდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის როგორც სხდომის ოქმში, ასევე 2020 წლის 21 თებერვლის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება შემდეგნაირად: „ბათილად იქნას ცნობილი აწ გარდაცვლილ დ.ვ–ძესა და ნ.გ–ძეს შორის 2016 წლის 20 ივლისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (დ.ვ–ძის მხრიდან ნ.გ–ძისათვის 200 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების აღების თაობაზე), როგორც თვალთმაქცური გარიგებები“.

11. მეორე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისი,სრულყოფილად შევსებული, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის CD დისკის სახით წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობის შესახებ და დაზუსტებული იქნებოდა მოთხოვნა. აპელანტს ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლოს რომელ განჩინებას ასაჩივრებდა - განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებას.

14. აპელანტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაბარდა 2020 წლის 10 ივნისს.

15. ხარვეზის შესავსებად დადგენილ საპროცესო ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ხარვეზი გამოასწორა, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 2 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით 2-ჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ......, ბინა 12), თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საფოსტო უკუგზავნილზე პირველ შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა, ბინები დანომრილი არ იყო და მეზობლებმა კურიერს ვერ მიასწავლეს ადრესატის მისამართი, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკუგზავნილზე მითითებულია, რომ ...... ქუჩა არის ორი და კურიერმა მოითხოვა მისამართის დაზუსტება.

19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გზავნილი აპელანტს 2-ჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე, თუმცა არ ჩაბარდა. საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტის მისამართის შეცვლის ფაქტი, შესაბამისად, გზავნილი სწორად იგზავნებოდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უწყება მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნია და ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის სრულყოფილად შესავსებად ვადის განსაზღვრა.

21. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

21.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ 2020 წლის 2 ივლისის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტს 2-ჯერ გაეგზავნა მისამართზე (ქ. ბათუმი, ..... №76). საფოსტო უკუგზავნილზე ერთ შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართზე არავინ იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში, კურიერმა სასამართლოს მისამართის დაზუსტება მოსთხოვა. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ბოლო გზავნილი კურიერს მისამართზე არ მიუტანია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად არასწორად მიიჩნია გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად;

21.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილები (2020 წლის 1 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ და 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება) აპელანტს პირადად ჩაბარდა მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ......, ბინა 12), შესაბამისად, მისამართი სწორია და იგი არ შეცვლილა. სასამართლომ კი არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება;

21.3. პირველ შემთხვევაში გზავნილზე დაფიქსირებული კურიერის მითითება, რომ მისამართზე არავინ იყო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ ამოწურულად მიიჩნიოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა რესურსი; მეორე შემთხვევაში კი გზავნილი არ შეიძლება საერთოდ გაგზავნილად ჩაითვალოს;

21.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულებულა და გზავნილი მოპასუხეს მხოლოდ ერთხელ გაეგზავნა. სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სასამართლო გზავნილის ჩასაბარებლად. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობამ ხელყო აპელანტის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

26. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.

27. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარისათვის ორჯერ გაგზავნილი შეტყობინება მიიჩნია ჩაბარებულად და ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

28. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 2 ივლისის განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით 2-ჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ......, ბინა 12), თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საფოსტო უკუგზავნილზე პირველ შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა, ბინები დანომრილი არ იყო და მეზობლებმა კურიერს ვერ მიასწავლეს ადრესატის მისამართი, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკუგზავნილზე მითითებულია, რომ ჯავახიშვილის ქუჩა არის ორი და კურიერმა მოითხოვა მისამართის დაზუსტება.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რამდენადაც გზავნილი (ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 2 ივლისის განჩინება) მოსამართლის თანაშემწემ ფოსტის თანამშრომელს 2020 წლის 30 ივლისს ჩააბარა, რაც დასტურდება ფოსტის თანამშრომლის ხელმოწერით და მითითებული თარიღით (იხ. ტომი 3, ს.ფ. 419). შესაბამისად, სწორედ 2020 წლის 30 ივლისის შემდგომ უნდა ჩაბარებოდა აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება. საქმის მასალებში არსებული 2020 წლის 4 აგვისტოს საფოსტო უკუგზავნილებზე, რომელიც საქმეში 2020 წლის 30 ივლისის გზავნილის შემდგომაა ჩაკერებული, კურიერის მიერ აღნიშნულია შემდეგი: „ჯავახიშვილი არის ორი, გთხოვთ ზუსტი მისამართი მიუთითოთ“ (იხ. ტომი 3, ს.ფ 420-423). ზემოაღნიშნული მინაწერებით შეუძლებელია იმის დადგენა, იმყოფებოდა თუ არა კურიერი საფოსტო გზავნილზე აღნიშნულ მისამართზე. სააპელაციო სასამართლოს მითითება უკუგზავნილის მინაწერზე, რომ მისამართზე არავინ იყო, შეუძლებელია მიემართებოდეს 2020 წლის 2 ივლისის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების გზავნილს, რამდენადაც საქმეში მსგავსი უკუგზავნილი დათარიღებულია 2020 წლის 22 ივლისით, მაშინ როდესაც ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 2 ივლისის განჩინება მოსამართლის თანაშემწემ ფოსტის თანამშრომელს 2020 წლის 30 ივლისს ჩააბარა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები და არასწორად დაადგინა, რომ აპელანტს საპროცესო დოკუმენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით გაეგზავნა.

31. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტს მითითებული აქვს შემდეგი მისამართი: ქ. ბათუმი, ....., ბინა №12. იგივე მისამართია მითითებული საქმეში არსებულ რწმუნებულებაშიც. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს ზემოაღნიშნულ მისამართზე ჩაბარდა, შესაბამისად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტმა შეიცვალა მისამართი ან მისამართი ამ უკანასკნელს არასწორად აქვს მითითებული.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საპროცესო საშუალებათა ჩამონათვალს, თუ რა ფორმით შეუძლია სასამართლოს მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა, კერძოდ, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული საპროცესო ნორმა არ შეიძლება, განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს უწყების გაგზავნის წესი, არამედ, სასამართლომ უნდა განკარგოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რომელიც გონივრულობის დაცვით იძლევა პირის ინფორმირების საშუალებას. ზემოხსენებული ჩამონათვალი, ასევე, ნორმის დანაწესი, რომ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, მიანიშნებს სასამართლოს ვალდებულებაზე, შეისწავლოს პირველი გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი და ეცადოს, განმეორებითი შეტყობინება მეტად უზრუნველყოფდეს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებას (იხ. სუსგ საქმე №666-6222-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია გზავნილი (ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 2 ივლისის განჩინება) აპელანტისათვის ჩაბარებულად, რამდენადაც საფოსტო უკუგზავნილებით არ დგინდება კურიერის მისამართზე მისვლის ფაქტი.

34. საკასაციო პალატის განმარტებები ასევე ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადებას. ერთ-ერთ საქმეზე ევროსასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის გამოყენება და შემდგომში გამოუცხადებელი მხარის განცხადებაზე უარის თქმა, რომლითაც იგი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მართლზომიერად არ განკარგა საპროცესო შეტყობინების წესები. ამ თვალსაზრისით ევროსასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე (იხ. სუსგ: №ა-2257-შ-73-09, 2 მარტი, 2010 წელი და №ას-214-199-2014, 8 აპრილი, 2015 წელი) და მიიჩნია, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს მხარის ინფორმირების მიზნით საპროცესო საშუალებათა გონივრულად განკარგვის აუცილებლობას სასამართლოს მხრიდან (იხ. ECHR: გახარია საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი # 30459/13).

35. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხ. „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07, 10/06/2010), თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.გ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და საქმე ნ.გ–ძის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი