Facebook Twitter

საქმე №ას-588-2020 6 ნოემბერი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ.ჩ–ის უფლებამონაცვლე ტ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ.მ.ჯ–ი", ზ.ღ–ი, ი.გ–ო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ჩ–ს (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე, შემკვეთი), ფ.ჭ–ას, კ.ნ–ძეს, შ.ს–ას, ლ.ხ–სა (შემდეგში: მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შემკვეთები) და შპს ,,მ.მ.ჯ–ს“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მენარდე, კომპანია) შორის, 2015 წლის 14 ივლისს, დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მენარდეს ევალებოდა 1. სადემონტაჟო სამუშაოები; 2. მეტალოკონსტრუქციის კარკასის წარმოება და მონტაჟი; 3. სახურავის სამონტაჟო სამუშაოები; 4. ფასადის მონტაჟი და მოპირკეთება. მენარდე ვალდებულებას იღებდა შეესრულებინა და ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები დადგენილი წესით და აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ხოლო შემკვეთთა ჯგუფს უნდა მიეღო ჯეროვნად და სრულად შესრულებული სამუშაოები. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 128 700 აშშ დოლარით განისაზღვრა. თითოეული შემკვეთის მიერ გადასახდელი თანხა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1/6 ნაწილს ანუ 21 450 აშშ დოლარს შეადგენდა. ყველა ანგარიშსწორება ხორციელდებოდა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. მენარდე ვალდებული იყო, დროულად წერილობით შეეტყობინებინა შემკვეთებისთვის იმ შემთხვევებზე, თუ სამუშაოების შესრულების დროს წარმოიშობოდა სამუშაოების შეწყვეტის ან არადროული შესრულების რისკი. ასევე ეცნობებინა ,,დამკვეთთა ჯგუფისთვის“ ყველა იმ დეტალის შესახებ, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სამუშაოთა მიმდინარეობის შეფერხება ან/და რომელსაც შესაძლოა ჰქონოდა ზეგავლენა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. დამკვეთთა ჯგუფი ვალდებული იყო, მენარდის მიერ მიმდინარე ანგარიშზე ან სალაროში ავანსის მიღების მომენტიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში გადაეცა მენარდისთვის მიღება-ჩაბარების აქტით სამშენებლო ფართი ობიექტად და სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დაგეგმარებითი გადაწყვეტილებები. მენარდეს ამ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართებით განსაზღვრული სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო თუ ამგვარი დარღვევა არ გამოსწორდებოდა 14 კალენდარული დღის განმავლობაში, დამკვეთთა ჯგუფი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება, დაებრუნებინა მენარდისთვის გადახდილი თანხა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება (9.4 პუნქტი). დამკვეთთა ჯგუფისა და მენარდის ერთობლივი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების გაუქმებისას დაუსრულებელი მშენებლობა გადაეცემოდა ,,დამკვეთთა ჯგუფს“, რომელიც განახორციელებდა ანაზღაურებას მენარდის წინაშე, მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, ,,დამკვეთთა ჯგუფის“ მიერ უკვე გადახდილი ავანსების გათვალისწინებით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ დამკვეთთა ჯგუფის მიერ მენარდისთვის ასანაზღაურებელი ღირებულება ნაკლები იქნებოდა უკვე გადახდილი ავანსის ოდენობაზე, სხვაობა დაექვემდებარებოდა დამკვეთთა ჯგუფისათვის დაბრუნებას ფულადი სახით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების დამკვეთთა ჯგუფის ინიციატივით გაუქმებისას შესრულებული სამუშაოების თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 9.4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოები 2015 წლის 24 ივლისს უნდა დაწყებულიყო და 2015 წლის 24 ოქტომბერს დასრულებულიყო.

3. მენარდეს, 2015 წლის 14 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება არ შეუსრულებია.

4. მესამე პირებმა გამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე (შემკვეთებმა) 2016 წლის 20 აპრილს მენარდისგან დაიბრუნეს მათ მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის ნაწილი, თითოეულმა -12 993 ლარი, რის შემდეგაც მენარდის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 12 მარტის ამონაწერით დგინდება, რომ კომპანიის დირექტორი იყო ი.გ–ო (შემდეგში: კომპანიის დირექტორი ან მეორე მოპასუხე), ხოლო 100%-იანი წილი მესაკუთრე - ზ.ღ–ი (შემდეგში: კომპანიის პარტნიორი ან მესამე მოპასუხე).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით №2ბ/7810-18 სამოქალაქო საქმეზე ტ.კ–ი (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელისა და შემკვეთის უფლებამონაცვლე, აპელანტი, კასატორი) ცნობილ იქნა თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხეებისათვის,შემკვეთის სასარგებლოდ,, სოლიდარულად ძირითადი თანხის 15 000 აშშ დოლარისა და 8 550 ლარის, პირგასამტეხლოს - 12 900 ლარისა (2015 წლის 24 ოქტომბრიდან სარჩელის შეტანამდე) და სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი ვალის - 43 300 ლარის 0.1 %-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე, 630-ე, 463-ე, 464-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აპელანტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აპელანტის სარჩელი კომპანიის დირექტორისა და 100 %-იანი მესაკუთრე პარტნიორის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 42 300 (33 750 + 8 550) ლარის გადახდა დაეკისრა; მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მოპასუხე იურიდიულ პირის წინაშე, 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი თანხის გადახდის შესახებ ვალდებულების შესრულების შესახებ გარემოება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მის მიერ მოპასუხისათვის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის გადახდასთან დაკავშირებით საკმარის მონაცემებს შეიცავდა მოსარჩელის მტკიცების გასაზიარებლად. კერძოდ, დგინდებოდა, რომ 2015 წლის 14 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მენარდისათვის გადახდილი აქვს 29.07.2015 წელს - 8550 ლარი, ხოლო 14.07.2015 წელს - 33 750 ლარი.

8.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისათვის თანხის გადახდის დასადასტურებლად წარმოდგენილია 2015 წლის 29 ივლისისა და 14 ივლისის დოკუმენტები (ტ. 1, ს.ფ. 30-33), სადაც აღნიშნულია: გადამხდელი - მოსარჩელე (შემკვეთი), წინასწარი გადახდა ხელშეკრულებით, ერთ შემთხვევაში - 8550 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 33 750 ლარი. სადავო არ არის, რომ თარგმანში მითითებული შპს „ლ.კ.გ–ი“ არის იგივე შპს ,,მ.მ.ჯ–ი“ და რომ ინვოისებს ხელს აწერს ამ უკანასკნელის წარმომადგელობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი ი.გ–ო (მეორე მოპასუხე). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული დოკუმენტები შეიცავს ყველა იმ მონაცემს, რომელთა ერთობლიობაც ცხადყოფს, რომ მოპასუხე მხარემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ 8550 ლარის და 33750 ლარის გადახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში.

8.4. მენარდის მტკიცებით, აღნიშნული ინვოისები არ წარმოადგენს თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, რომლითაც პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდგომში თანხის გადახდისას.

8.5. სააპელაციო სასამართლომ ნარდობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე მიუთითა, რომლის თანახმად აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ დამკვეთთა ჯგუფს უნდა გადაეხდა ავანსი ხელშეკრულების მე-2 დანართში მითითებული ოდენობით და მათ მიერ გადასახდელი თანხის პროპორციულად. კერძოდ „დამკვეთთა ჯგუფის“ თითოეული წევრი -„დამკვეთი“ გადაიხდის დანართი №2-ით განსაზღვრული თანხის 1/6 ნაწილს. იმავე ხელშეკრულების დანართი №2-ით (ტ. 1, ს.ფ. 29) განსაზღვრულია გადახდის კალენდარული გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს წინსწრებით და საბოლოოდ გადასახდელი თანხების გრაფიკს და მასში მითითებულია როგორც მთლიანი თანხა, ასევე - დამკვეთთა ჯგუფის თითოეული წევრის მიერ გადასახდელი თანხები. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულება მოიცავს მხარეთა რეკვიზიტებს, სადაც ასევე მითითებულია მენარდის საბანკო ანგარიში.

8.6. აპელანტის განმარტებით სამშენებლო ფართი მენარდისთვის გადაცემული იყო, რაც სადავოდ გახადა მოწინააღმდეგე მხარემ. გამომდინარე იქედან, რომ სამშენებლო ფართის გადაცემის ფაქტს აპელანტი უთითებს და სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენდა ამ ქმედების განხორციელება, მისი მტკიცების სფეროში შედიოდა დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რაც ვერ განახორციელა. საქმეში არ არის წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი, ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა დამკვეთთა ჯგუფის მიერ სამშენებლო ფართის გადაცემის და მენარდის მიერ მიღების ფაქტს. მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „დამკვეთთა ჯგუფს“ ნარდობის ხელშეკრულების 6.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია.

8.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულების 6.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეთა მიერ პირგასამტეხლოც კი არ ყოფილა გათვალისწინებული. ამაზე მიუთითებს ხელშეკრულების ის ნაწილი, სადაც მხარეთა მიერ შეთანხმებულია პირგასამტეხლო გარკვეული ვალდებულებების დარღვევისათვის. შესაბამისად მენარდეს, ამ შემთხვევაში პირველ მოპასუხეს არ წარმოშობია მოსარჩელის მიერ ავანსად გადახდილი თანხების - 8550 ლარის და 33 750 ლარის, პირგასამტეხლოს სახით დაკავების საფუძველი. ამ თანხების დაკავების უფლება პირველ მოპასუხეს არ გააჩნია მისთვის მიყენებული ზიანის საფუძვლითაც, ვაინაიდან ფაქტია, რომ ამ საფუძვლით მოპასუხე მოსარჩელეს საერთოდ არც შედავებია (იხ. შესაგებელი ს.ფ. 117-120) და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია 6.3.1 პუნქტის დარღვევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის დასადასტურებლად. სასამართლოს შეკითხვაზე: ჩატარებული იყო თუ არა რაიმე სახის სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ მათ მიერ შეძენილი იყო გარკვეული მასალები, რასაც აპელანტი არ დაეთანხმა (იხ. 25.02.2020 სხდომის ოქმი, 11:53:38 სთ.) და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომაც ვერ გაიზიარა ეს განმარტება, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

8.8. მიუხედავად პირველი მოპასუხის მტკიცებისა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება შეწყდა დამკვეთთა ჯგუფის მიერ ხელშეკრულების 6.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ვადამდე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ, მაგალითად, პირველმა მოპასუხემ წერილობით ან ზეპირად შეატყობინა დამკვეთთა ჯგუფს მათ მიერ 6.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის (ასევე ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის) შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მენარდის მტკიცება ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულება შეწყვეტილია 2015 წლის 25 ოქტომბერიდან, ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. ამრიგად, არ დასტურდებოდა დამკვეთთა ჯგუფის მიერ ხელშეკრულების 6.3.1 პუნქტის დარღვევით კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტიც.

8.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო ვალდებულების შემდგომი შეწყვეტა და შესრულების მიმღებს, ამ შემთხვევაში მენარდეს, არ ჰქონდა მიღებული შესრულების დატოვების სამართლებრივი საფუძველი. ეს დასკვნა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემადგენლობას იძლევა, რაც ამ ნაწილში თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლის სარჩელის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

8.10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ „დამკვეთთა ჯგუფმა“ არ შეასრულა 14.07.2015 წ. ნარდობის ხელშეკრულების 6.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მენარდისათვის არ გადაუცია სამშენებლო ფართი. ამის მიზეზად მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებდა სამშენებლო ფართის მეზობლად მცხოვრები პირების წინააღმდეგობაზე, რაც მესამე პირებმა დაადასტურეს პირველ ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, მენარდემ არ შაესრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა არ დგინდება მისი ბრალეულობა ხელშეკრულების დარღვევის მიმართ, ვინაიდან დამკვეთთა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო იმ პირობების შესრულება, რაც საჭირო იყო მენარდის მიერ სამუშაოების დასაწყებად. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ დგინდებოდა მენარდის ბრალეულობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში და შესაბამისად არ არსებობდა ამ მიზეზით მენარდისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის - პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

8.11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 463-ე, 464-ე მუხლებსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-3 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილების საფუძველზე განმარტა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ, თუმცა შესაძლოა დადგეს მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

8.12. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტისმტკიცება, კომპანიის დირექტორმა და პარტნიორმა მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების შესრულების ვადა დიდი ხნის ამოწურული იყო. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოებით და მტკიცებულებით არ დგინდება საწარმოს დირექტორის ან პარტნიორის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების, ან აპელანტისთვის სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენების ფაქტი. ასევე არ დგინდება ლოგიკური კავშირი მოპასუხეთა მიერ შეძენილ ქონებებსა და მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხებს შორის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ აპელანტის მოთხოვნა მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ უსაფუძვლო იყო.

9. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (შემკვეთებს) სამუშაოების შეუსრულებლობის გამო გადახდილი თანხა დაუბრუნა. მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები კომპანიის ინტერესებისათვის არ გამოიყენეს მეორე და მესამე მოპასუხეებმა, საზოგადოების საქმიანობას არ გაუძღვნენ სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. კასატორის განმარტებით, პირველმა და მეორე მოპასუხეებმა თანხა პირადი მიზნებისათვის გამოიყენეს და უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის, პირველ მოპასუხესთან ერთად, სოლიდარულად თანხის დაკისრებას შეეხება. ამასთან, მოსარჩელე არ ეთანხმება საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის შესახებ. .

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რასაც მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 ქვეპუნქტი ). საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ჩაითვლება შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა ან შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის გაფრთხილების შემდეგაც შეუსრულებლობა. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გულისხმობს მოვალის ბრალის არსებობას, რადგან ვადის გადაცილებად არ ჩაითვლება, თუკი ამაში მოვალეს ბრალი არ მიუძღვის. როცა მოვალე ასაბუთებს იმას, რომ ვადის გადაცილება მისი ბრალის გარეშე მოხდა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება სსკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით.

17. განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ იყო მენარდის ბრალით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპანიას შემკვეთმა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი არ გადასცა, სადაც სამუშაოები უნდა განეხორციელებინა მენარდეს. საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებას კასატორი ვერ ასაბუთებს, რის გამოც მისი პრეტენზია პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უარყოფილია.

18. საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის, პირველ მოპასუხესთან ერთად, სოლიდარულად თანხის დაკისრებას ეხება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა (1) ხელშეკრულებით, (2) კანონით ან (3) ვალდებულების საგნის განუყოფლობით (სსკ-ის 464-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში გამოვლენილი არ არის სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის პირველი და მესამე წინაპირობები, რასაც არც კასატორი აცხადებს. რაც შეეხება სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის მეორე საფუძველს საკასაციო სასამართლო ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას მოიხმობს, რომლის თანახმადაც „მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც არ დადგინდა მეორე მოპასუხის მიერ პასუხისმგებლობის აღება პირველი მოპასუხის ვალდებულების შესრულებაზე, სასამართლო გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძვლებს შეამოწმებს. სასამართლო ვალდებულია, სადავო შემთხვევის მარეგულირებელი მოთხოვნის ყველა საფუძველი გამოსაყენებელ ნორმათა უპირატესობის გათვალისწინებითა და მათი ერთგვარი რიგითობის მიხედვით შეამოწმოს“ (იხ: სუსგ №ას-201-201-2018, 8.10.2018წ., ასევე შდრ. სუსგ ას-877-825-2010, 28.12.2010წ.).

19. „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. ამდენად, კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლის წესს პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობისაგან ამ უკანასკნელის მიერ პასუხისმგებელობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, გამჭოლი პასუხისმგებლობა საგამონაკლისო, უკიდურესი ღონისძიებაა“ (იხ. სუსგ #ას-433-2020, 19.11.2020 წ.). ამგვარი პასუხისმგებლობის დადგენისათვის აუცილებელი მტკიცების ტვირთის რეალიზება მოსარჩელემ ვერ შეძლო, რამაც მისი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განაპირობა.

20.სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ჩ–ის უფლებამონაცვლე ტ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური